თიბისის საავტორო კამპანია “Back 2 School” უკვე მესამე წელია, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ეშვება და მომხმარებელს უამრავ შეთავაზებასა თუ სარგებელს უმზადებს. მისი შემქმნელი გუნდისთვის მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, რა შეთავაზებები შეიძლება გაერთიანდეს ერთ სივრცეში, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რეალურად რა სჭირდება მომხმარებელს კონკრეტულ წელს და როგორ შეიძლება ახალგაზრდებისა და მათი ოჯახებისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პერიოდის გამარტივება. ეს მიდგომა თიბისის გრძელვადიანი ხედვის ნაწილია, რომელიც ახალ თაობაზე ზრუნვას მოიცავს.
დღეს Back 2 School-ის კულისებში შევიხედავთ და გავიგებთ, როგორ სწავლობს თიბისის გუნდი მომხმარებლის საჭიროებებს, როგორ არჩევს პარტნიორებს, როგორ ქმნის საკომუნიკაციო გზავნილებს და შემდეგ როგორ იმართება ყველა პროცესი ტექნიკურად. ცხადია, ეს სხვადასხვა მიმართულების გუნდების ერთობლივი მუშაობის შედეგია და ჩვენც სწორედ იმ ადამიანებს გაგაცნობთ, რომლებიც Back 2 School-ის შექმნაში მონაწილეობენ.
იდეიდან კამპანიამდე – როგორ იწყება Back 2 School-ის დაგეგმვა?
ანა ორბელაძე, ბრენდმენეჯერი:
„წარმატებული კამპანიის უკან ყოველთვის რამდენიმე გუნდი დგას. მარკეტინგისა და ლოიალობის გუნდები ერთობლივად ვქმნით კამპანიის სტრატეგიას, ვგეგმავთ მომხმარებლისთვის რელევანტურ შეთავაზებებს და ვარჩევთ საკომუნიკაციო არხებს. იდეიდან აღსრულებამდე პროცესში ჩართულია ციფრული მარკეტინგის, დიზაინის, ბრენდის, პიარისა და ტექნიკური გუნდები. საბოლოოდ, სწორედ ამ გუნდების კოორდინირებული მუშაობა განსაზღვრავს, რამდენად ეფექტურად მივა კამპანია მომხმარებლამდე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეთავაზებები მომხმარებლის რეალურ ინტერესებს ერგებოდეს. ამიტომ მუდმივად ვაანალიზებთ წინა კამპანიების შედეგებს, ვაკვირდებით მომხმარებლის ქცევას, ბაზრის დინამიკასა და ახალ ტრენდებს. პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია და გუნდებს შორის სწრაფი კოორდინაცია კი, საშუალებას გვაძლევს, ცვლილებებს არა მხოლოდ ავყვეთ, არამედ ხშირად ერთი ნაბიჯით წინაც ვიყოთ”.
მომხმარებლის საჭიროებიდან საკომუნიკაციო გზავნილამდე
ნია გვარამია, ბრენდმენეჯერი:
„სასწავლო წლის დაწყება ოჯახებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პერიოდია როგორც ემოციურად, ისე ფინანსურად. ამიტომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილია, რომ ყოველწლიურად ეს პერიოდი მშობლების, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის უფრო მსუბუქი და სასიამოვნო გავხადოთ. დაგეგმვის ეტაპზე დიდ დროსა და რესურსს ვდებთ იმაში, რომ გავიგოთ, რა საჭიროებები აქვთ ჩვენს მომხმარებლებს: ვაანალიზებთ ბარათით ხარჯვის ქცევას, ანუ რომელ კატეგორიებში და რომელ პარტნიორებთან ხარჯავენ მომხმარებლები ყველაზე მეტს აგვისტო-სექტემბერში; ვითვალისწინებთ წინა კამპანიების შედეგებს, ფილიალებიდან და ქოლცენტრიდან შემოსულ კითხვებს და იმ ცვლილებებს, რაც გარემოში ხდება. ხშირად თავადაც გვწერენ თავიანთ საჭიროებებს და ეს კიდევ უფრო გვეხმარება, ის ღირებულება შევქმნათ, რაც მათ რეალურად აინტერესებთ.
მართალია, კამპანიის ბირთვი წლიდან წლამდე უცვლელია, მაგრამ იცვლება შინაარსი: ვაკვირდებით, რა არის იმ კონკრეტულ წელს აქტუალური და შეთავაზებასაც ამის მიხედვით ვაწყობთ. მაგალითად, წელს ეს იყო სასკოლო ფორმა პირველკლასელებისთვის, ამიტომ მოსწავლის ბარათზე ფორმის ქეშბექი შევთავაზეთ და ღირებულების უპროცენტოდ განაწილების შესაძლებლობაც დავამატეთ”.
შეთავაზებები, რომლებიც ყოველდღიურ საჭიროებებს პასუხობს
გვანცა ჯაოშვილი, მომხმარებელთან და პარტნიორებთან ურთიერთობის ექსპერტი:
„Back 2 School კამპანიის ფარგლებში პარტნიორებთან მუშაობის პროცესი თანამშრომლობას, შეთავაზებების დაგეგმვასა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პირობების შექმნას ეფუძნება. შეთავაზებების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმებია მათი შესაბამისობა Back 2 School-ის მიზნებთან, მომხმარებლისთვის რეალური სარგებლის შექმნა, შეთავაზების კონკურენტუნარიანობა და პარტნიორი კომპანიის მზაობა, აქტიურად ჩაერთოს კამპანიაში. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეთავაზება ქმნიდეს ღირებულებას როგორც მომხმარებლისთვის, ისე პარტნიორი ბიზნესისთვის.
