globe-outlined
EN
Dark Mode

რატომ უნდა ვიცოდეთ ისტორია ?

Jul 1, 2025
blogimage

ინტერვიუ „მწარე პოდკასტის“ დამფუძნებელ, ისტორიკოს, ნიკა ხოფერიასთან.

ისტორია, როგორც მეხსიერების შენახვისა და იდენტობის გამოხატვის ძირითადი მარკერი, უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. მისი შესწავლით დაკავებული ადამიანები კი გადიან იმ საინტერესო გზას, რომელზეც აუცილებლად უნდა მოვყვეთ.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ნიკა ხოფერიაა, „მწარე პოდკასტის“ დამფუძნებელი. ნიკა თავად ისტორიკოსია, შესაბამისად, „მწარე პოდკასტიც“ ისტორიული ხასიათისაა და ყველა იმ ადამიანისთვის ჟღერს, რომლებისთვისაც მსოფლიოს წარსულში ჩაძირვა დიდი სიამოვნებაა. ნიკა GIPA-ს ასისტენტ პროფესორია სამართლისა და პოლიტიკის სკოლაში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, ხოლო ილიაუნიში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევრის პოზიციასაც ითავსებს. როგორც თავად აღნიშნავს, მედიევალისტი და გვიანანტიკური ხანის (IV-VI სს.) მკვლევარია, სამეცნიერო სტატიებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს „გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია“ 2 ტომად. ინტერვიუს დროს გვესაუბრა ისტორიაში მისთვის განსაკუთრებით საინტერესო პერიოდზეც:

„განსაკუთრებით მაინტერესებს ნაპოლეონის ომები და მაქვს გამოქვეყნებული რამდენიმე წიგნი ალექსანდრე მიქაბერიძესთან ერთად: „ნაპოლეონის მარშლები“, „რუსტამ რაზას მემუარები“ და „ნაპოლეონი 51 კითხვა და ამდენივე პასუხი“. ამის გარდა, გვაქვს პოდკასტი „საუბრები ნაპოლეონზე“, რომელიც „მწარე პოდკასტამდე“ გავაკეთეთ. სწორედ მანდ მივიღე გამოცდილება, რომელიც დამეხმარა, მწარე პოდკასტი გამეკეთებინა.“

ნიკასთვის სამხედრო ისტორიის კვლევა, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, „საქართველოში შედარებით ახალია“, ძალიან მნიშვნელოვანია და პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ისტორიასთან კავშირით, გვეხმარება დავადგინოთ და დავაზუსტოთ ისტორიის მრავალი საკვანძო დეტალი. სამხედრო ისტორიის კვლევა წყაროების კრიტიკული ანალიზით ხდება და მასში ყველაზე მნიშვნელოვანი, ასევე ყველაზე მოსაწყენი, მომარაგების კვლევის ნაწილია, რადგან მათი არასწორი ცოდნა აჩენს მცდარ წარმოდგენებს ჯარების რიცხოვნობასა თუ ომების მასშტაბებზე.

სამხედრო ისტორიკოსისთვის უფრო მნიშვნელოვანია არა მემატიანეებისგან გამოგონილი სიტყვების კონსტატაცია, რომლითაც სარდლებმა ჯარს მიმართეს ბრძოლის წინ, არამედ ის, თუ როგორ მივიდნენ ბრძოლის ველამდე ამ სარდლის ჯარები, რა პოტენციალი, აღჭურვილობა გააჩნდათ და რამდენი ხანი შეეძლოთ იარაღქვეშ ამ მეომრების შენარჩუნება.“

ნიკა აღნიშნავს, რომ ისტორიის გასაგებად აუცილებელია ლოგიკური აზროვნება, რომელიც ისტორიის მიმართ ზედაპირული მიდგომით არ იბადება. შესაბამისად, მისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც „ისტორიკოსს“ უწოდებენ. მისთვის მიუღებელია საქართველოში გავრცელებული სტერეოტიპი, რომ ისტორიკოსმა ყველაფერზე უნდა ისაუბროს, მისი აზრით, ისტორია უზარმაზარი სფეროა, კონკრეტული ისტორიკოსი კი - კონკრეტული თემის სპეციალისტი:

„ძალიან ზერელე დამოკიდებულებაა, როდესაც მედიევალისტს მთხოვ ვილაპარაკო მაგალითად 9 აპრილის მოვლენებზე. ენდოკრინოლოგს ხომ არ ეტყვი რომ გულის ოპერაცია გააკეთოს. ისტორიული ინფორმაცია იმდენად დიდია, სპეციალისტები არჩევენ კონკრეტულ თემებს, პერიოდებს, რათა შედარებით დეტალურად გაეცნონ მოვლენებს, ვინაიდან, სრულად ამის გაკეთება უბრალოდ წარმოუდგენელია.“

ნიკა აღნიშნავს, რომ, საქართველოში ისტორიის მიმართ დიდი სიყვარულის მიუხედავად, ადამიანებმა არ იციან ის, ამაში კი ისტორიკოსებს დიდი წვლილი მიუძღვით. ისტორიკოსებს, რომლებიც აზვიადებენ მოვლენებს, თავს არიდებენ მათ კრიტიკულ ანალიზს და აუდიტორიის ყურადღების მისაქცევად მანიპულირებენ ისტორიით.

