ადამიანები ცნობისმოყვარეები ვართ და ფაქტების გადამოწმება გვიყვარს. ორდღიანი დიეტის დაცვის შემდეგ არასდროს ვენდობით სასწორზე ციფრებს, რომელიც (ჯერ) არასაკმარის კლებას გვიჩვენებს, ამიტომ სამკაულებსაც ვიხსნით და მეორედ ვდგებით, არ ვენდობით წნევის აპარატს და შედეგს კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, სახლშიც კი მივბრუნებულვართ მოშვებული ონკანის ან ჩართული უთოს გადასამოწმებლად.
მაგრამ ..... როგორც კი სოციალურ ქსელში ახლადშექმნილი გვერდი სასურველი ბრენდის ელექტროტექნიკას დაუჯერებელ ფასად გვთავაზობს, ბევრ ჩვენგანს ეს სიფრთხილე მაშინვე ავიწყდება. დაუფიქრებლად გადადის ბმულზე და თავისი ხელით შეჰყავს საბარათე მონაცემები. ამით, კი ინტერნეტთაღლითების მახეში ვებმებით.
რამდენიმე წუთიც საკმარისია რომ მსგავსი შედეგი თავიდან ავიცილოთ.
პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, შემოთავაზება ნამდვილად ეკუთვნის ნაცნობ კომპანიას, თუ მისი ყალბი ანალოგი და ახლადშექმნილი გვერდია. თუ შეთავაზებას facebook-ზე გადააწყდით, აუცილებლად შეამოწმეთ აქვს თუ არა გვერდს ლურჯი ვერიფიკაციის ნიშანი. არც ერთი კომპანია, არც ერთ გათამაშებაში არ მოგთხოვს, რომ საკუთარი საბანკო ბარათის მონაცემები მისწერო.
ყველა შეთავაზებას, რომელიც ჩასაშენებელ ტექნიკას 1 ლარად, პრემიუმ ბენზინს 5 თეთრად და სააფთიაქო ქულების დარიცხვას ბმულზე გადასვლით გვპირდება ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ. არც აეროპორტის ადმინისტრაცია მოგყიდით სხვის დაკარგულ ბარგს შესაშურად დაბალ ფასად.
ტყუილად გგონია, რომ თუ ანგარიშზე თანხა არ გაქვს, თაღლითების მსხვერპლი ვერ გახდები. თუ ინტერნეტბანკის მონაცემებზე წვდომა ექნებათ, თავისუფლად შეძლებენ შენი სახელით სესხის გააქტიურებას. ამიტომ, არავის გაუზიარო შენი მობაილ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი.
ყოველ ჯერზე დარწმუნდი კომპანიის ვებ-გვერდის მისამართის სისწორეში, რადგან თაღლითები მიმსგავსებულ დასახელებას იყენებენ, ხშირად ნაცნობ ვებ-გვერდის სახელწოდების ბმულზე მხოლოდ ერთი სიმბოლოა განსხვავებული რომ მომხმარებელი დაიბნეს. ყოველთვის უნდა დავრწმუნდეთ რომ დაცული ვებ-გვერდი https:// -ით იწყება. ბონუს ქულების მიღების მიზნით, არ დააინსტალირო მობილურსა და კომპიუტერში არასანდო გვერდის მიერ გამოგზავნილი აპლიკაცია. ყალბ ბმულზე გადასვლით მოწყობილობაში დამაზიანებელი პროგრამები და ვირუსები იტვირთება და ყველა შენი პირადი ინფორმაცია თაღლითებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
თუ ისე მოხდა, რომ შენი საბანკო ბარათის მონაცემები საეჭვო გვერდზე შეიყვანე, მაშინვე დაბლოკე ბარათი მობაილბანკიდან ან გაანახლე მობაილბანკის მონაცემები ან თუ აპლიკაციაზე ხელი არ მიგიწვდება ბანკის ცხელ ხაზს დაუკავშირდი და ოპერატორს სთხოვე ბარათის/მობაილბანკის დაბლოკვა.
სიფრთხილე გვმართებს, როდესაც გუგლში ვეძებთ სასურველ ვებ-გვერდებს. თაღლითები თავიანთ ყალბ ვებ-გვერდებს არეკლამებენ, რომ ისინი ძიებაში პირველი გამოჩნდეს. ამიტომ აუცილებელია, რომ სრულად ჩავწეროთ დასახელება. თუ სრულ მისამართს არ ჩაწერ, კომპიუტერი გაჩვენებს Google-ის ძიების შედეგებს, ხოლო მომხმარებელი ხშირად პირველივე ბმულზე გადადის, რომელიც შესაძლოა თაღლითური იყოს. ასევე, კარგად უნდა დავაკვირდეთ ნაცნობი პროგრამის რეკლამა თუ შეგვხვდება, ხშირად მათი ყალბი ვერსიები თაღლითებს ეკუთვნის და თუ კი მას საეჭვო ბმულიდან გადმოვწერთ ჩვენი კომპიუტერი დავირუსდება.
მუდამ უნდა გვახსოვდეს რომ სიფრთხილე ციფრულ სამყაროშიც მნიშვნელოვანია.