„გურმან აკადემია“ 2022 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ აქტიურად ცვლის იმ წარმოდგენას, რაც სწრაფ კვებაზე გვქონდა. პირველი ფილიალები გაიხსნა გალერია თბილისსა და ისთ პოინთში — ლოკაციებზე, სადაც მაღალი გამავლობა მაღალი ხარისხის მომსახურების მოთხოვნასაც განაპირობებს. თუმცა აკადემიის მიზანი თავიდანვე გაცილებით ამბიციური იყო:
„სწრაფი კვების სექტორში ახალი სტანდარტების დაწესება — მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, თუმცა მაღალი ხარისხის პროდუქტების შეთავაზება, თანამედროვე დიზაინით, მომსახურებითა და დახვეწილი გემოვნური პროფილით“, — აღნიშნავს თამარ ცინცაძე, „გურმან აკადემიის“ დამფუძნებელი.
საწყისი ეტაპიდანვე, ეს არ ყოფილა უბრალოდ მორიგი სწრაფი კვების ობიექტი; სანაცვლოდ, ეს არის კონცეფცია, რომელიც აერთიანებს ოპერაციულ სიზუსტეს, პერსონალის განვითარებაზე ზრუნვას და, რაც მთავარია, მუდმივად მაღალ ხარისხს ნებისმიერ ფილიალში.
„გურმან აკადემიის“ ყოველდღიურ საქმიანობაში კარგად იგრძნობა, როგორ ერწყმის ერთმანეთს ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაცია და ადამიანური კომპონენტი — ყურადღება თითოეულ დეტალზე, სწრაფი რეაგირება მომხმარებლის უკუკავშირებზე და შინაგანი სტანდარტების მუდმივი დახვეწა. როგორც თამარი ამბობს, „გუნდის წევრების განვითარება და მოტივაცია მუდმივი პროცესია, რაც ჩვენი წარმატების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველია.“
მაღალი გამავლობის სივრცეებში ოპერირება თავისთავად გულისხმობს ეფექტიანობასა და მოქნილობას. „ჩვენი გუნდი მოქნილია — საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია სწრაფად გადავერთოთ სხვადასხვა სამუშაო რეჟიმზე, დავამატოთ პერსონალი პიკის საათებში ან ოპტიმიზაცია გავუკეთოთ სამზარეულოს ნაკადს“.
თუმცა „გურმან აკადემიის“ ამბავი ფილიალებზე გაცილებით შორს მიდის. დღეს ბრენდი უკვე ისეთ პროექტებს აერთიანებს, როგორებიცაა მეღვინეობა და აგრო-ეკო ტურიზმი. ყვარელში შექმნილი კონცეფცია არამარტო ქართულ ტრადიციებს ეყრდნობა, არამედ მჭიდროდ უკავშირდება თანამედროვე ეკოლოგიურ და ტურისტულ ტენდენციებსაც. „ყვარელში ვქმნით უნიკალურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს ბიო მევენახეობას, ტრადიციულ ქვევრის ღვინის წარმოებას და სტუმრებზე ორიენტირებულ აგრო-ეკო ტურიზმს“.
სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, თავად მიიღონ მონაწილეობა რთველში, დააგემოვნონ კახური სამზარეულო, დააკვირდნენ ღვინის დავარგებას ქვევრში და განიცადონ ის, რასაც ქართულ კულტურას ვუწოდებთ.
გარდა ამისა, იგეგმება სრულიად ინოვაციური პროდუქტის — უალკოჰოლო ქვევრის ღვინის წარმოება. „ეს გახდება ჯანსაღი ალტერნატივა მათთვის, ვინც არ მოიხმარს ალკოჰოლს, მაგრამ სურს ღვინის სრული, ავთენტური არომატის დაგემოვნება“.
თავის მხრივ, „გურმან აკადემიაში“ საკვები კონცეფციაც არ არის სტანდარტული. აქ ყველაფერს საფუძვლად ადგილობრივი პროდუქტები და სეზონურობა უდევს, ხოლო ვიზუალური მხარე და მომზადების ტექნიკა უკვე თანამედროვე კულინარიული მიდგომების ნაწილია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონალური კერძების გაცოცხლება და მათი სწორად მიწოდება თანამედროვე ვიზუალით, კომფორტულ გარემოში“.
როგორც თამარი აღნიშნავს, ბრენდის განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია თიბისის მხარდაჭერას. „თიბისის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო „გურმან აკადემიის“ განვითარებისთვის. ჩვენზე მორგებულმა ფინანსურმა პროდუქტებმა, აგრეთვე მეწარმეობის მიმართულებით თიბისის გამოცდილებამ, მოგვცა შესაძლებლობა, გვეზრუნა როგორც სწრაფ გაფართოებაზე, ისე რთულ და ინოვაციურ პროექტებზე“.
მომავლის გეგმებიც შესაბამისია — მასშტაბური, მაგრამ დეტალურად გათვლილი. ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის უალკოჰოლო ღვინის წარმოების დაწყება ქვევრის ტექნოლოგიით — სრული კომპონენტების შენარჩუნებით. გარდა ამისა, უკვე გაწერილია ექსპორტის სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ქართული კულინარია და მეღვინეობა მსოფლიოსთან ახალ ენაზე ისაუბრებს — ბუნებრივად, ჯანსაღად და თანამედროვედ.
„გურმან აკადემია“, უკვე დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ სწრაფი კვების ბრენდის ფარგლებს — ის ქართულ ტრადიციას თანამედროვე სტანდარტებთან აერთიანებს და ამ გზით ქმნის ახალ გამოცდილებას: ავთენტურს, გემრიელს და გრძელვადიანს.