„ისტორიაში ყველაფრის მცოდნე, არაფრის მცოდნეს ნიშნავს.“

ისტორიის ამგვარი გაგება, ნიკას აზრით, მეცნიერებას მნიშვნელობას უკარგავს. განსაკუთრებით მიუღებელია მისთვის ისტორიის, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება. იმის თქმა, რასაც გთხოვენ და არა იმის, რასაც კვლევის დროს კრიტიკული ანალიზის შედეგად მიიღებ.

„თუ მეცნიერი ხარ,უნდა ემსახურო მეცნიერებას და არა იდეოლოგიას, ისტორიას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებაზე და არ შეიძლება არასწორი წარმოდგენების შექმნა, ხალხის გამიზნულად მოტყუება.“

ინტერვიუს დროს ნიკა ისტორიის მუდმივ ცვალებადობასაც შეეხო. აღნიშნა, რომ, იმის მიუხედავად, ბევრი წარსულის გამოცდილება თანამედროვეობაში რელევანტურად გვეჩვენება, „ისტორია ზუსტად არასდროს მეორდება“. არა თუ მეორდება, არამედ ისტორიის მუდმივობის განცდა სრულიად მოჩვენებითია:

„ჩვენ, ისევე როგორც ბერძნები, სომხები, ირანელები და სხვა ხალხები, ვართ ძალიან ძველი ცივილიზაცია, სამიათასწლოვანი. თუმცა, სამიათას წელზე მეტი არსებობდა ძველი ეგვიპტეც, რომელიც უკვე მრავალი საუკუნეა, აღარ არსებობს, შესაბამისად, მუდმივი არაფერია და რა მოხდება, რომელი ერი გაქრება ან ვინ სად დასახლდება, როგორ განვითარდება მომავალში, არავინ არ იცის.“ - ისტორიის ხიბლიც შეიძლება სწორედ ეს არის, არაპროგნოზირებადის პროგნოზირების მუდმივი მცდელობა და დაუღალავი კვლევის პროცესი. სწორედ ამიტომ, ნიკას აზრით, ისტორიკოსისთვის მნიშნელოვანი უნდა იყოს, რომ რეალური ამბავი მოჰყვეს, შესაბამისად, იმ მოვლენაზე საუბარი, რომელიც სიღრმისეულად არ გაქვს შესწავლილი, აზრს კარგავს. რადგან ისტორიის უმთავრესი ღირებულება ხომ ფაქტების ავთენტური, რეალური სახით გადმოცემაა და ის აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს:

„ერთხელ შემომთავაზეს მსოფლიოს დიდ ბრძოლებზე ესპანურიდან ნათარგმ წიგნში ჩამემატებინა თავი დიდგორის ბრძოლაზე, მაგრამ სურდათ უბრალოდ ყველაზე გავრცელებული ვერსია, რომელიც შოთა მესხიას ეკუთვნის, გადმომეწერა. არც ანალიზი, არც კრიტიკა, არც სიახლის შემოტანის მცდელობა. მაშინ როცა, ჩვენ ისიც არ ვიცით, ზუსტად სად მოხდა დიდგორის ბრძოლა ან როგორ წარიმართა, ვინაიდან, სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსიები გვაქვს ისტორიული წყაროებიდან. როდესაც მკვლევარი ხარ და იცი რომ რაღაცის დაზუსტებით თქმა არ შეგიძლია, ძალიან ძნელია დაბეჯითებით ამტკიცო ერთი ვერსია, ამბის გამარტივების მიზნით, როგორც ეს პოპულარულ ისტორიაშია საჭირო.“

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ინტერვიუს დროს ნიკამ ასევე გამიჯნა პიროვნებისა თუ ეპოქის ისტორიული და ემოციური ანალიზი. როგორც თავად აღნიშნა, მას ძალიან აინტერესებს ნაპოლეონის ეპოქა და აქტიურად იკვლევს მის პიროვნებას, ეპოქის ისტორიას. თუმცა, ეს არ გულისხმობს ნაპოლეონის იდეალიზებას და „გაკერპებას“. რადგან, ისტორიაში ისეთი დიდი ფიგურის შესწავლა როგორიც ნაპოლეონია, მოითხოვს კრიტიკული შეკითხვების დასმას და ანალიზისას ემოციური ფონის მაქსიმალურ დათრგუნვას.

