როდესაც მეგობრები ვიკრიბებით (ლამის ყველას სკოლის ასაკის შვილები გვყავს, ზოგს - ცოტა უფროსებიც), ადრე თუ გვიან იმის განხილვას ვიწყებთ, თუ ვინ როგორ ვახერხებთ, მოზარდებს სოციალურ მედიაში გატარებული დრო გავუკონტროლოთ.
მაინცდამაინც გადასარევად არავის გამოგვდის. მთლად კარგად ისიც არ გვესმის, ზუსტად რა შეიძლება დააშავოს „ტიკტოკმა“ ან „ინსტაგრამმა“. ეკრანი მხედველობას აზიანებს? ვინ იცის, ვინ ოხერმა შეიძლება მიწეროს? კიდევ რა? რას ამბობენ მეცნიერები, რა უნდა ვქნათ მშობლებმა?
მეცნიერებიც, აი, დაახლოებით ახლა თანხმდებიან, თუ რა შეიძლება იყოს ყველაზე საზიანო. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების შემდეგ, მეტ-ნაკლებად მკაფიო სურათს დღეისათვის ვიღებთ. საბოლოო სამეცნიერო კონსენსუსი ჯერ არ არსებობს - კვლავაც ბევრს კამათობენ, თუ რამხელა შეიძლება იყოს საფრთხე, ვის რა ზიანი შეიძლება მიადგეს და რა შემთხვევაში და, სხვათა შორის, სასარგებლო რა აქვს. თუმცა, ზოგად ტენდენციებზე ლაპარაკი უკვე შეიძლება.
ამ კვლევების კითხვისას ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ რაზეც მე ვღელავდი, იმას ყველაზე დიდ საფრთხედ თურმე არ მიიჩნევენ. კი, ბულინგი და სხვადასხვა ჯურის მოძალადეები სოციალურ ქსელებში მართლაც უზარმაზარი პრობლემაა, მაგრამ უმთავრესი სატკივარი თურმე კიდევ სხვაგან ყოფილა.
საქმე იმაშია, რომ მოზარდს შეიძლება არც ვინმე მავნე გადაეყაროს, შეიძლება არც რაიმე საზიზღრობა წაიკითხოს და ზიანი მაინც მიადგეს. პრობლემა თავად სოციალური ქსელების დიზაინშია. ეს პლატფორმები იმგვარადაა მოწყობილი, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაგატარებინოს საიტზე თუ აპში. უჭკვიანესმა ხალხმა შექმნა და დახვეწა ალგორითმები, რომელთა ამოცანაცაა რომ ეკრანს მიგაჯაჭვოს.
ამ ალგორითმთან გამკლავება კი დიდებსაც გვიჭირს და პატარებსაც.
არაერთმა კვლევამ აჩვენა რომ არსებობს კავშირი სოციალურ ქსელში გატარებულ დროსა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის. ეს კავშირი ზრდასრულებშიც შეინიშნება, თუმცა მოზარდებს კიდევ სპეციფიკური გამოწვევები აქვთ.
კი, მაგრამ რა აზიანებს ამ მენტალურ ჯანმრთელობას? ის, რომ რამე ცუდს კითხულობენ ან უყურებენ?
ალბათ არც უმაგისობაა, მაგრამ, როგორც დღეს ვარაუდობენ, ყველაზე დიდი პრობლემა ძილის დარღვევაა. ყველას გამოგვიცდია. აიღებ ტელეფონს, ერთს ჩამოსკროლავ და - ჰოპ - თურმე რამდენიმე საათი გასულა. უკვე ღამის სამი საათია. ძილის დარღვევა კი მერე მთელ რიგ აშლილობებს და სხვა ცუდ რამეებს იწვევს.
მოზარდებისათვის ასევე განსაკუთრებით დამაზიანებელია სოციალური შედარება - როდესაც ხედავ რომ სხვები ყველანი კარგად არიან და შენ არ ხარ ისე კარგად და მერე ამის გამო უარესად ხდები. ეგ გრძნობაც ყველას გამოგვიცდია, მაგრამ თინეიჯერობის პერიოდში თურმე კიდევ სხვანაირად მტკივნეულად მოქმედებს.
პრობლემა სერიოზულია, თუმცა, არც ისეა საქმე, რომ თავში ქვა უნდა ვირტყათ. სხვა კვლევებიც გვაქვს, რომელთა მიხედვითაც არც მთლად ასეთი ტრაგიკულია ვითარება.
ახალი, გრძელვადიანი კვლევები აჩვენებს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოზარდი სოციალურ ქსელში დიდ დროს ატარებს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე მენტალური პრობლემა შეექმნება.
ღამე ძინავს? უაზროდ სკროლავს თუ მეგობრებთან ერთად გეგმებს აწყობს? კიდევ რა ხდება მის თავს? მანდ კიდევ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი.
მით უფრო, რომ ერთი გავლენიანი თეორიის თანახმად მთლად უსოციალურქსელოდ დარჩენაც არ ვარგა. მოგწონს ეს თუ არა, სოციალიზაციის დიდი ნაწილი დღეს ვირტუალურად ხდება და მანდედან სრულად გამოთიშვაც შეიძლება არ იყო სწორი. ოქროს შუალედის დაჭერაა საჭირო.
შესაძლებელია კი ამ შუალედის დაჭერა? კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ? რა კონტექსტია, რა ნიუანსია?
აი, ჩვენი ვიდეოების სერიის - “არის ერთი ნიუანსი” - პირველ ეპიზოდში სწორედ ამას დაწვრილებით მოგიყვებით.