მოდა, ისევე როგორც სიყვარული, ვერტიკალურია და თან, ბრუნვადი. სტილი, რომელიც ოდესღაც წარსულს ჩაბარდა, დროთა განმავლობაში ისევ ხდება ინდივიდუალურობისა და თვითგამოხატვის სიმბოლო.
თუმცა, სანამ ვინტაჟური მაღაზიები ჩვენთან ტრენდულად იქცეოდა, ქართველები მას, მარტივად “ძონძებად” მოვიხსენoებდით, მეორეული ტანსაცმლის შეძენა კი ბნელ 90-იან გამოვლილებისთვის უხერხულობასთან იყო დაკავშირებული.
სწორედ ამ დამოკიდებულების შეცვლა იყო შოკო ჩაჩუას ერთ-ერთი მისია, როდესაც 2018 წელს ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. მოდა იმდენად არა, რამდენადაც განსხვავებულად ჩაცმა ბავშვობიდანვე უყვარდა. (დედის მარჯვე ხელების წყალობით).
კონცეფცია ზუსტად გააზრებული არ ჰქონდა, თუმცა დანამდვილებით სურდა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ მეორადი სამოსითვის ახალი სიცოცხლის ჩუქება, არა მხოლოდ სიდუხჭირის ან ფასის ეკონომიის გამო ღირს, არამედ ეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანების არჩევანია. მეგობარმა, ქალაქში ცნობილმა გრაფიტ-არტისტმა, გამეზამ ბრენდის სახელიც “აჩუქა” და ასე “დაუბერა ვინტილატორმა”.
„ჩვენ მწვანე მომავლისკენ ვუბერავთ. არ აღვიქვამ მხოლოდ მაღაზიად, ეს არის მოძრაობა, რომელშიც დიდ რესურსს ვდებთ. ნარჩენების დამუშავების, გარემოზე ზრუნვის და სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებებს დაეფუძნა ჩვენი ბრენდი“,- გვიყვება შოკო, რომლისთვისაც კომფორტულია ,,ვინტილატორის’’ შემქმნელი დავუძახოთ, ვიდრე დამფუძნებელი.
2018 წლიდან დღემდე მან არა მხოლოდ ბრენდი შექმნა, ცნობიერების ამაღლების ვორქშოფების მთელი სერიაც ჩაატარა. თუ ,,ვინტილატორის’’ სოციალურ ქსელებს ეწვევით, ნახავთ, რომ ნივთების გაყიდვაზე მეტად ფოკუსი სწრაფი მოდის მავნებლობაზეა.
სწრაფი მოდა, რასაც ,,ვინტილატორი’’ უპირისპირდება, ტანსაცმლის ინდუსტრიის ისეთი მოდელია, რომელიც ორიენტირებულია იაფ, სწრაფად წარმოებულ და მალევე შესაცვლელ ტენდენციებზე. ბრენდები ლამის ყოველკვირეულად უშვებენ ახალ კოლექციებს, ამას კი თავისი მაღალი ფასი აქვს გარემოს, ადამიანებისა და ხარისხის ხარჯზე.
ტანსაცმლის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი ინდუსტრიაა მსოფლიოში: მას სჭირდება უზარმაზარი წყლის რესურსი, ქიმიკატები და ქმნის მილიონობით ტონა ნარჩენს. მოძრაობა სწრაფი მოდის წინააღმდეგ დღითიდღე ძლიერდება.
„მეორეულ ტანსაცმელს GEN Z უფრო შეგნებულად და გააზრებულად ყიდულობს, ამით ინდივიდუალურობასაც უსვამს ხაზს. ჩემ გარშემო უფრო მეტი და მეტი ადამიანი ანიჭებს პრიორიტეტს ძველ სამოსს ახალი სიცოცხლე აჩუქოს“,- გვიყვება შოკო და თან ფოთში, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის ემოციებს გვიზიარებს.
პარალელურ მისიად ბაზრის განვითარება დაისახეს. თანამშრომლებსაც დაეხმარნენ კონცეფციის მოფიქრებაში, რათა საკუთარი ვინტაჟური მაღაზიები გაეხსნათ. მათი რიცხვი უკვე 15-მდეა. ასე იქცა 17 კვ.მ-ში დაწყებული საქმიანობა მწვანე მოძრაობად და 2025 წლის თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულიც გახდა, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობის ნომინაციაში.
„ძალიან მომწონდა დაჯილდოების წლევანდელი გზავნილი, რომ მთავარია გჯეროდეს. ამან მიბიძგა აპლიკაციის შევსებისკენ. მართლა მჯერა მწვანე მომავლის და იმ საქმის, რასაც ვაკეთებ. არ ველოდი გამარჯვებას, რადგან ასევე ვიცი რამდენად ღირსეული ნომინანტები იყვნენ სხვა ბრენდებიც“,- ამბობს შოკო.
მალე ,,ვინტილატორის’’ახალი, მულტიმედიური ვებ-გვერდი ჩაეშვება, სადაც ადამიანები მრავალ საინტერესო ინფორმაციას და სასარგებლო რჩევებს გაეცნობიან.