თუმცა, ერთია ისტორიის სწორი ასახვა, ხოლო მეორე მისი ადეკვატური აღქმა. ნიკამ ინტერვიუს დროს ისტორიის სწორი აღქმისთვის რამდენიმე რჩევა გაგვანდო, რომელიც ისტორიით დაინტერესებულმა ადამიანებმა უნდა გავითვალისწინოთ:

„ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ლიტერატურის წაკითხვა, რომელშიც კვლევის და კრიტიკული ანალიზის მცდელობაა. მაგალითად, სამხედრო ისტორიკოსი მამუკა წურწუმიას წიგნი „შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი“, რომელიც ამ საკითხზე პირველი, ფუნდამენტური ნაშრომია საქართველოს ისტორიაში; მოგვითხრობს არმიის კომპლექტაციაზე, შეიარაღებაზე, ლოგისტიკის კომპლექსურობაზე, საალყო ტექნიკაზე, კომუნიკაციებსა და გადაადგილებაზე. ეს ყველაფერი, აქამდე, ძალზე აკლდა ქართულ ისტორიოგრაფიას.

იმის მიუხედავად, რომ, ნიკას აზრით, 21-ე საუკუნეში მაღალი ხარისხის ანალიტიკური ლიტერატურა საკმაოდ ხელმისაწვდომი გახდა, გამოიკვეთა უხარისხო ინფორმაციის მასობრივი გავრცელების პრობლემა. სწორედ ამას გულისხმობს ნიკა, როდესაც ამბობს:

„ჩვენ გვჭირდება ლიტერატურა, რომელიც გვასწავლის აზროვნებას და არაა უბრალოდ ფაქტების კრებული.“

ნიკას საუბრიდან მივხვდით, რომ ყველა ისტორია ყოველ ეპოქაში ახლებურად ცოცხლდება, რომ ნებისმიერ მოვლენაზე საუბრისას საჭიროა არა თანამედროვე პერსპექტივიდან, არამედ წარსულის ობიექტივიდან მისი აღქმა. შესაბამისად, ისტორიულ ნაშრომებს მრავალწახნაგოვანი გამოყენება აქვთ და შეიძლება იმაზე მეტი ინფორმაცია მოგვცენ ეპოქაზე, ვიდრე ის ერთი შეხედვით ჩანს.

„მაგალითად, ჯუანშერის „ვახტანგ გორგასლის ცხოვრება“ , ჯერ კიდევ ჯავახიშვილმა თქვა, რომ დიდწილად გამოუსადეგარია ვახტანგის ისტორიის შესასწავლად, თუმცა, შეიძლება სხვა თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, დაგვანახოს, რა ინფორმაციას ფლობდა მისი ავტორი, წერის როგორი სტილი ჰქონდა, რა იყო მის დროს აქტუალური და მნიშვნელოვანი, რა ტერმინებს იყენებდა, რომელი პოლიტიკური ნარატივებია იმ პერიოდში საკვანძო. ასევე, მაგალითად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრება“ არის იდეოლოგიური დოკუმენტი, რომელიც საჭირო იყო გაერთიანებული საქართველოსთვის.“

ისტორიის მცდარი ანალიზის პრობლემის გადაჭრის გზა ნიკამ „მწარე პოდკასტის“ შექმნაში იპოვა, რითაც შექმნა პლატფორმა, სადაც ისტორიით დაინტერესებული ადამიანები სანდო წყაროებიდან არა, ძირითადად, რომანტიზებულ ან გამოგონილ, არამედ რეალურ ამბებს მოისმენდნენ. ინტერვიუს დროს ნიკამ „მწარე პოდკასტის“ შექმნის ეტაპებზეც ისაუბრა:

„გამოჩნდა სურვილი, რომ ფართო აუდიტორიას ვუთხრათ - ისტორია ძალიან საინტერესოა და მას არ ჭირდება 700 კილოგრამიანი ხმლებისა და მილიონიანი არმიების გამოგონება. მე მქონდა სურვილი, მეჩვენებინა რა არის აკადემიური ისტორია. დამემსხვრია არასწორი სტერეოტიპები და მიმეცა ადამიანებისთვის მოტივაცია, რომ გაეაზრებინათ ისტორიული პროცესები. პოდკასტში, როდესაც ვყვები, მაგალითად, გორგასალზე ან აღმაშენებელზე, თან ვაკეთებ წყაროების ანალიზს, რომელია სანდო, რომელს რა პრობლემა აქვს და როგორ გავაანალიზოთ ამ წყაროებით რეალურად რა მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ ისტორია დაცლილი იყოს პოლიტიკური კორექტულობისგან და მაამებლობისგან. მე მინდოდა, რომ ჩემს პოდკასტში არა პოპულისტური, არამედ აკადემიური ისტორია მომეყოლა“