წელს კამპანიაში 100-ამდე პარტნიორი მონაწილეობდა, რამაც მომხმარებლებს მრავალფეროვანი, ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული სარგებლის მიღების საშუალება მისცა”.
პარტნიორების ქსელი და მომხმარებლის არჩევანი
ნინა ერქომაიშვილი, ბიზნესის მიმართულება:
„Back 2 School-ის პერიოდი ადამიანებისთვის ახალი გეგმების, მიზნებისა და მოლოდინების დასაწყისია. ჩვენ კი ვცდილობთ, მათ ამ პროცესში დავეხმაროთ. ამ კუთხით ერთ-ერთი უმთავრესია პარტნიორი ობიექტების მრავალფეროვნება, რადგან თითოეულ ადამიანს განსხვავებული საჭიროება აქვს – იქნება ეს სწავლისთვის საჭირო ნივთები, ტექნიკა, ტანსაცმელი თუ ყოველდღიური ხარჯები. სწორედ ამიტომ, წლევანდელი კამპანიის ფარგლებში პარტნიორების სია გავაფართოვეთ და მომხმარებელს შესაძლებლობა მივეცით, თითოეულ პარტნიორ ობიექტში ესარგებლათ ინდივიდუალური ლიმიტით განსაზღვრული ქეშბექით. ამასთანავე, პარტნიორების მრავალფეროვნება კამპანიას ფართო აუდიტორიისთვის უფრო აქტუალურს ხდის.
ვფიქრობ, წარმატებული კამპანია ის არის, რომელიც ორივე მხარისთვის ქმნის ღირებულებას – მომხმარებელს აძლევს მეტ სარგებელს, ხოლო პარტნიორებს ეხმარება სასურველი შედეგების მიღწევაში. წელს ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იყო ახალი და უნიკალური კლიენტების რაოდენობა, რამაც დასახულ მიზნებს გადააჭარბა”.
რატომ არის Back 2 School თიბისისთვის არა ერთჯერადი, არამედ გრძელვადიანი პროექტი?
ნინია დონდოლაძე, პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი:
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კამპანია არა მხოლოდ მოკლევადიან შედეგებზე, არამედ კომპანიის გრძელვადიან განვითარებაზეც ყოფილიყო ორიენტირებული. გვინდოდა შეგვექმნა ისეთი შეთავაზებები, რომლებიც ახალგაზრდების რეალურ საჭიროებებს უპასუხებდა, მათთვის დამატებით ღირებულებას შექმნიდა და ბანკთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს. გვჯერა, რომ მომხმარებლის ინტერესების გააზრება და მის საჭიროებებზე მორგებული გამოცდილების შეთავაზება, არა მხოლოდ ნდობასა და ლოიალობას აძლიერებს, არამედ ბიზნესის გრძელვადიანი განვითარებისა და ბაზრის ცვლილებებთან ადაპტაციის შესაძლებლობაცაა. სწორედ ამიტომ, კამპანიის დაგეგმვისას ვცდილობდით, ახალგაზრდებისთვის საინტერესო და რელევანტური იდეები ბანკის გრძელვადიან მიზნებთან დაგვეკავშირებინა.
წლევანდელმა კამპანიამ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა როგორც ახალი მომხმარებლების მოზიდვის, ისე საბარათე პროდუქტების გაყიდვებისა და ტრანზაქციული აქტივობის მიმართულებით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზრდა მხოლოდ მომხმარებლების რაოდენობაში არ გამოხატულა, დადებითად აისახა აქციაში მონაწილე კომპანიებზეც. ასევე, გაიზარდა ტრანზაქციების მოცულობაც და საშუალო გადახდის თანხაც, რაც მომხმარებლის აქტიურ ჩართულობაზე მიუთითებს.
კამპანიის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლის საჭიროებების სწორად გააზრება და შეთავაზებების მუდმივი განვითარება. ეს მიდგომა გვეხმარება, გავაძლიეროთ თიბისისა და ახალგაზრდა მომხმარებლებს შორის ურთიერთობა, უკეთ მოვერგოთ ბაზრის ცვლილებებს და კამპანიის ფარგლებში მიღწეული შედეგები გრძელვადიანი ბიზნესგანვითარების საფუძვლად ვაქციოთ”.
ერთი კამპანია, ბევრი გუნდი და საერთო მიზანი
Back 2 School-ის მომხმარებელი მხოლოდ შეთავაზებებსა და მათგან მიღებულ სარგებელს ხედავს, მის მიღმა კი პროცესების მთელი ჯაჭვია: მომხმარებლის ქცევის ანალიზი, კამპანიის იდეის ჩამოყალიბება, პარტნიორების შერჩევა, პირობებზე შეთანხმება, კომუნიკაციის დაგეგმვა და ტექნიკური უზრუნველყოფა. უკვე მესამე წელია, თიბისის სხვადასხვა გუნდი ნაცნობ იდეას ყოველწლიურად აახლებს და მომხმარებლებისთვის ღირებულ გამოცდილებას ქმნის. ეს ყველაფერი კი საერთო მიზნის სწორად გააზრებისა და საერთო ძალებით მუშაობის წარმატების მაგალითია.