globe-outlined
ქარ
Dark Mode

„დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმის ისტორიულ შენობებში

Mar 12, 2025
Artboard 46 copy 10-100

„დაფნა“, ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქის თავშეყრის ადგილად რჩება. აქ შეხვდებით მუდმივ მომხმარებლებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, სამეგობროებს, რომლებსაც უკვე ტრადიციად ექცათ დროის ამ კაფეში გატარება. ასე ვთქვათ, გარდა გემრიელი საჭმლის შეთავაზებისა, „დაფნა“ ქმნის სასიამოვნო და მყუდრო გარემოს.

ბუნებრივია, ამ ყველაფერს თან ერთვის ადგილმდებარეობა და ინტერიერიც — თბილისის ცენტრში, ისტორიულ შენობაში მდებარე კაფეს განსაკუთრებული ატმოსფერო გასდევს. თანაც, „დაფნაში“ შენარჩუნებულია ძველი ვიზუალური ესთეტიკა. „არ გვინდოდა, ახალაშენებულ ან უბრალო კორპუსში გაგვეხსნა კაფე. ისტორიულ მხარეს ძალიან დიდი ეფექტი და მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან კარგად ერგება „დაფნას“ კონცეფციას“, — განმარტავს ნიკოლოზ მამეიშვილი, „დაფნას“ დამფუძნებელი.

სწორედ ამ იდეას გაჰყვნენ და მივიდნენ ბათუმამდე, სადაც სულ ახლახან გაიხსნა „დაფნას“ ფილიალი. როგორც ნიკოლოზი ამბობს, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ეძებდნენ ისტორიული წარსულის მქონე შენობას და საბოლოოდ, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ცნობილი ბათუმელი ექიმის, პლატონ გიგინეიშვილის სახლს მიაგნეს. ალბათ, თბილისში ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვინც „დაფნას“ შესახებ არ იცის. ბათუმის ფილიალის გახსნით კი, ნიკოლოზს სურს, ცნობადობა ერთი ქალაქის საზღვრებს გასცდეს: „ამ ეტაპზე ბათუმის ფილიალს, ძირითადად, თბილისიდან ჩასული ერთგული მომხმარებლები სტუმრობენ, ვისთვისაც ჩვენი კაფე უკვე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. შესაბამისად, ახლა იმაზე ვმუშაობთ, რომ ადგილობრივ მომხმარებლებშიც გავითქვათ სახელი და არა მხოლოდ სეზონზე, არამედ მუდმივად მოთხოვნადები ვიყოთ ბათუმშიც“.

ნიკოლოზის თქმით, ეს ფილიალი თბილისის „დაფნაზე“ ბევრად საინტერესო ვიზუალით გამოირჩევა, თავისი დახვეწილი ინტერიერითა და ლამაზი შიდა ეზოთი. მენიუ კი ზუსტად პირვანდელის ანალოგია. „ბათუმის ფილიალის გახსნაში დიდი წვლილი შეიტანა თიბისიმ — ამდენწლიანი დადებითი თანამშრომლობის გამო, გადავწყვიტეთ, კვლავ მისთვის მიგვემართა და ამჯერადაც ნაყოფიერი გამოდგა ეს ნაბიჯი. თანაც, მთელი ამ წლების განმავლობაში, გარდა საბანკო მომსახურებისა, თიბისი დიდ როლს ასრულებს „დაფნას“ მარკეტინგულ ცნობადობაშიც — მაგალითად, ხშირად ვწერდით ვიდეობლოგებს, რაც კარგად აისახებოდა პიარზე“.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „დაფნა“ თბილისშიც აპირებს გაფართოებას — შესაბამისად, კვლავ საინტერესო კონცეფციისა და ესთეტიკურად მიმზიდველი სივრცის მოლოდინში ვართ.

Mar 12, 2025