სკოლა „კანდიდის“ ისტორია 1999 წლიდან იწყება, როდესაც დავით და მაია ქვრივიშვილებმა გადაწყვიტეს, საკუთარი ძალები განათლების სფეროსკენ მიემართათ. სახელწოდება ვოლტერის ნაწარმოების ინსპირაციით შეარჩიეს — მასში ნათლად ჩანს, რომ ადამიანმა რეალური მოქმედებით უნდა იზრუნოს ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ნაცვლად უტოპიური იდეების სამყაროში დარჩენისა.
„ამავდროულად, ჩვენთვის „კანდიდს“ ორმაგი დატვირთვა აქვს, რადგან სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ის სიწმინდესა და სითეთრეს ნიშნავს“, —განმარტავს სკოლა „კანდიდის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მაია ქვრივიშვილი.
საფუძვლიდანვე აშკარა იყო, რომ ეს არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება — „კანდიდი“ არის ადგილი, სადაც მოსწავლე საკუთარი შესაძლებლობების შეცნობას, პიროვნული ზრდის პროცესს და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას სწავლობს. ამიტომაცაა, რომ სკოლის მთავარი პრინციპი — თითოეული მოსწავლის აღზრდა სრულფასოვან, დამოუკიდებელ, მოაზროვნე და ტოლერანტ მოქალაქედ — ყველა ეტაპზე განსაზღვრავს მიდგომებს, საგანმანათლებლო პოლიტიკას და ყოველდღიურ ურთიერთობებს.
„ვფიქრობთ, გლდანის საგანმანათლებლო დაწესებულებების კერძო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი სკოლის სათავეში ვართ. ალბათ, ჩვენს მნიშვნელოვან უპირატესობას ისიც წარმოადგენს, რომ ახალ მოსწავლეებს, ძირითადად, არ ვიღებთ — მოზარდების მთელი მენტალურ-აკადემიური თუ მორალური ჩამოყალიბება ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს, პირველიდან მე-12 კლასამდე.
ამასთანავე, ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო სისტემა აგებულია როგორც აკადემიურ, ისე არაფორმალურ აქტივობებზე. საათობრივი გაძლიერებული დატვირთვა და დამატებითი შეთავაზებები გვაქვს — მაგალითად, სამი ტიპის უცხოურ ენას ვთავაზობთ მოსწავლეებს; STEM-ის მიმართულების საგნებს გაძლიერებულად ვასწავლით; კემბრიჯის გამოცდებზეც გაგვყავს, რათა ენობრივი კომპეტენცია დაადასტურონ. გარდა ამისა, გვაქვს გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო სკოლები, გუნდური სამუშაო სივრცეები და ა. შ.“, — აღნიშნავს მაია ქვრივიშვილი.