თიბისი IT აკადემიის ერთ-ერთი მთავარი მისია ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მრავალფეროვნების ხელშეწყობა და ქალთა პროფესიული გაძლიერებაა. სწორედ ამ მიზნით, თიბისიმ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან პარტნიორობით, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით რამდენიმე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა.
ინიციატივა მიზნად ისახავდა საქართველოში ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებასა და მონაწილეების იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვას, რაც დღევანდელ ციფრულ სამყაროში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, Women in Cybersecurity (WiC) ინიციატივის ფარგლებში, ორი საკვანძო პროექტი განხორციელდა:
TBCxWIC – Cybersecurity & SOC Fundamentals: ეს იყო ინტენსიური ბუთქემფის ფორმატის ტრენინგი, რომელმაც 15 მონაწილეს საშუალება მისცა, სფეროს წამყვან ექსპერტებთან ერთად მიეღოთ როგორც საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება.
TBCxWIC Advanced CyberSecurity: აღნიშნული პროგრამა სპეციალურად ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის შეიქმნა. კურსი ორიენტირებული იყო სიღრმისეულ სწავლებაზე, რაც კურსდამთავრებულებს კიბერუსაფრთხოების გუნდებთან ყოველდღიურ, მაღალტექნოლოგიურ საქმიანობაში ჩართვას უადვილებს. პროექტი წარმატებით 24-მა მონაწილემ დაასრულა.
პროგრამის მთავარი შედეგი რეალური კარიერული შესაძლებლობები იყო, მათ შორის სტაჟირება როგორც თიბისიში ისე სხვა წამყვან კომპანიებში. აღნიშნული პროექტები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო პარტნიორობასა და ხარისხიან განათლებას ლოკალური ტექ ეკოსისტემის განვითარებისა და ინოვაციური ხედვების ჩამოყალიბებაში.