globe-outlined
EN
Dark Mode

ბიზნესების მხარდასაჭერად საქართველოში პირველი Youtube ბიზნესშოუ იწყება

Apr 29, 2026
1110x400 (8)

ბიზნესზე საქართველოში ბევრი პლატფორმიდან საუბრობენ. მოისმენთ წარმატების ისტორიებს, შთამბეჭდავ რიცხვებს, სწრაფი ზრდის რჩევებს, მაგრამ ინფორმაციის სიუხვის მიუხედავად, ამ კონტენტს თითქოს რაღაც აკლია. აკლია საუბარი იმაზე, რაც ნებისმიერი ბიზნესპროცესის ნაწილია: მარცხები, გაურკვევლობა, არასწორი გადაწყვეტილებები…

ჩვენთან პრობლემასა და უხერხულ მომენტებზე მიჩნეულია, რომ საჯაროდ არ უნდა ისაუბრო. სწორედ ამ სტერეოტიპის დამსხვრევას შეეცდება საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit.

მართალია, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, თუმცა, არა ამ შემთხვევაში, ბიზნეს ფორმატის შემქმნელი კომპანიის, Shark Media-ს გუნდმა, ვისაც ზურგს სატელევიზიო, სარეკლამო და კინემატოგრაფიული გამოცდილება უმაგრებს, შოუ სრულიად ახალ მიდგომას დაუფუძნა.

თვეში ერთხელ, წამყვანების წინაშე, ბიზნესმენი კონკრეტული კითხვითა და გამოწვევით მივა. ადგილზე კი, წამყვანებთან ერთად, რეალურ დროში ცდილობს ამ გამოწვევის გააზრებასა და გადაჭრას - გამოცდილების, იუმორისა და გულწრფელი დიალოგის საშუალებით. წინასწარ გაწერილი სცენარი აქ არ არსებობს, საკვანძო მომენტი კი - გულწრფელობაა.

შოუ მედია კომპანია Shark Media-ს ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბიზნესი, მხარდამჭერი კი - VISA.

“თიბისი ბიზნესი ბიზნესების ნომერ პირველი მხარდამჭერია, მათი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე - იქნება ეს ახალი გამოწვევები თუ წარმატების ისტორიები. ბიზნესის გზა ხშირად სირთულეებითაა სავსე. ამ პროცესში კი ყველაზე მნიშვნელოვანია რწმენა - საკუთარი საქმის, მიზნებისა და პარტნიორების. Punchline Profit-ის მხარდაჭერით გვინდა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს რწმენა ბიზნესებში და მათ მეტი თავდაჯერებულობა შევძინოთ. რამდენად რთულადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს მოცემული მომენტი, მთავარია, დავიჯეროთ, რომ შეუძლებელი არაფერია და წარმატება გზაშია“ - ამბობს ნათია პაჭიკაშვილი, თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორი.

Punchline Profit სწორედ ამ გამოცდილებას გააზიარებს განსხვავებული და უფრო ცოცხალი ფორმით. ფორმატს Shark Media-მ დიდი დრო დაუთმო. მართალია, „პროდაქშენის ბიბლიად“ წოდებული სახელმძღვანელო ტექნიკურად იდეალურადაა გამართული, თუმცა, მთავარი მისია მაინც შოუს წამყვანებისა და მონაწილეების ემოციურ ინტელექტსა და იუმორს აკისრია. მათ ვინაობას ამ ბლოგში ვერ ნახავთ, თუმცა, ძალიან, ძალიან მალე გაიგებთ.

დავით ბაღაშვილი, Shark Media-ს დამფუძნებელი შოუს ღირებულებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ამ შოუს მთავარი გამოწვევა გულწრფელობაა და მზაობა იმისა, რომ ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რომლებზეც ჩვეულებრივ დუმილი გვირჩევნია. გვჯერა, რომ Punchline Profit სამეწარმეო და ფინანსური განათლების გავრცელებას უფრო ეფექტური ფორმით შეძლებს, ვიდრე ეს ოდესმე გვინახავს და ამის ბაზაზე, შექმნის ბიზნესკომუნას, რომელიც მხარდაჭერაზე იქნება დაფუძნებული, რადგან შოუს მთავარი საყრდენი წერტილიც ეს არის. “ - გვიხსნის დავითი.

შოუს ეპიზოდებს მაყურებელი თვეში ერთხელ ნახავს, თუმცა მისი კონტენტი მხოლოდ ამ ფორმატში არ დარჩება და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე გავრცელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ტიპის აუდიტორიასთან ინტერაქცია მუდმივად გაგრძელდება და ბუნებრივად გაჩნდება სივრცე, სადაც ბიზნესთან დაკავშირებული კითხვების დასმა იქნება შესაძლებელი.

ზოგჯერ, სწორედ კითხვების დასმითა და სირთულეებზე საუბრით იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

Apr 29, 2026