გვჯერა, რომ ახალი თაობისთვის საგანმანათლებლო ინიციატივების შექმნის გზაზე, მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიების დარგში, განსაკუთრებით გოგოებისთვის, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შევქმნათ. ამ მიზნით, BTU-სთან პარტნიორობით შევქმენით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც EGOI-სთვის (ევროპის გოგოების ოლიმპიადა ინფორმატიკაში) ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა შერჩევას, მათ გადამზადებასა და ეროვნული ნაკრებების დაკომპლექტებას უზრუნველყოფს.
დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მონაწილის ამბავს მოვყვებით, რომლის მთავარი გმირი გვანცა ხვედელიძეა - გოგო, რომელმაც საკუთარი თავის მუდმივი რწმენით, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ასპარეზზე განათლებით თავისი ამბავი არაერთხელ შექმნა.
ამბის დასაწყისი
გვანცას ბავშვობიდან ჰქონდა ინფორმატიკისა და მათემატიკის მიმართ ინტერესი, ხოლო უკვე მე-6 კლასიდან ინფორმატიკის ოლიმპიადებში აქტიურად დაიწყო მონაწილეობის მიღება. ამ წლების განმავლობაში მისთვის ოლიმპიადები მხოლოდ შეჯიბრი არ ყოფილა, არამედ იყო სივრცე, სადაც სწავლობდა, იზრდებოდა და თანდათან უფრო მეტად იჯერებდა, რომ ამ სფეროში საკუთარი ადგილის პოვნა ნამდვილად შეეძლო.
EGOI, როგორც დიდი აღმოჩენა
EGOI-ს შესახებ როგორც კი გაიგო, მიხვდა, რომ ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, გოგონებს საკუთარი უნარები სამყაროსთვის ყველანაირი სტერეოტიპების გარეშე ეჩვენებინათ. სწორედ ამიტომაა, რომ ამ ოლიმპიადაში მონაწილეობის მცდელობას გოგონებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს.
„გოგოებს ხანდახან უჭირთ ინფორმატიკის სწავლა სტერეოტიპებისა და ბევრი ნეგატიური კომენტარების გამო, ამიტომ, ჩემი აზრით, ზუსტად ეს სივრცე დაეხმარებათ მათ, რომ არ შეუშინდნენ გამოწვევებს და ბევრი შრომა ჩადონ იმ საგანში, რომელიც მთელი გულით უყვართ.“
რატომ საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი?
“სწორედ იმისთვის, რომ ამ ოლიმპიადებს მომზადებული შეხვდე როგორც მენტალურად, ისე აკადემიურად, ტექ ოლიმპიადების ჰაბი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ყველაფრის ორგანიზებაში. ორი თვის წინ დავესწარი ჰაბის ინიციატივით გამართულ ზამთრის ბანაკის მეცადინეობებს, სადაც კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესე ჩემი უნარები.”
ყველაზე დიდი შრომა ხშირად უხილავია
ამ ამბავში ხშირად ყველაზე რთულად სწორედ ის დღეები ახსენდება, როდესაც ჰაბის მეცადინეობებიდან სახლში ბრუნდებოდა, მაგრამ მაინც არ ისვენებდა. ამ დღეებს მიიჩნევს ასევე ყველაზე მნიშვნელოვნადაც:
„მთელი დღე ინტენსიური მეცადინეობის შემდეგ, სახლში დაღლილი დაბრუნებულს, რთულია, მოძებნო მოტივაცია, რომ ამჯერად მარტო განაგრძო იგივე პროცესი ან თუნდაც სხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად მუშაობა.“
მაგრამ გვანცას ჯერა, რომ სწორედ დამოუკიდებელი მუშაობა გაძლევს შესაძლებლობას, უკეთ დაინახო საკუთარი სიძლიერე და სისუსტე, რითაც ყოველივე შეუძლებელს შესაძლებლად აქცევ.
მარცხი, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა
„შემიძლია ვთქვა, რომ 2023 წელს ბრინჯაოს მედლის აღების შემდეგ 2024 წელს საპატიო სიგელის მიღება იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი ჩემს ამბავში. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ეს მარცხი ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენე. მოწყენის ნაცვლად, პირიქით, უფრო მეტი ვიმეცადინე და არ დავნებებულვარ, რადგან მქონდა საკუთარი თავის რწმენა და განცდა, რომ მართლაც ყველაფერი გამოვა, მთავარია გჯეროდეს.“
და იმ რწმენით რომ საკუთარ შესაძლებლობებში დაჯერებას ყოველთვის მოაქვს შედეგი, 2025 წელს გვანცამ ისევ ბრინჯაოს მედალი აიღო. მისი თქმით, წლევანდელი წელიც არ იქნება გამონაკლისი და ოლიმპიადის კიდევ უფრო მეტი მწვერვალების დაპყრობას გეგმავს.
შენი ქვეყნის სახელით
საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამოსვლა გვანცასთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა, რომელიც თითქოს ერთობლივად აერთიანებს სიხარულს, პასუხისმგებლობას და გარკვეულ შინაგან დაძაბულობასაც.
„ქართველებისგან ვგრძნობდი იმ სითბოს და მხარდაჭერას, რომლებიც მოტივაციას მაძლევდა, რომ მესახელებინა ჩემი ქვეყანა და საკუთარი თავის რწმენა არ დამეკარგა.“
როგორ ხედავს საკუთარ თავს მომავალში
დღეს აბიტურიენტია და ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტიდან პასუხს ელოდება. სამომავლოდ, საკუთარი თავი ისევ კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში წარმოუდგენია - სივრცეში, სადაც ჯერ კიდევ ბევრი ახალი ცოდნა, გამოცდილება და აღმოჩენა ელოდება. ამ ცოდნის შექმნის ნაწილი კი უკვე თავად სურს რომ გახდეს.
„მე არ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ინფორმატიკისა და მათემატიკის გარეშე... ტექნოლოგიებით დაინტერესებულმა გოგონებმა აუცილებლად უნდა სცადონ თავიანთი ბედი და უნარები იმ საგნებში, რაც მართლა აინტერესებთ, რადგან, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ - მთავარია გჯეროდეთ.“
და ბოლოს…
თუ გიზიდავს ტექნოლოგიური ეკოსისტემა და გსურს საკუთარი თავი საერთაშორისო ოლიმპიადებში გამოსცადო, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი მოგცემს საშუალებას საკუთარი თავი საერთაშორისო სცენაზე აღმოაჩინო და დაიჯერო, რომ საქართველოდანაც შესაძლებელია მსოფლიოს საუკეთესო ტექ-ენთუზიასტებთან კონკურენცია.
გვანცას ამბავიც სწორედ იმას გვიყვება, რომ განათლება მხოლოდ ის არ არის, რასაც სწავლობ, არამედ ისიცაა, რასაც საკუთარ თავზე იჯერებ. და როცა სწორედ ეს რწმენა გაქვს, შენს ამბავსაც ყოველგვარი საზღვრების გარეშე, ახლებურად, განათლებით ქმნი