chevron-right-outlined
globe-outlined
EN
Dark Mode

აჭარული ლურჯი მოცვის მოგზაურობა დასავლურ ბაზრებზე

Apr 17, 2025
web-cover-4

თუ ხელოვნურ ინტელექტს აჭარის პეიზაჟის შექმნას სთხოვთ, საეჭვოა ზღვისა და მანდარინების ბაღების ფონზე, ლურჯი მოცვის პლანტაციები დაგიხატოთ. დიდი ალბათობით, ვერც მოცვის მაფინს შენიშნავთ აჭარულ სუფრაზე.

სურათი შეიძლება მალე შეიცვალოს. ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს.

მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქართველოში მისი მოყვანა 2010 წლიდან იწყება. ჯემალ ცეცხლაძე კი აჭარაში პირველი იყო, ვინც ჩაის ძველი, გაველურებული პლანტაცია ამოძირკვა და ახალი კულტურით ჩაანაცვლა.

კენკრის ამ სახეობის სასარგებლო თვისებების შესახებ შეგიძლიათ ასევე ხელოვნურ ინტელექტს ჰკითხოთ- ზედმიწევნით ზუსტად ჩამოგიწერთ. აი, 2016 წელს კი, როდესაც ცეცხლაძეები ბაზრის ანალიზს აკეთებდნენ და ტენდენციებს სწავლობდნენ, chatgpt არ არსებობდა და სარისკო ნაბიჯების გზამკვლევი თავადვე შეადგინეს.

„ამ პროცესში, შეღავათიანი აგროკრედიტი დამატებითი სტიმული იყო“- იხსენებს ჯემალ ცეცხლაძე. მეუღლესთან და ბიზნეს პარტნიორთან ერთად, დეტალური ინფორმაცია მოვიძიე, ჩაის პლანტაციის ადგილას ჯერ სოიო დავრგეთ და გავანაყოფიერეთ, ნიადაგის სრული რეაბილიტაციის შემდეგ კი მოცვის პირველი ნერგები გავაშენეთ.“

თავიდან საქმე არაკეთილსინდისიერი მომწოდებლის გამო რთულად წავიდა, თუმცა როცა შესაბამისი ჯიშის ნერგს მიაგნეს, აღმოჩნდა, რომ ლურჯ მოცვს მჟავე ნიადაგი ძალიან უყვარს და არც სუბტროპიკული ჰავა იუცხოვა.

„ჩვენთან მოყვანილი ამ ჯიშის მოცვი ბევრად უფრო გემრიელია ვიდრე სხვა ქვეყანაში და ეს ფაქტი უცხოელ პარტნიორების გაოცებას იწვევს. ძალიან მოუხდა შავი ზღვის კლიმატი. ნაყოფიც ბევრად უფრო წვნიანი და მსხვილია. თუმცა, ამ შედეგს ძალიან დიდი შრომა სჭირდება. მცენარეზე მუდმივად უნდა ზრუნავდე, თორემ ერთ შეცდომას არ გაპატიებს.“- გვიხსნის ფერმერი.

დღეს მსოფლიოში მოცვზე დიდი მოთხოვნა არსებობს და ბაზარზე ფასი სტაბილურად მზარდია. თუმცა, რადგან თამასაც მაღალია. მწარმოებლებს ევროკავშირის, ასევე გალფის ქვეყნების მკაცრი სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა უწევთ. ქართულ მოცვზე მოთხოვნა კიდევ ერთი ქვეყნიდანაც არსებობს და არც მაღალ ხარისხს ითხოვს, თუმცა, ჯემალ ცეცხლაძე ერთი შეხედვით მაცდურ „ჩრდილოეთის ბაზარს“ სტაბილურად არ განიხილავს და მთავარ ფოკუსს დასავლური ბაზრის სეგმენტზე აკეთებს.

„დააახლოებით 3-4 ტონის რეალიზაციას საქართველოშიც ვახდენ.მეურნეობაში შესაბამისი სამაცივრე ინსფრატრიუქტურა გვაქვს. ადგილობრივ ბაზარზეც მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. გამორიცხულია, ბანკის მხარდაჭერის გარეშე ამხელა პროექტს შეეჭიდო“- ამბობს ჯემალი.

მისი თქმით, კონკურენცია ქვეყნებს შორის მაღალია. მაგალითად: მაროკო მოცვის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად მიიჩნევა და ევროპის კონტინენტსაც ამარაგებს. იმ გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ ახერხებს ეს ქვეყანა ამხელა გზაზე კენკრის უვნებლად ტრანსპორტირებას, ქართველი მეწარმეებისთვისაც მნიშვნელოვანი და საგულისხმოა.

28 ჰექტარიდან ნახევარ ტერიტორიაზე მოცვის ახალი ჯიშები ისხამს ნაყოფს, რომელიც დანარჩენ ბაღში გაშენებულ ნერგებზე გაცილებით მდგრადი და უხვმოსავლიანია. შემდეგი ნაბიჯი ძველის სრულად ახლით ჩანაცვლებაა. ამ გეგმის განხორციელებაშიც ცეცხლაძეებს კვლავ „თიბისის“ მხარდაჭერის იმედი აქვთ.

Apr 17, 2025