globe-outlined
ქარ
Dark Mode

გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება - როცა ერთი ადამიანის ღირებულებები მოძრაობად იქცევა

Jun 26, 2026
Giorgi Tukhashvili 1

ზოგი ადამიანი მხოლოდ საკუთარ წარმატებას აშენებს, ზოგი კი ცდილობს ისეთი ღირებულება შექმნას, რომელიც მის  შემდეგაც გააგრძელებს არსებობას. გიორგი ტუხაშვილიც ასეთი ადამიანების რიგებიდან იყო: ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპის, Kernel-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი და სტარტაპ გრაინდ თბილისის თანადირექტორი.  პროფესიონალი, რომელმაც მეგობრობითა და ცოდნის გაზიარების სურვილით ბევრ ადამიანს დაამახსოვრა თავი. Kernel-ის ძირითად მიზანს მცირე და საშუალო ბიზნესების დოკუმენტების, პროცესების გაციფრულება წარმოადგენდა და  მრავალმილიონიან აუდიტორიას ემსახურებოდა აზიურ ბაზარზე. ხოლო სტარტაპ გრაინდის ფარგლებში ემსახურებოდა საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. 

მეგობრებისთვის ტუხა,  2024 წელს ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე სრიალისას, ტრაგიკულად დაიღუპა. იმავე წელს  გაჩნდა  იდეა რომ გიორგის სახელი მხოლოდ მოგონებად არ დარჩენილიყო და  წელს მისი სახელობის დაჯილდოება უკვე მესამედ  ტარდება. ინიციატივას თავიდანვე სული ჩაუდგეს გიორგის მეგობრებმა, თანამოაზრეებმა და იმ ეკოსისტემის წარმომადგენლებმა, რომლის ნაწილადაც თავს მოიაზრებდა. იდეის გაჟღერების მომენტიდან, პროექტი თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება. ლოგიკურიცაა, რადგან გიორგი თიბისის გუნდის ნაწილი 9 წლის განმავლობაში იყო და ის  გამოცდილება მიიღო, რომელიც მოგვიანებით საკუთარ სტარტაპშიც გამოადგა.

გიორგის და, თამარ ტუხაშვილი ამბობს, რომ ოჯახისთვის “ყოველწლიური დაჯილდოება”  ტკივილის გადატანის გზაც გახდა და მნიშვნელოვანი გზავნილიც  რომ ერთმანეთის გვერდში დგომა მხოლოდ რთულ დროს არ უნდა გვახსენდებოდეს. 

“გიორგის დაკარგვამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ყველას, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანები სიცოცხლეშივე დავაფასოთ, ხელი შევუწყოთ და ერთმანეთის წარმატებაში წვლილი შევიტანოთ. გიორგის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იყო ცოდნის გაზიარება. მას სჯეროდა, რომ წარმატება მარტო ერთი ადამიანის მიღწევა არ არის და რომ გამოცდილება, რესურსი და შესაძლებლობები ახალ თაობას უნდა გადაეცეს.” - ამბობს თამარი.

კონკურსი მხოლოდ ფინანსურ წარმატებაზე არ არის ორიენტირებული. აქ მთავარი კითხვა სხვაა: რას აშენებ და რა ღირებულებებზე დგას შენი საქმე? 

ორგანიზატორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებული იყოს არა უბრალოდ წარმატებული სტარტაპი, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული ბიზნესი, რომელიც იზიარებს თანამშრომლობასა და ადამიანების დახმარებას. 

„ბიზნესი უნდა აკეთო, მაგრამ ამომავალი წერტილი მხოლოდ ფული არ უნდა იყოს. უნდა იფიქრო თვითგანვითარებაზე, ზრდაზე და იმაზე, რას აძლევ სხვებს. ასეთია კონკურსის მთავარი ფილოსოფია.”- განმარტავს თამარი.

ჯილდოს ფიზიკური სიმბოლო მარტივი, მაგრამ ნამდვილად არაბანალურია: აგური. ორგანიზატორების თქმით, ყველა გამარჯვებული საქართველოს სტარტაპ ეკოსისტმის განვითარებაში და მშენებლობაში საკუთრ სიმბოლურ აგურს ამატებს, ისე როგორც ამას გიორგი თავის სიცოცხლეში აკეთებდა. 

ღონისძიების ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიებიც, სადაც გამოცდილ მეწარმეებსა და დამწყებ გუნდებს ერთმანეთთან დიალოგის შესაძლებლობა ეძლევათ. ამ ნაწილში აქტიურად არიან ჩართული სტარტაპ საზოგადოების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც თავად ქმნიან ქართულ ინოვაციურ გარემოს.

ყოველ წელს პრიზებიც განსხვავებულია. გამარჯვებულებისთვის გათვალისწინებულია  როგორც ფულადი ჯილდოები, ისე  სხვადასხვა პრაქტიკული შესაძლებლობა. წელს ღონისძიება ორი ნომინაციით შემოიფარგლება: Boldest Startup და Best Newcomer. ნომინაციის გამარჯვებულები გიორგი ტუხაშვილის დაბადების დღეს 30 მაისს ვლინდება. 

 "Boldest Startup of the Year" -ის ტიტული Helio AI-ს ერგო, რომელმაც მოგებული საპრიზო თანხა გიორგის ოჯახს გადაურიცხა.

“Best Newcomer” ნომინაციის გამარჯვებული კი ეროვნულ გამოცდებში მოსამზადებელი ონლაინ პლატფორმა FoxPrep-ი  გახდა. გუნდის  გადაწყვეტილებით, 100 აბიტურიენტს პლატფორმაზე სრული, უფასო წვდომა მიეცა. 

წარმატება  ხომ მაშინ არის ნამდვილი, როცა სხვებსაც გზას უხსნი.

Jun 26, 2026