„წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს“- ბიზნეს დაჯილდოება 2025

28 მაი. 2025
ქავ

„თიბისის“ უკვე ტრადიციადქცეული ბიზნეს დაჯილდოება მეცხრე წელს ახალი ნომინაციით ხვდება. 2025 წლიდან 4000-ზე მეტ მონაწილესა და 500-მდე ბიზნესს „საუკეთესო ფრილანსერთა“ კოჰორტაც შეემატება.

კატეგორია „საუკეთესო ფრილანსერი“ იმ ახალ რეალობასა და გამოწვევას პასუხობს, რომელიც მთელ მსოფლიოში ბოლო წლებია დადგა.

სულ უფრო მეტი ადამიანი წყვეტს სტაბილურ ოფისურ საქმიანობას და ირჩევს დამოუკიდებელ (ზოგჯერ მოუქნელ) გზასაც, სადაც საკუთარი დროის, ენერგიისა და პროფესიული განვითარების მართვა თავად შეუძლია. ამიტომ დიდი ხანია, ფრილანსინგი აღარ განიხილება როგორც შუალედური ეტაპი ან დამატებითი შემოსავლის წყარო.

მნიშვნელობა არ აქვს არქიტექტორი ხარ, მარკეტერი, ქოფირაითერი თუ ოთხფეხა მეგობრების ქოუჩი, სახლიდან ეხმარები კომპანიებს, თუ coworking-ის უფასო ყავა გაძლევს დღის ენერგიას ... მთავარია შენი საქმის პროფესიონალი იყო.

საუკეთესო ფრილანსერის შეფასების კრიტერიუმებია:

ღირებულების შექმნა

პირველ რიგში, ჟიურის მთავარი ფოკუსია იმაზე, ქმნის თუ არა ფრილანსერი რეალურ ღირებულებას. ეს შეიძლება იყოს ფინანსური ეფექტი, ბრენდის განვითარება ან სერვისის ხარისხის გაუმჯობესება.

“ზოგჯერ არიან კანდიდატები, რომლებიც ძალიან ღირებულს ქმნიან, მაგრამ ამას აპლიკაციის შევსებისას კარგად ვერ წარმოაჩენენ.”-ამბობს მარკეტერი აკო ახალაია, რომელიც მეცხრე წელია ჟიურის წევრია. “ეცადეთ მოყვეთ, თქვენი საქმიანობის შესახებ, კარგად აღწეროთ რა სიკეთეს ქმნით, სთხოვეთ სხვასაც დახმარება, რომ

სწორი კუთხით წარმოგაჩინონ. ჟიური გრძნობს, როდესაც ადამიანი აპლიკაციას პასუხისმგებლობით უდგება და გულგრილად არ ეკიდება”- გვიხსნის აკო.

ფრილანსერად მუშაობის უწყვეტი გამოცდილება

ორგანიზატორების თქმით, ნომინაციამ ის ადამიანები უნდა გამოავლინოს, რომლებიც ფრილანსინგ კულტურას უწევენ პოპულარიზაციას.

აპლიკანტს მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს სხვადასხვა კომპანიებთან. ნომინაცია მოიაზრებს იმ ფრილანსერებს, რომელთათვისაც ეს საქმიანობა ძირითადი შემოსავლის წყაროა და არა ჰობი ან პარალელური პროექტი.

განსხვავებულ ინდუსტრიებთან მუშაობის გამოცდილება

თუ ფრილანსერს შეუძლია სხვადასხვა სფეროში კლიენტებთან მუშაობა და იქაც ქმნის ღირებულებას, ეს აპლიკანტს უპირატესობას აძლევს.

ჟიური კანდიდატებს აფასებს 10-ქულიანი სისტემით თითოეული კრიტერიუმის მიხედვით. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტის ისტორია დასაბუთებული იყოს.

აღიარება და მიღწევები

ეს შეიძლება იყოს გამოქვეყნებული ნამუშევარი, კლიენტის რევიუ, ონლაინ გამოხმაურება, კოლაბორაცია ცნობილ კომპანიასთან. ყველაფერი, რაც ფრილანსერის შრომას თვალსაჩინოდ წარმოაჩენს.

“ჟიურის წევრების მრავალფეროვანი ბექგრაუნდი კი ნამდვილად არის იმის პირობა, რომ თითოეული აპლიკანტი ობიექტურად შეფასდეს. ნომინაციაში გამარჯვებული ადამიანი ყველასთვის მისაბაძი უნდა იყოს და მისთვის “საუკეთესო ფრილანსერის” სტატუსის მინიჭება კითხვებსაც არ უნდა იწვევდეს.”-ამბობს აკო ახალაია.

საკუთარი ისტორიის მოსაყოლად დრო 15 ივნისამდე გაქვს და შენი მაგალითი სხვებისთვისაც შეიძლება გახდეს შთამაგონებელი. „წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს“.

28 მაი. 2025