„გრინ კროპს დისტრიბუშენის“ ისტორია — როგორ იქცა დეფიციტი ბიზნეს იდეად
დეფიციტი ხშირად მხოლოდ პრობლემას არ ნიშნავს — ზოგჯერ ის შთაგონების წყაროც ხდება. სწორედ ასე დაიწყო კომპანია „გრინ კროპს დისტრიბუშენის“ ისტორია: პერიოდით, როდესაც ბაზარზე სალათის ფოთოლი დეფიციტური პროდუქტი იყო. მაღაზიებსა და რესტორნებში იშვიათად თუ შეხვდებოდით ქართული წარმოების ბოსტნეულს, მომხმარებელი კი იძულებული იყო, იმპორტულ პროდუქტზე გადართულიყო. ამგვარმა მოცემულობამ დავით მეფარიშვილი მიიყვანა იდეამდე, ადგილობრივად ეწარმოებინა ის, რაც ყველას სჭირდება.
„სწორედ ამ იდეის გარშემო დავიწყე ინფორმაციის შეგროვება: რამდენად შესაძლებელი იყო სალათის ფოთლის ადგილობრივად წარმოება ისე, რომ ხარისხიც შეგვენარჩუნებინა და სწრაფი ტემპიც. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი შესაძლებელია, თუ სწორ ინფრასტრუქტურას შექმნი და სტრატეგიულ მდებარეობას აირჩევ“, — აღნიშნავს დავით მეფარიშვილი, „გრინ კროპს დისტრიბუშენის“ დამფუძნებელი.
„შპს გრინ კროპს დისტრიბუშენი“ ოფიციალურად 2016 წელს დაფუძნდა, ხოლო უკვე 2017 წლიდან კომპანიის პირველი სათბურების ფუნქციონირება დაიწყო — სოფელ მუხრანში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. პირველივე მოსავალი მიანიშნებდა, რომ ყველაფერი სწორად იყო გათვალისწინებული: სალათის ფოთოლი არა მხოლოდ მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, არამედ ზუსტად შეესაბამებოდა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს. ამიტომაც, მალევე დაიწყეს პროდუქციის რესტორნებსა და მაღაზიებში გავრცელება.
თუმცა, შემდეგი ნაბიჯი უკვე მასშტაბის ზრდა იყო. იმისთვის, რომ პროდუქცია დიდ ქსელებს მიწოდებოდა, აუცილებელი გახდა სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნა: სამაცივრე ფართი, პროდუქტის შესაფუთი საწარმო, ახალი სათბურები და დისტრიბუციის მანქანები. „ამ ეტაპზე მივმართე თიბისი ბანკს და გავაცანით ჩვენი მცირე წარმოებისა თუ მომავალი დიდი გეგმების შესახებ. სესხის მიღებიდან მალევე დავასრულეთ საწარმოს შენობის სამაცივრე სივრცისა და ახალი სათბურის მშენებლობა. ასევე, თიბისი ლიზინგით სადისტრიბუციო მანქანები შევიძინე. შემდეგ კი, დავიწყეთ პროდუქტის შეფუთვა ბრენდით „მწვანე მოსავალი“ და ქსელის მომარაგება“.
ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ ერთი კომპანიის საქმე. „გრინ კროპს დისტრიბუშენი“ ერთგვარ პლატფორმად იქცა ადგილობრივი ფერმერებისათვის. კომპანია აქტიურად დაინტერესდა ფერმერების ჩართულობით — მათ ატრენინგებდა, აცნობდა ტექნოლოგიებს, ჯიშებსა და მოთხოვნებს, რაც თითოეულ ფერმერს საშუალებას აძლევდა, თავადაც წარმატებით ეწარმოებინათ პროდუქცია და მიწოდების ჯაჭვში ჩართულიყვნენ. სწორედ ეს გზა გახდა იმპორტული საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი — თანაც, საკმაოდ ეფექტიანი.
ცხადია, კომპანიის ამ წარმატების მიღმა მნიშვნელოვანი რამ დგას: სწორად განსაზღვრული ხედვა, ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა, ფერმერებთან თანამშრომლობა და ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც იდეას მხოლოდ იდეად არ ტოვებენ, არამედ მის მატერიალიზებასაც უწყობენ ხელს.
„საკმაოდ რთულია ახალი პროდუქტის ჩაშვება წარმოებაში. ყოველთვის ვერ გათვლი, როგორ მიიღებს მას ბაზარი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შენს წამოწყებებს პარტნიორებიც იზიარებდნენ და სწორად აფასებდნენ რისკებს. შემიძლია გითხრათ, რომ თიბისი კომპანიის დაარსებიდან დღემდე გვერდში გვიდგას. პერსპექტივაში დიდი გეგმებია და, რა თქმა უნდა, ამ განვითარებას თიბისისთან ერთად გავაგრძელებთ“, — ამბობს დავით მეფარიშვილი.
კომპანიის ძირითადი მისია დღემდე უცვლელია — ახალი, იშვიათი და ეგზოტიკური ბოსტნეულის „გაქართულება“, მათი ხელმისაწვდომობა და მაღალხარისხიანი ადგილობრივი წარმოების გაძლიერება.