შესაბამისად, „მწარე პოდკასტი“ ადამიანებისთვის ერთგვარ ფილტრს ქმნის იმ მცდარი ისტორიის წინააღმდეგ, რომელიც სხვადასხვა სახით შემოხვეულია ქართულ ყოველდღიურ ცხოვრებას. „მწარე პოდკასტი“ არის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ ისტორიის უკეთ გააზრება, საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, არგუმენტირებული მსჯელობის შესაძლებლობა.

„ჩემთან ვინც მოდის სტუმარი, ყველა არის ისეთი, რომელსაც ნამუშევარი აქვს ჩვენს სასაუბრო თემაზე და მასზე წარმოდგენა მხოლოდ ერთი სტატიის ან წიგნის წაკითხვით არ აქვს. ამ პოდკასტში თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსები და შეგიძლიათ ნახოთ, თუ რას აკეთებენ დღეს მეცნიერებაში."

ინტერვიუს დროს ნიკამ მისი საყვარელი ეპიზოდებიც გაგვანდო. ასეთია 25-ე ეპიზოდი, სადაც სამხედრო ისტორიკოსი მამუკა წურწუმია სრულყოფილად ხსნის ლოგისტიკის იმ ნიუანსებს, რომელიც, ნიკას აზრით, „საერთოდ ახალ საკითხებზე გვაფიქრებს“. ამ ეპიზოდით მსმენელი ისტორიულ აზროვნებას ისწავლის. მეორე ეპიზოდი, რომელსაც ნიკა ასევე გამოარჩევს არის ისტორია vs სადუნ მანკაბერდელი“, რომელიც ისტორიის სწორხაზოვან ხედვასთან დაპირისპირების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია:

„სადუნ მანკაბერდელი არის მე-13 საუკუნის ფეოდალი, რომელიც მონღოლების პერიოდში დაწინაურდა და განხილულია, როგორც ძალიან ნეგატიური ფიგურა. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის, სინამდვილეში, ის თავისი ეპოქის ძალზე საინტერესო ისტორიული პირია, რომელიც თანადროულ რეალიებს კარგად ერგება. ამ ეპიზოდის მთავარი მიზანი იყო არა ის რომ გაგვეკეთილშობილებინა ნეგატიურად აღქმული ფიგურა, არამედ გვეჩვენებინა, რომ ისტორია ერთგვაროვანი არ არის და წყაროების ინტერპრეტაცია და ანალიზია საჭირო.”

მესამე, ასევე ნიკასთვის საყვარელი ეპიზოდია,რამ გამოიწვია ჯვაროსნული ომები“, რომელიც ამ ისტორიული მოვლენის პრიმიტულ შეფასებას (რომის პაპისა და ევროპელი მმართველების გამდიდრების სურვილი) ცდება და ჯვაროსნული მოძრაობის უფრო ღრმა საფუძველს გვაცნობს, გვასწავლის, როგორ უნდა შევაფასოთ ამ პერიოდის ისტორიული მოვლენები.

და ბოლოს, ნიკა გამოარჩევს ერთ-ერთ ახალ ეპიზოდს - „სულხან საბა ორბელიანის ელჩობა ევროპაში, სადაც განიხილება ერთ-ერთი ყველაზე სტერეოტიპულად აღქმული საქართველოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი ამბავი. ამ ეპიზოდით მსმენლისთვის უამრავ საიდუმლოს აეხდება ფარდა: „რა იყო სულხან-საბას მოლოდინები, როგორ მოხდა რეალურად მისი ვიზიტები რომის პაპთან და ლუი მეთოთხმეტესთან, როგორი პოლიტიკური ვითარება იყო იმ დროს, როგორი აღქმა ქონდათ ევროპელებს და ქართველებს იმ პერიოდში.“

ნიკა ხოფერიას ეს ინტერვიუ დამაფიქრებელი აღმოჩნდება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს ან ოდესმე მაინც ინტერესდებოდა მოსმენილი ისტორიული მოვლენების რეალურობით. „მწარე პოდკასტი“ სწორედ ამ ადამიანებისთვის შექმნილი პლატფორმაა და მისი საინტერესო ეპიზოდები გვაძლევს ნებისმიერი ისტორიული მოვლენის სწორი აღქმისთვის საჭირო გასაღებებს.

Jul 1, 2025