|
თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისის გრანდიოზულ პროექტზე საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართული, ისე უცხოური არქიტექტურული კომპანიები.
თიბისი ბანკის ახალი შენობა სულ მალე იქცევა საქართველოში ყველაზე დიდ ბიზნეს ცენტრად.
ახალი სათაო ოფისის ფასადის ესკიზურ პროექტზე და გენერალურ გეგმაზე კონკურსი თიბისი ბანკმა 10 ივნისს გამოაცხადა. საკონკურსო პროექტების მიღება გაგრძელდება 25 აგვისტომდე.
ეს არის ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობა ვაკე-საბურთალოს გზაზე (უნივერსიტეტის ქ.2), რომელიც რამდენიმე თვის წინ თიბისი ბანკმა, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში შეიძინა.
შენობის საერთო ფართი 33 ათასი კვ. მეტრია, ხოლო მთლიანი ტერიტორიის ფართი 43 ათასი კვ. მეტრი.
ამ მასშტაბის კონკურსი საქართველოში ბოლო 15 წლის მანძილზე არ ჩატარებულა.
უკვე ცნობილია, რომ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტი ქართული და 6 უცხოური არქიტექტურული კომპანია. გამარჯვებული კომპანიებისთვის საპრიზო ფონდი შეადგენს 100 000 ლარს, რომელიც გაიცემა სამ საუკეთესო საკონკურსო პროექტზე - პირველი ადგილი 50 000 ლარი, მეორე ადგილი 30 000 ლარი და მესამე ადგილი 20 000 ლარი.
კონკურსის შედეგები სექტემბერში გამოცხადდება. გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური, რომლის თავმჯდომარეც იქნება საერთაშორისო რანგის არქიტექტორი.
რეკონსტრუქციის შემდეგ ეს იქნება ბანკების დღეს არსებულ ოფისებს შორის ყველაზე დიდი ოფისი, ხოლო როგორც ბიზნეს ცენტრი - ასევე ყველაზე დიდი საქართველოს მასშტაბით.
|