კოსმო — როგორ იქცა ორი სტუდენტის იდეა წარმატებულ ბრენდად

Aug 7, 2025
ქავერი

10 წლის წინ ორი სტუდენტი გოგონას — სოფი მუხულიშვილისა და თამო აფციაურის — ონლაინ გაყიდვებით დაწყებული ბიზნესი დღეს ერთ-ერთ გამორჩეული ბრენდია. დღეს „კოსმოს“ შესახებ მოგიყვებით, რომლის პროდუქციაც მომხმარებლების ხასიათს, განწყობასა და ინდივიდუალიზმს გამოხატავს.

კოსმო ფერადი და თემატური ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდია. როგორც „კოსმოს“ თანადამფუძნებელი სოფიკო მუხულიშვილი აღნიშნავს, ბრენდი მხოლოდ ადამიანური კაპიტალით და დიდი ენთუზიაზმით შეიქმნა. საქმეში თუ მომხმარებელთან გულწრფელმა და გულისხმიერმა დამოკიდებულებამ, კოსმოელების თავდაუზოგავმა შრომამ, ბრენდის სტრატეგიამ — ყოფილიყო უშუალო და მეგობრული, მუდმივად სიახლეების ძიებისა და განვითარების სურვილმა, შედეგი გამოიღო და კოსმო ონლაინ სივრცეში მალევე ძალიან პოპულარული გახდა.

„დღეს ბრენდი 80 ადამიანისგან შემდგარ კოსმიურ გუნდს, 9 ფილიალს და უამრავ „კოსმოელ მომხმარებელს“ აერთიანებს საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ. ბრენდის წარმატების მთავარი ძალა კოსმოელები არიან — ადამიანები კოსმოს შიგნით და გარეთ. სტუდენტების გუნდი კოსმოს სახელოსნოში/ფილიალებში და ერთგული მოხმარებლები, პარტნიორები, შექმნის ან გაცნობის დღიდან მხარს რომ უჭერს კომპანიას და პროდუქტის შექმნის თანამონაწილენი ხდებიან“, — სოფიკო მუხულიშვილი.

საგულისხმოა, რომ უკვე 2018 წლიდან „კოსმომ“ ახალი ეტაპი დაიწყო — აქსესუარებთან ერთად, წარმოადგინა ტყავისა და ხის კომბინაციით დამზადებული ჩანთების კოლექცია, რომელიც ქართული კულტურის შტრიხებს აცოცხლებდა. 2019 წელს კი ამ კოლექციიდან მოდელები ვუდლი და თანი ჰონგ-კონგში გამართულ APLF-ის საერთაშორისო გამოფენაზე საუკეთესოთა ათეულში მოხვდა.

ხოლო 2022 წელს „კოსმომ“ ჩოხის მოტივებზე შექმნილი ჩანთა — „ჩოხჩა“ წარადგინა დუბაიში გამართულ კონკურსზე და გაიმარჯვა ხალხის რჩეულის ნომინაციაში.

ადამიანებზე ორიენტირებული მარკეტინგი — „ქალები ბაზრიდან“

კოსმო ყოველთვის ხაზს უსვამს იმ ხალხის როლს, ვინც ქმნის ქართულ იდენტობას. ერთ-ერთი გამორჩეული კამპანია — „ქალები ბაზრიდან“ სწორედ ამას ასახავს. ბრენდმა ბაზარში დასაქმებულ ქალებს ერთი განსაკუთრებული დღე მიუძღვნა: გადაიღო მათი ფოტოპორტრეტები, მოუსმინა მათ ისტორიებს, შექმნა ჟურნალი და ასახა მათი ყოველდღიურობა. ამ კამპანიამ Ad Black Sea-ზე სამი ჯილდო მიიღო, მათ შორის ოქროს მედალი ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის კატეგორიაში.

ღია სახელოსნო — ადგილი, სადაც შენ ქმნი

ბრენდის უახლესი ინიციატივაა „ღია სახელოსნო“ — სივრცე, სადაც მომხმარებელი თავად ხდება კოსმოს ნაწილის შემქმნელი. აქ შეგიძლია კოსმოს ოსტატებთან ერთად შექმნა საკუთარი ჩანთა, აირჩიო ფერები, დიზაინი, წარწერა და დატოვო მასში შენი ემოცია. კერვისა და ხატვის პროცესი, გარდა შემოქმედებითობისა, თერაპიულ ეფექტსაც ატარებს — ეხმარება ადამიანებს, თავად იქცნენ „კოსმოს“ ნაწილად, არა მხოლოდ როგორც მომხმარებლები, არამედ როგორც თანაავტორები.

„თითოეული ამ ინიციატივისა და იდეის ერთგული მხარდამჭერი თიბისია. თიბისისთან მეგობრობა ჩვენი კომპანიის დაარსების დღიდან იწყება. ბიზნესის ტექნოლოგიური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და განსაკუთრებით მაშინ, როცა ნედლეულის შესაძენად ფინანსების მობილიზება გვჭირდებოდა, სწორედ თიბისის მხარდაჭერა გახდა გადამწყვეტი.

ამ პარტნიორობის წყალობით შევძელით, რომ „კოსმოში“ შექმნილი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გაგვეტანა. უკვე ორი წელია, დანიაში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ქსელთან ვთანამშრომლობთ და დიდ პარტიებად ვაწვდით ჩვენს ხელნაკეთ ნივთებს ნიშნით „Made in Georgia“.

დღესაც ვაგრძელებთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობას და მალე „კოსმოს“ კიდევ ბევრ საერთაშორისო გამოფენაზე იხილავთ — სხვადასხვა ქვეყანაში, ახალ სივრცეებსა და ადამიანებთან, ვისთანაც ჩვენი კოსმიური ამბავი უნდა გავიზიაროთ“.

მთლიანობაში, ეს არის ბრენდი, რომელიც ყველას იწვევს, გახდეს მისი ნაწილის შემქმნელი. „კოსმო“ ამტკიცებს, რომ შენს ჩანთას შეუძლია ილაპარაკოს — თქვას რაღაც მნიშვნელოვანი შენზე, შენს ისტორიაზე, შენს ხასიათზე. ეს არის კოსმო — ადამიანური, ფერადი და კოსმიური.

მეტის სანახავად გადადით ბმულზე

Aug 7, 2025