globe-outlined
EN
Dark Mode

გიორგი მანდარიას ისტორია - როცა მიზნის ჯიუტად გჯერა

May 7, 2026
Blog cover

ისტორია ლეჩხუმიდან იწყება - მაშინ, როდესაც მათემატიკაზე და ამოცანების ამოხსნაზე შეყვარებული 12 წლის ბიჭი, მშობლიური მხარიდან ქუთაისში, ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად ჩადის. 1985 წელს კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათემატიკის ფაკულტეტს ამთავრებს. 

იმ რეალობაში, როდესაც ქვეყანაში სულ რამდენიმე კომპიუტერი არსებობდა, ისტორიის მთავარი გმირი - გიორგი მანდარია, პროგრამისტობას ირჩევს და მაშინდელ უმაღლესი განათლების სამინისტროში, გამოთვლით ცენტრში პროგრამისტად იწყებს მუშაობას. 

“ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობა მინდოდა. სკოლებიდან ვარჩევდით ასეთ ბავშვებს და პროგრამირებას ვასწავლიდით. თავიდანვე მქონდა მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი განათლებული ახალგაზრდა ჰყოლოდა საქართველოს. ”

ტექნოლოგიების განვითარებასთნ ერთდ, ამ მიმართულებით, ოლიმპიადებიც გაჩნდა. 1988 წლიდან საქართველო საბჭოთა კავშირის ინფორმატიკის ოლიმპიადებში ჩაერთო და ასე აიღო სტარტი ოლიმპიადების საერთაშორისო ასპარეზზე.

ჯერ კიდევ 27 წლის გოჩა მანდარია საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელი გახდა და 1990 წელს მისი ხელმძღვანელობით, ნაკრები პირველად წავიდა ხარკოვში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე, საიდანაც პირველი ქართველი მედალოსანი, გიორგი დათუაშვილი - ვერცხლის მედლით, ნაკრები კი ჯამში 3 მედლით დაბრუნდა უკან. ამის შემდეგ, გიორგიმ მინსკში, მსოფლიოს რიგით მეორე ოლიმპიადაზე იმ რეალობისთვის წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია - საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვდა და ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. 

საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პირველი ოქროს მედლის შემდეგ, მალევე საბჭოთა კავშირი დაინგრა და მსოფლიო ოლიმპიადიამ ქართველი მონაწილეების გარშე განაგრძო სვლა. 

ამ დროს, შიდა ოლიმპიადების როგორც შინაარსობრივი, ისე ორგანიზაციული საკითხები სრულად გიორგი მანდარიას საზრუნავი გახდა, იმიტომ რომ ქვეყანაში სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვის იყო ახალი თაობა და ოლიმპიადები პრიორიტეტული თემა.  

“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რამდენიმე წელი საერთაშორისო ოლიმპიადებში აღარ მიგვიღია მონაწილეობა. ქვეყანაში წყალი, დენი და ფული არ იყო, მაგრამ მე მაინც მჯეროდა ჩემი საქმის და ჯიუტად ვაგრძელებდი არჩეულ გზას. არასდროს შემიცვლია აზრი და რწმენა, რომ მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები გადაარჩენდნენ ჩვენს ქვეყანას.” 

ერთ დღესაც, 1995 წელს, მსოფლიო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში წერილი გაგზავნა. 1996 წელს უნგრეთში რიგით მერვე მსოფლიო ოლიმპიადა ტარდებოდა და უკვე როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, საქართველო ოლიმპიადაზე მიიწვიეს. 

“უნგრეთში ჟიურიში რომ დავჯექი და ამოცანებს ჩავხედე, მივხვდი, რომ ჩვენ ამ წლებში ძალიან ჩამოვრჩით, მაშინ როდესაც მსოფლიო და ინფორმატიკა, წინ წასულიყო. კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან დისკეტებით მასალები გამოვაგზავნინე, დავამუშავე და წიგნი შევკარი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ინფორმატიკის ოლიმპიადების ამოცანებს, გარჩევებსა და ამოხსნებს აერთიანებდა.”

ამასობაში, 1997 წლიდან არეალი გაფართოვდა - გამორჩეული ახალგაზრდების ჯგუფების შექმნა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურმა სკოლამაც დაიწყო.

დიდი პაუზის შემდეგ, 2000 წელს საქართველო ჩინეთში, მსოფლიო ოლიმპიადაზე წარსდგა, სადაც 4 წლიანი ჩავარდნის შემდეგ, არჩილ ცისკარიძემ ვერცხლის მედალი აიღო. ამის შემდეგ, საქართელო არც ერთი ოლიმპიადიდან აღარ დაბრუნებულა მედლის გარეშე. 

ბიუროკრატია, ფინანსური ბარიერები, მხარდაჭერაზე არაერთზგის ნათქვამი უარი - გამოწვევა სხვადასხვა შინაარსის და ძალიან ბევრი იყო, თუმცა გიორგი მანდარია ჯიუტად, ყველა სიტუაციიდან ახერხებდა გამოსავლის პოვნას. 

