მხოლოდ პლაცებოს ეფექტიც საკმარისია იმის საჩვენებლად, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს რაიმეს დაჯერებას. იმდენად ძლიერი რამეა, რომ ყოველი ახალი წამლის გამოცდისას მისი კონტროლი ხდება საჭირო. თუ გგონია, რომ წამალი მიიღე, შეიძლება მარტო მაგან განგკურნოს.
თუმცა, სხვა საკითხია, თუ კონკრეტულად რისი დაჯერებაა ეფექტიანი და როგორ შეიძლება ირწმუნო საკუთარი შესაძლებლობებისა მაშინ, როდესაც მაინცდამაინც თავდაჯერებულად ვერა ხარ?
ბევრი კოსმოსური ენერგიებისა და უხილავი აურებისაკენ მიგვითითებს, მაგრამ მეცნიერება რას გვეუბნება?
ამ საკითხის კვლევის მხრივ ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდ ფიგურად ალბერტ ბანდურა მიიჩნევა, რომელმაც პირველად შემოიტანა თვით-ეფექტიანობის ცნება. ეს დაახლოებით იგივე თვითრწმენაა, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით - ამ შემთხვევაში საქმე შეეხება არა ზოგად თავდაჯერებულობას, არამედ იმას, თუ რამდენად გჯერა, რომ კონკრეტული რაღაცის გაკეთებას შეძლებ.
ბანდურას შემთხვევაში ეს კონკრეტული რაღაც გველისათვის შიშველი ხელით შეხება გახლდათ.
ექსპერიმენტისათვის შეარჩია ხალხი, ვისაც პანიკურად ეშინოდა გველების და ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ცდილობდა ფინალურ ეტაპზე გაეყვანა - ადამიანი, რომელსაც გველის ფოტოს დანახვაც კი არ ზარავდა, მას ხელით შეხებოდა.
გზადაგზა კი ზომავდა მათი თვით-ეფექტიანობის განცდას და შემდეგ ამ მაჩვენებელს ადარებდა წნევას, გულსცემას და ეგეთებს. დაინახა, რომ მათ, ვინც უფრო დარწმუნებული იყვნენ თავიანთ შესაძლებლობებში, სტრესიც ნაკლები ჰქონდათ და, შესაბამისად, ამოცანასაც უფრო იოლად ართმევდნენ თავს.
ეს 1970-იან წლებში ხდებოდა. მას შემდეგ ბანდურას თეორია თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სვეტად იქცა. თანამედროვე ნეირომეცნიერებების განვითარებამ კი სხვა კუთხიდან დაგვანახა, თუ რატომ არის თვით-ეფექტიანობა ასეთი მნიშნელოვანი.
საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ნეირომეცნიერება ტვინს ერთგვარ „პროგნოზების მკეთებელ მანქანად“ აღიქვამს, რომელსაც ძალიან არ უყვარს ენერგიის ტყუილ-უბრალოდ გაფლანგვა. ტვინი გარემოს პასიურად კი არ აღწერს, არამედ მუდმივად აწარმოებს რთულ მათემატიკურ გათვლებს და ცდილობს წინასწარ განსაზღვროს, თუ რა მოხდება მომავალში. როდესაც არ გჯერა, რომ კონკრეტული საქმის გაკეთებას შეძლებ, ამას ტვინი ამას მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციად მიიჩნევს და შემდეგ ცდილობს ამ საქმის გასაკეთებლად ძვირფასი ენერგია არ დახარჯოს. შედეგად, ეს წინასწარმეტყველება შემდეგ ახდება კიდეც.
მაშ, რა უნდა ქნა, თუ რაიმეს გაკეთება გინდა, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობებისა მაინცდამაინც არ გწამს? როგორ უნდა მოახერხე და ირწმუნო საკუთარი თავისა?
ამისათვის კონკრეტული, კვლევებით გამყარებული რჩევები არსებობს.
პირველ ყოვლისა, უნდა ფოკუსირდე ისეთ შედეგზე, რომელიც შენი კონტროლის ქვეშაა. შეგიძლია წიგნი დაწერო. აი, ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვება კი შეიძლება ვერ მოახერხო.
თვით-ეფექტიანობა ყველაზე მაღალი მაშინ გაქვს, როდესაც ისეთ საქმეს ეჭიდები, რომელიც მანამდეც წარმატებით გაგიკეთებია. ჰოდა, რა უნდა ქნა, თუ რაღაცას პირველად აკეთებ? ეს საქმე უფრო მცირე ქვე-ამოცანებად უნდა დაყო და ასე ასწავლო ტვინს, რომ დიახაც, სწორედ ის ტიპი ხარ, ვინც ამ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს.
სულ ესაა?
ცხადია, არა.
ამ ამბავს კიდევ უამრავი კონტექსტი და ნიუანსი ახლავს თან, რომლებსაც ჩვენი ვიდეოების სერიის - „არის ერთი ნიუანსი“ - მეორე ეპიზოდში გაგაცნობთ.