globe-outlined
ქარ
Dark Mode

რას სთავაზობს თიბისის ონლაინ პროგრამები ახალგაზრდებს?

Aug 21, 2026
Blog

ონლაინ განათლება შესაძლებლობას გაძლევს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან მიიღო ხარისხიანი ცოდნა, ისწავლო შენთვის საინტერესო დარგი და გაიცნო ამ სფეროს წამყვანი პროფესიონალები. სწორედ ამ შესაძლებლობებს ქმნის თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა, რომელიც თიბისი ტექსკოლას, თიბისი კამპუსსა და თიბისი IT აკადემიას აერთიანებს. 

თიბისი ტექსკოლა 

თიბისი ტექსკოლა 9-12 კლასის მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლის შესაძლებლობას უფასოდ სთავაზობს. სამი წლის განმავლობაში პროგრამაში მთელი საქართველოდან 4500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო, მათგან 35% რეგიონებიდანაა.

თიბისისა და „ჯეოლაბის“ ლექტორებთან ერთად მონაწილეები სწავლობენ ვებპროგრამირებას, მობილური აპლიკაციების შექმნას, UI/UX და გრაფიკულ დიზაინს, სოციალური მედიის მარკეტინგსა და სხვა თანამედროვე მიმართულებებს.

თიბისი ტექსკოლის ელჩების პროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულები მიღებულ ცოდნას საკუთარ თანატოლებსაც უზიარებენ. ამიტომ, თიბისი ტექსკოლა ცნობისმოყვარე ახალგაზრდებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალ-ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

თიბისი IT აკადემია 

თიბისი IT აკადემია 2019 წლიდან ტექნოლოგიური განათლების ერთ-ერთი წამყვანი პროექტია საქართველოში. მის პროგრამებში უკვე 5400-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო, მონაწილეთა 48% ქალია, ხოლო დაახლოებით 500 კურსდამთავრებული თიბისისა და მის შვილობილ კომპანიებში დასაქმდა.

აკადემიის უფასო პროგრამები 100-მდე ტექნოლოგიური ექსპერტის ჩართულობით ხორციელდება და რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებულ გამოცდილებას ქმნის. მონაწილეები ერთვებიან ჰაკათონებში, გუნდურ პროექტებსა და პრაქტიკულ ინიციატივებში, რაც მათ პროფესიული განვითარებისა და დასაქმებისთვის ამზადებს.

თიბისი IT აკადემია მუდმივად სთავაზობს მონაწილეებს ახალ მიმართულებებსაც. მათ შორისაა Blockchain Technologies-ის პროგრამა, რომელიც Tether-თან თანამშრომლობით ხორციელდება და მონაწილეებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიების ბიზნესში გამოყენების შესაძლებლობებს აცნობს.

თიბისი კამპუსი 

თიბისი კამპუსი ასევე უფასო ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც 18-24 წლიდან ყველა მსურველს საშუალებას აძლევს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, დაეუფლოს თანამედროვე ბიზნეს მიმართულებებს. მონაწილეთა 57% საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა, დღეს კი პროგრამა უკვე 1,000-მდე მონაწილეს აერთიანებს. 

პროგრამის მოქნილი ონლაინ ფორმატი მონაწილეებს საშუალებას აძლევს სწავლა უნივერსიტეტს, სამსახურსა და ყოველდღიურ საქმიანობას შეუთავსონ. ასევე, დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად გაეცნონ ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა მარკეტინგი, პროდუქტის მენეჯმენტი, ბიზნესანალიზი და პროექტების მართვა.

პროგრამის პარტნიორ „კოლაბთან“ ერთად სასწავლო პროცესი პრაქტიკულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული და მონაწილეებს თანამედროვეობისთვის მოთხოვნადი უნარების განვითარებაში ეხმარება.

განათლებით შენს ამბავს ქმნი

თიბისის ონლაინ პროგრამები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ როცა ცოდნა ხელმისაწვდომი ხდება და ადამიანი ცნობისმოყვარეა, მას შეუძლია ისწავლოს, ყველანაირი გარემოების მიუხედავად. რადგან მთავარია გჯეროდეს, რომ განათლებით, შენს ამბავს ქმნი. 

Aug 21, 2026