globe-outlined
EN
Dark Mode

გზა გამარჯვებამდე - თიბისის ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის საერთაშორისო მასშტაბის წარმატება

Apr 7, 2026
tbc tech

ჯილდომდე იყო საქმე - კიბერუსაფრთხოების ჯანმრთელობის შეფასების ჩარჩო (Cyber Health Assessment Framework) - იგივე, კიბერ სიჯანსაღე. სწორედ, ეს პროექტი წარადგინა თიბისიმ CyberSecurity Excellence Awards-ზე, ნომინაციაში - წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი (Best Risk and Compliance Program) და პირველივე ცდაზე გაიმარჯვა. ეს თიბისის ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის მნიშვნელოვანი, საერთაშორისო მასშტაბის წარმატება და აღიარებაა; მიმართულების, რომელიც იცავს ინფორმაციას და კომპანიის აქტივებს ციფრულ სამყაროში. გამარჯვებულ პროექტზე კი, იმუშავეს - ნიკოლოზ მენთეშაშვილმა, ნიკოლოზ ხარებავამ, გიორგი მოწონელიძემ, გიორგი მკერვალიშვილმა, თორნიკე პატურაშვილმა და დავით ტვილდიანმა

თიბისის მასშტაბის კომპანიაში, რისკისა და შესაბამისობის მართვა არ არის უბრალოდ დამხმარე ფუნქცია - ესაა სისტემა, რომელიც იცავს მომხმარებელს, უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტობას და ნდობას.

ბანკი ცოცხალი ორგანიზმია და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესში, ბოლო პერიოდში, დიდი ცვლილებები განიცადა.

ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პარალელურად, თიბისის ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდი ამ სიახლეებს რისკის ჭრილშიც აფასებს. შემუშავდა პროაქტიული მიდგომა - კიბერ სიჯანსაღის შეფასების ჩარჩო, რომელიც საშუალებას იძლევა, ბანკში არსებული ციფრული სისტემების მფლობელებს მუდმივად მიეწოდებოდეთ ზუსტი ინფორმაცია „სისტემების ჯანმრთელობის შესახებ“.

გიორგი გურიელიძე (ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი):

„ჯილდოს ნაწილში, ძალიან დაგვეხმარა ვაჟა ბერიაშვილი, თიბისის კორპორატიული ინოვაციების ლიდერი ტექის მიმართულებით. სწორედ, მისი ინიციატივით შეივსო განაცხადი CyberSecurity Excellence Awards-ზე და ისე მოხდა, რომ პირველივე მცდელობაზე, მთავარი ჯილდო ნომინაციაში - წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი (Best Risk and Compliance Program) ჩვენ წამოვიღეთ. ახლა, მეტი მოტივაცია გვაქვს, ცნობიერების ასამაღლებლად პროექტზე უფრო ფართოდ ვისაუბროთ.

ბანკში, ამ ცოცხალ ორგანიზმში ძალიან ბევრი სისტემაა და მუდმივ რეჟიმში ვამონიტორინგებთ. მარტივად რომ ვთქვათ, როგორც ადამიანებს გვჭირდება გარკვეული პერიოდულობით ექიმთან ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება, ზუსტად ასე უყურებს თიბისის ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდი სისტემების სიჯანსაღეს - სხვადასხვა გუნდებს ვაწვდით გამჭვირვალე ხედვას, იმისთვის, რომ მერე თავად დააპრიორიტეტონ, როგორ დახარჯონ ინვესტიცია უსაფრთხოების კუთხით და რა საჭიროებს მეტ ყურადღებას.

ჩვენმა მომხმარებლებმა უსაფრთხოდ და დაცულად რომ ისარგებლონ ციფრული სერვისებით, სწორედ, ამას უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდი.

ნიკა მენთეშაშვილი (ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ბიზნეს უწყვეტობის მენეჯერი) თიბისის დაახლოებით 1 წლის წინ შემოუერთდა; მაშინ, როცა გუნდს უკვე შემუშავებული ჰქონდა ჩარჩო-სტრუქტურა, როგორ უნდა განხორციელებულიყო პროექტი და სწორედ, მისი ლიდერობით დაიწყო ამაზე მუშაობა.

„კიბერ სიჯანსაღე ძალიან დიდი და მსუყე პროექტია; რაც მთავარია, გუნდებისთვის სერიოზული პრაქტიკული ღირებულების მომტანი და ჩვენს მიერ მიწოდებული დეტალური რეპორტების შემდეგ, ნათლად ხედავენ, რა სისუსტეები აქვთ და რა უნდა გამოასწორონ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც გაგვიჩნდა უკეთესი ხედვა კომპანიაში არსებულ სიტუაციაზე.

თავიდან, დავიწყეთ ტესტირების რეჟიმში და შემდეგ, უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ გავყევით კრიტიკულ სისტემებს ბანკში. ვაფასებთ სხვადასხვა გუნდებს, მაგალითად, ციფრული ბანკინგის გუნდს, ბიზნეს ოპერაციების გუნდს, ბარათების მიმართულებას და ა.შ. 2025 წელს, შევაფასეთ სისტემების 55%.

წელს, გეგმაში გვაქვს დარჩენილი სისტემების ათვისება და წინა წელს შეფასებული სისტემების გადაფასება.

ჩვენი გუნდისთვის CyberSecurity-ის ჯილდო მართლაც დიდი დაფასებაა. ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და თანაც, უკვე გვაქვს აღიარება. რა თქმა უნდა, მეტად მოტივირებულებიც ვართ, რომ გავაგრძელოთ პროექტზე მუშაობა და კიდევ უფრო დავხვეწოთ პროცესი.“

გიორგი მკერვალიშვილის (ქლაუდის უსაფრთხოების ინჟინერი):

„პროექტის სახელი - კიბერ სიჯანსაღე ძალიან მომწონს. მარტივ ენაზე რომ ავხსნა, ჩვენ ვართ სხვადასხვა პროფილის „ექიმები“ და ამ პროექტის მეშვეობით, გვაქვს ჩვენი „კლინიკა“ თიბისიში, სადაც შევქმენით ისეთი ხელსაწყოები (კონტროლის მექანიზმები), რომელთა დახმარებითაც მუდმივად, ლაივ რეჟიმში და ინტენსიურად ვაკონტროლებთ „პაციენტების“ მდგომარეობას. ასევე, ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, ვახდენთ რეაგირებას.

პროექტზე მუშაობისას, რთულია შეფასება და შედარება, რამდენად კონკურენტუნარიანი ხარ სხვა კომპანიებთან შედარებით. თუმცა, აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო რადარზე ვართ მსოფლიოს საუკეთესოთა შორის და ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა. ყოველთვის ვმოქმედებთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ვითვალისწინებთ საუკეთესო პრაქტიკებს, ვარგებთ ჩვენს რეალობას და ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვების მთავარი მიზეზი, სწორედ, ესაა, რომ ვმუშაობთ სტრატეგიული მიდგომებით; ვცდილობთ, ვიყოთ სწრაფები და მოქნილები. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გველოდება.“

Apr 7, 2026