მაშინ, როცა მომავლის გჯერა - ქართველი მოსწავლეების პირველი ნაბიჯი AI სამყაროში

29 მაი. 2025
GAIA Banner

სამყაროს სულ უფრო მეტად ცვლის AI ტექნოლოგიები, ახალი თაობა კი სწორედ ის თაობაა, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს უნარი, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მარტივად და სწრაფად აითვისოს და სხვადასხვა სფეროში დანერგოს.

სწორედ ამიტომ, 60-ზე მეტი ქვეყნის გუნდთან ერთად, წელს  პირველად, GAIA-ს ინიციატივით, ქართველი მოსწავლეებიც ემზადებიან ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადისთვის. 

ყოველი კოდის უკან, რომელსაც ეს ადამიანები წერენ და ყოველი ამოცანის უკან, რომელსაც ისინი ხსნიან,  არა მარტო ცოდნა და ტექნიკური უნარები დგას, არამედ რწმენაც - რწმენა საკუთარ თავში და შესაძლებლობებში.

ამ საინტერესო თავგადასავალს და მოგზაურობას მხარს თიბისი უჭერს, რომელსაც თავად ყველაზე მეტად სჯერა ახალი იდეების, აღმოჩენების, საინტერესო ადამიანებისა და მომავალი თაობის, რომელიც ხვალინდელ დღეს ქმნის და ცოდნას ყველზე დიდ შესაძლებლობად აქცევს.

IX-XII კლასების მოსწავლეებმა ეროვნული ნაკრების შესარჩევი, შიდა ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი კურსი უკვე გაიარეს და სულ მალე გაიგებენ, რა შემადგენლობა გაემგზავრება აგვისტოში, პეკინში საერთაშორისო ოლიმპიადაზე.

“სულ მაინტერესებდა მათემატიკია და ფიზიკა. სწავლის პარალელურად კი - ელექტრული ინჟინერია და პროგრამირება. პროგრამირების შესწავლისას მქონდა პირველი შეხება ხელოვნურ ინტელექტთან, რაც დღეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი გატაცებაა. ჩემი აზრით, ხელოვნური ინტელექტი მომავალში ყველა სფეროში იქნება ინტეგრირებული და საგრძნობლად გაგვიმარტივებს ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. მჯერა, რომ ჩვენს თაობას შრომით, შემართებითა და მოტივაციით, ნებისმიერ სფეროში შეგვიძლია ჩვენი დასახული მიზნების მიღწევა”, - ნიკოლოზ გეგენავა, კურსის მონაწილე.

“სანამ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ოლიმპიადების შესახებ გავიგებდი, მანამდე თითქმის 2 წელი ვსწავლობდი AI-ს და რამდენიმე პროექტიც მქონდა უკვე აწყობილი. მაინტერესებს, რამდენად დავაგროვე ის ცოდნა და უნარები, რომლებიც ოლიმპიადაზე გამომადგება. პირველი რამდენიმე ლექცია სავსე იყო მათემატიკური ფორმულებით და უცნაური დიაგრამებით. თუ რაიმე ფორმულას თავიდანვე ვერ იგებ სრულყოფილად, სულაც არ ნიშნავს, რომ ნიჭი არ გაქვს, ან საკმარისად ჭკვიანი არ ხარ. რამდენად რთულიც არ უნდა ჩანდეს ნებისმიერი თემა, მჯერა, რომ თუ არ დანებდები და ჩაუღრმავდები, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამარტივდება და გასაგები გახდება”, - ნიკა ყიფშიძე, კურსის მონაწილე.

“2023 წელს თიბისიში მონაცემთა მეცნიერების გუნდში გავიარე სტაჟირება - ამ დროს პირველად დავინტერესდი ხელოვნური ინტელექტით, რაც მალე ჩემს მთავარ ინტერესად იქცა. ვმუშაობ პროექტებზე, რომლებიც რეალურ გამოწვევებს აგვარებს. მონაწილეობას ვიღებ ოლიმპიადებსა და ტურნირებში, რაც მეხმარება, რომ საკუთარი თავი გამოვცადო და სხვებსაც შევადარო. მჯერა, რომ ტექნოლოგიები მხოლოდ მომავლის ნაწილი კი არა, ის სფეროა, რომელიც დღეს მეხმარება აზროვნებაში, განვითარებაში და ჩემი მიზნების მიღწევაში”, - გიგი მოლაშხია, კურსის მონაწილე.

“ბავშვობიდანვე მომწონდა მექანიკა, ტექნიკა და ყველაფერი რაც მოძრაობს თუ მუშაობს - ასე მივედი ინჟინერიამდე. მაქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო ოლიმპიადა იქნება დაუვიწყარი გამოცდილება - შეხვედრები ახალი ადამიანებთან, ინოვაციური იდეების გაცვლა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა. მინდა, ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინო და სხვებისგანაც ვისწავლო. მჯერა, რომ მომავალი იქნება უფრო ჭკვიანი, სწრაფი და პერსონალიზებული. ეთიკის ფარგლებში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტი იქნება როგორც მრჩეველი, ისე დამხმარე - გადაარჩენს არაერთ სიცოცხლეს, გაამარტივებს სწავლებას და შეცვლის იმაზე მეტს, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია”, - ალექსანდრე თედიაშვილი, კურსის მონაწილე.

GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის წევრები სასწავლო კურსის მენტორები იყვნენ და სამი თვის მანძილზე მონაწილეებს პრაქტიკული ცოდნის მიღებაში ეხმარებოდნენ. 

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა მონაწილეებს საშუალებას მისცემს გამოავლინონ და გაიუმჯობესონ ცოდნა და უნარები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და ახლებურად გადაწყვიტონ პრობლემები. 

29 მაი. 2025