|
თიბისი გალერეაში გაიმართა ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრის კონცერტი მსოფლიოში ცნობილი ბრაზილიელი დირიჟორის, ლავარდ სკოუ ლარსენის მონაწილეობით. კონცერტზე მოცარტისა და ჰაიდნის ნაწარმოებები შესრულდა.
საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი (ამჟამად ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრი) 1964 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე ის მართავს კონცერტებს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, მათ შორის კარნეგი ჰოლში (ნიუ-იორკი), ჩაიკოვსკის სახელობის დარბაზში (მოსკოვი), ქ. სიდნეის ოპერაში, ქ.მიუნჰენის ფილარმონიაში და ა.შ.
1990 წლიდან ორკესტრი დაფუძნდა გერმანიის ქალაქ ინგოლშტატში, სადაც ის 5 წლის განმავლობაში ლიანა ისაკაძესთან ერთად მოღვაწეობდა. ორკესტრთან ერთად სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ისეთი მსოფლიოში აღიარებული სოლისტები და მუსიკოსები, როგორებიც არიან რუდოლფ ბუჰბინდერი, ტაბეა ციმერმანი, ჰაინრიჰ შიფი, სერგეი ნაკარიაკოვი, ნატალია გუტმანი, ლიზა ბათიაშვილი, ფრანსუა ლელუ, კურტ მაზური და სხვები. 2011 წლიდან ორკესტრს დირიჟორობს ლავარდ სკოუ ლარსენი -მსოფლიოში აღიარებული ბრაზილიელი დირიჟორი, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა ევროპისა და ჩრდილო ამერიკის წამყვან სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან.
ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრის წევრებმა უკვე ჩაატარეს მასტერკლასები ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებისათვის. მასტერკლასების შემდეგ შეირჩა 3 საუკეთესო სტუდენტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს თიბისი გალერეაში გამართულ კონცერტში.
|