შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ერთი მოედნის ნაწილად გვაქცევს. მეთორმეტე მოთამაშედ ვემატებით თითოეული ჩვენგანი და დროის ამოწურვამდე ნებისმიერ ემოციას უშუალოდ განვიცდით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიღმა ყოველთვის დაუღალავი ვარჯიში დგას — წესები და სპეციალური რუტინა, რაც პატარა ასაკიდანვე ყალიბდება. სწორედ ამაზე ზრუნავს „სერვალიც“ — ქუთაისში დაფუძნებული საფეხბურთო კლუბი, რომელიც მომავალი თაობის ფეხბურთელებს ზრდის და პატარა ასაკიდანვე ეხმარება ჰობის პროფესიად ქცევაში.
ყველაფერი 2022 წელს დაიწყო, როცა ოთხმა ფეხბურთელმა კლუბის შექმნა გადაწყვიტა: გიორგი გურულმა, დემურ ხაბურძანიამ, ბექა ჩხეტიანმა და თამაზ ბაბუნაშვილმა. „ოთხივე პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობდით ფეხბურთს, უმაღლეს და პირველ ლიგას. ერთ დღეს კი გაგვიჩნდა სურვილი, ბავშვებისთვის გვესწავლებინა თამაში. თან ის ყველაფერი მიგვეცა მათთვის, რაც თავად გვაკლდა თავის დროზე. ვფიქრობდით, რისი გაკეთება შეგვეძლო მომავალი თაობისთვის — ასე მოვუყარეთ თავი დაგროვილ ცოდნას, გამოცდილებასა და სურვილებს, რომლებიც პირადად არ აგვხდენია“, — აღნიშნავს თამაზ ბაბუნაშვილი.
საგულისხმოა, რომ „სერვალი“ გარეული კატის სახელია, რაც ბავშვების ერთგვარ ცელქ და მოუსვენარ ბუნებას დაუკავშირეს. რეალურად, სწორედ ეს ენერგია ხომ იქცევა შესაძლებლობების მთავარ მუხტად… ლიცენზირებული მწვრთნელებისა და შესაბამისი გარემოს მეშვეობით, პატარა ფეხბურთელები სხვადასხვა ტექნიკას, კარგად თამაშსა და ყველაფერ იმას სწავლობენ, რაც ამ სპორტს სჭირდება.
„ვფიქრობთ, ჩვენი წარმატებით განვითარების მთავარი საიდუმლო ისაა, რომ პირობითი მეხუთე დამფუძნებელი გვყავს შექმნილი — ანუ თავად „სერვალი“. ოთხივეს გარკვეული მოსაზრებები გვაქვს და თუკი ეს აზრები რამენაირად განსხვავდება ერთმანეთისგან, საბოლოო არჩევანს იმის მიხედვით ვაკეთებთ, თავად „სერვალისთვის“ რა იქნება საუკეთესო“, — განმარტავს თამაზი.
კლუბის დაარსების საწყის ეტაპზე მხოლოდ გამოცდილებისა და ცოდნის ერთიანად თავმოყრა, შემდეგ კი სხვებისთვის გაზიარება იყო მთავარი ამოცანა. თუმცა განვითარებასთან ერთად, ხედვისა და სურვილების არეალი გაფართოვდა, რასაც შესაძლებლობების ხელშეწყობაც სჭირდებოდა. ამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კი ინფრასტრუქტურაა — თუკი კლუბს სათანადოდ არ ექნება ეს საკითხი მოგვარებული, დროთა განმავლობაში პროგრესი დასრულდება.
„სწორედ აქ გამოჩნდა თიბისი მთავარ დამხმარედ — თიბისის მეშვეობით შევიძინეთ მიწა, 15 000 კვადრატული მეტრი. ახლა კი ეტაპობრივადაა თანხები გამოყოფილი, რათა ეს მიწა დავამუშაოთ, მოვაწყოთ მოედნები და სხვა საჭირო ნაწილები“, — აღნიშნავს თამაზი.
ზოგადად, ეს თანამშრომლობა მხოლოდ ახლა არ დაწყებულა; საფეხბურთო კლუბმა თავიდანვე თიბისი აირჩია გადახდების დამუშავების პროცესშიც, რადგან კომფორტულად იყენებენ მის მომსახურებას. სამომავლოდ კი კიდევ ბევრი მიზანი აქვთ.