“ყველა ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე, ურთულეს გზას გავდიოდი. ჯერ თვითონ ქვეყნებს და მათ კომიტეტებს ვაიძულებდი, რომ მივეწვიეთ. შემდეგ, ნაკრების მომზადების და დაფინანსებაზე ზრუნვის დრო დგებოდა. როცა კერძო სექტორში პატარა კომპანიები გაჩნდა, მახსოვს, ერთხელ ინტერნეტიდან ათობით კომპანიის მისამართი ამოვწერე, სიცხეში ფეხით მოვირბინე და არც ერთმა არ დამაფინანსა. თუმცა, ამ გზაზე გულშემატკივრები მაინც ჩნდებოდნენ და არ მტოვებდნენ. იმ დროს, ჩემი ხელფასი 60 ლარი იყო. მთელი დღე ვამეცადინებდი ბავშვებს და ჩემი ხარჯით ვყიდულობდი პურს და ყველს, რომ დღის განმავლობაში, ენერგიისთვის საკვები მიეღოთ. ბევრი ამბობდა - გოჩა არაპრაქტიკული კაცი გამოდგა, გადაყვა ოლიმპიადებსო. მე კიდევ ვერ ვეშვებოდი ამ საქმეს.”

2010 წელს საქართველომ, როგორც უკვე დამოუკიდებელმა ქვეყანამ, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიო ოლიმპიადზე. 

“ოლიმპიადაზე ტაბლოზე ლაივ რეჟიმში უყურებ შედეგებს - როგორ ადის ან ჩადის შენი ბავშვი. მაგალითად, 2017 წელს, 15 წლის ბავშვებს შორის ევროპის ოლიმპიადაზე, 5 წუთი იყო დასრულებამდე დარჩენილი, როდესაც სრულიად მოულოდნელად, ჩვენმა ნიკა ბირკაძემ 60 ქულით ამოიწია მაღლა და ჩემპიონი გახდა.”

როგორც პატარა ასაკში თავადაც რეგიონიდან ჩამოსულისთვის, რეგიონის ახალგაზრდები და მათთვის შესაძლებლობების შექმნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, 2017 წელს ინფორმატიკის ოლიმპიადა - OLYINFO დააფუძნა მთელი საქართველოს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც პროგრამირება არ იციან, მაგრამ ლოგიკური აზროვნებით გამოირჩევიან. 

გიორგი მანდარიას ისტორია, სხვადასხვა თაობის მოსწავლეებთან ერთად, ჯამში 47 საერთშორისო ოლიმპიადას და 98 გამარჯვებას ითვლის. ამ ციფრების მიღმა წარმატების უნიკალური და შთამაგონებელი ისტორები დგას. ოლიმპიადების მონაწილეები დღეს ისეთ კორპორაციებში მუშაობენ, როგორებიცაა: Google, Meta, Microsoft, Dropbox, Palantir Technologies, Amazon…

“დღესაც არ ვიცი რა არ მაძლევდა დანებების საშუალებას. ახლაც ხშირად მათენდება თავზე საოლიმპიადო ამოცანების კეთებაში და პირდაპირ საწერი მაგიდიდან მივდივარ ხოლმე უნივერსიტეტში. როდესაც ბავშვები წარმატებით ირიცხებიან მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებლებში, ან უმსხვილეს კომპანიებში საქმდებიან, ვფიქრობ, რომ ეს ბოლო ნაკადია, ახალგაზრდები დაბინავდნენ და შევეშვები ამ საქმეს. მაგრამ, შემდეგ ისევ ჭკვიანი და ნიჭიერი თაობა მოდის და მასთან ერთად ფიქრი, რომ ჯერ კიდევ საჭირო ვარ.”

3 ათწლეულის წინ დაწყებულ საქმეს, დღეს გიორგი მანდარია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, თიბისის მხარდაჭერით აგრძელებს. 

BTU-მ საქართველოს ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი დააფუძნა, რომელიც საქართველოში არსებულ საოლიმპიადო ეკოსისტემას უკვე ერთი ცენტრის სახით აერთიანებს. ჰაბი საქართველოში მოსწავლეთა ოლიმპიადების ჩატარებას, ეროვნული ნაკრებების მომზადებასა და  საერთაშორისო ოლიმპიადებში მათ მონაწილეობას უზრუნველყოფს.

“მახსოვს, 27 წლის ასაკში, როდესაც განყოფილების ხელმძღვანელობა შემომთავაზეს, მკაფიოდ დავაფიქსირე, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევუერთდებოდი განყოფილებას, თუ ჩემი საქმე განათლებას და სწავლას შეეხებოდა. მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ეს ყველაზე საჭირო საქმეა და ამაზე ღირებულს ვერაფერს გავაკეთებდი ცხოვრებაში. ამიტომ, რომ მკითხოთ - განვლილი სირთულეების მიუხედავად, იგივე გზას ავირჩევდი თუ არა, ჩემი პასუხია, რომ - დიახ, აუცილებლად!”

May 7, 2026