მსოფლიოს ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადაზე (IOAI) მხოლოდ ცოდნა არ მიგაქვს. იქ მიდიხარ გამოცდილებით, პასუხისმგებლობით და იმ ერთი სუპერძალით, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ყველაზე მეტად გეხმარება.
ანტონ ინგოროყვა კომაროვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა და საქართველოს AI ნაკრების წევრი. ხელოვნური ინტელექტით მაშინ დაინტერესდა, როცა GAIA-მ IOAI-ისთვის კურსი გამოაცხადა. როგორც ამბობს, ამ კურსით დაიწყო სწავლა და მას შემდეგ AI მისი მთავარი მიმართულებაა.
დღეს IOAI-ისთვის ანტონი ძველ საოლიმპიადო ამოცანებზე მუშაობით ემზადება, თუმცა ამბობს, რომ ამ ოლიმპიადაში ყველაზე რთულიც და საინტერესოც მისი არაპროგნოზირებადობაა.
„ყველაზე რთული ისაა, რომ ოლიმპიადაზე ყოველ წელს სრულიად ახალი ტიპის ამოცანები მოდის და ვერასდროს იქნები ბოლომდე მზად. ამიტომ ყველაფერი იქვე, ადგილზე უნდა მოიფიქრო, გატესტო და იმის იმედი გქონდეს, რომ იმუშავებს. სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესოც.“
ანტონის სუპერძალა ამოცანის პირობის წაკითხვისთანავე სწორი მიმართულების დანახვაა. სანამ კოდის წერას დაიწყებს, ჯერ ცდილობს გონებაში წარმოიდგინოს, როგორი შეიძლება იყოს საბოლოო ამოხსნა.
„ამოცანის პირობის წაკითხვისას, სანამ კოდის წერას დავიწყებ, ვცდილობ წინასწარ ვუთხრა ჩემს თავს, რა იქნება საბოლოო სწორი ამოხსნა. ბევრ შემთხვევაში ეს სწორი არის ხოლმე, თუმცა ზოგჯერ მხოლოდ პირობა არ კმარა და გჭირდება, კოდის წერით უფრო სიღრმისეულად გააანალიზო ამოცანა.“
ოლიმპიადაზე, სადაც დრო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, ეს უნარი ანტონს ეხმარება, ენერგია არ დაკარგოს არასწორ გზებზე და სწრაფად გადავიდეს იმ მიმართულებაზე, რომელსაც შედეგამდე მიჰყავს.
„ჩემი სუპერძალა უპირველესად დროის დაზოგვაში მეხმარება. როცა თავიდანვე სწორ მიმართულებას ხედავ, არასწორ გზებზე დროს აღარ კარგავ, რაც ოლიმპიადაზე გადამწყვეტია. ხოლო როცა რამდენიმე შესაძლო ამოხსნა არსებობს, საუკეთესოს სწრაფად შერჩევა საშუალებას მაძლევს, დრო იმპლემენტაციას და ტესტირებას დავუთმო.“
ანტონისთვის IOAI-ში მონაწილეობა უცხო არ არის. ის უკვე წინა წელს წარდგა ოლიმპიადაზე ჩინეთში, სადაც საქართველოს ნაკრებმა 61 ქვეყანას შორის ბრინჯაოს მედალი და საპატიო სიგელი მოიპოვა.
„შარშან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, რომ ოლიმპიადაზე მთავარია დროის სწორად განაწილება და ის, რომ რთულ მომენტში არ ჩაიკეტო ერთ ამოცანაზე. წელს ამ გამოცდილებით ვიცი, როგორ დავგეგმო მუშაობა და უფრო მშვიდად ვუყურებ პროცესს.“
წლევანდელ IOAI-ზე ანტონისთვის შედეგი მნიშვნელოვანია, თუმცა არა ერთადერთი მიზანი.
„შედეგის გარდა, მინდა ვნახო, როგორ ფიქრობენ სხვა ქვეყნების ძლიერი მოსწავლეები, გავიცნო ახალი ადამიანები, ახალი მიდგომები ვისწავლო. და, ცხადია, დავათვალიერო ყაზახეთი და გავიცნო მათი კულტურა, რადგან ეს გამოცდილება ოლიმპიადის მიღმაც დამრჩება.“
ანტონის ამბავი გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო ასპარეზისკენ მიმავალი გზა იწყება ინტერესით, განათლებით და რწმენით, რომ რთულ ამოცანაში ყოველთვის შეიძლება სწორი მიმართულების პოვნა. სწორედ ეს არის მისი სუპერძალაც - ამოცანის ამოხსნის საუკეთესო გზა დასაწყისშივე დაინახოს.
თუ შენც სკოლის მოსწავლე ხარ და განათლებით შენი ამბის შექმნას ცდილობ, მთავარია დაიჯერო, რომ შენი ცოდნა, იდეები და შრომა უამრავ მწვერვალს დაგაპყრობინებს.