ჯელატო ბედნიერებასა და ცხოვრებით ტკბობასთან რომ ასოცირდება, ეს უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი. როგორ განწყობაზეც უნდა ვიყოთ, საკმარისია, იტალიური ნაყინი დავაგემოვნოთ და ყველაფერი იდეალურ ელფერს იძენს… სწორედ ამ იდეას ეფუძნება ჯეჯელატოს კონცეფციაც — „ჯეჯელატო, თქვენი ტკბილი თავგადასავალი“.
თავად ბრენდის თავგადასავალი 2019 წლიდან იწყება, როდესაც შპს დარეგისტრირდა, ხოლო პირველი ფილიალი კი 2020-ში, პანდემიის პირობებში, ფალიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა. მიუხედავად გამოწვევებისა, GeGelato-მ მაინც შეძლო გაფართოება და უკვე რამდენიმე ფილიალს აერთიანებს საქართველოში.
„უკვე წლებია, მე და ჩემი მეუღლე სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენებზე დავდივართ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. დროთა განმავლობაში საკმაოდ ბევრი და საინტერესო ადამიანი გავიცანით, რომლებთან კავშირმაც გადაგვაწყვეტინა, ჩვენც გვეცადა ბედი გასტრონომიის მიმართულებით.
რატომ ავირჩიეთ მაინცდამაინც ნაყინი და არა, სხვა პროდუქტი? პირველ რიგში, მიზეზი ის არის, რომ პირადად მე უფრო შემოქმედებითი საქმე მიზიდავს — ჯელატო კი ხელნაკეთი ნაყინია, რომლის წარმოებაც საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ გამორჩეული და ორიგინალური გემოები“, — აღნიშნავს მარიამ უჩანეიშვილი, ჯეჯელატოს დამფუძნებელი.
საგულისხმოა, რომ ჯეჯელატოს ყველა ნაყინი იტალიური ტექნოლოგიით და იტალიიდან ჩამოტანილი აპარატურითა თუ პროდუქციით იწარმოება. ასევე, თანამშრომლობენ იტალიელ შეფებთან და მენიუში მუდმივად 25-30 განსხვავებული გემო აქვთ, თუმცა საერთო გემოების რაოდენობა 60-მდეც აღწევს. ჯეჯელატოში თითქმის ყველა ნაყინი უგლუტენოა, როგორც რძიანი ისე ვეგანური. „როცა მომხმარებელი ჩვენს ნაყინს აგემოვნებს და მის თვალებში სიამოვნების ნაპერწკალს ვხედავ, ვხვდები, რომ ჩემი ჩანაფიქრი სრულდება“.
გარდა ნაყინისა, ბრენდი მომხმარებლებს განსხვავებულ დესერტებს, ბელგიურ ვაფლებს, იტალიურ ბურთულებიან ჩაის (Bubble tea), ასევე ცხელ და ცივ სასმელებს სთავაზობს.
რა თქმა უნდა, ამ მოცემულობამდე მოსვლა გარკვეულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. მაშინ, როცა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები ეკონომიკურ მდგომარეობას მთელ მსოფლიოში შეეხო, ჯეჯელატო პირველ ნაბიჯებს დგამდა… ასეთ პერიოდში კი რთული იყო სანდო პარტნიორის პოვნა და სტაბილურობის შენარჩუნება. მიუხედავად ამ გამოწვევისა, მარიამმა, თავის გუნდთან ერთად, მაინც შეძლო ისეთი ბრენდის შექმნა, რომელიც საფინანსო ორგანიზაციებისთვის სანდო პარტნიორის სტატუსს ინარჩუნებს.
დღეს ჯეჯელატოსთვის პარტნიორის როლს თიბისი ითავსებს. „თიბისის წვლილი ძალიან დიდია ჯეჯელატოს განვითარებაში, რადგან ნებისმიერ იდეასა თუ მოთხოვნას უპრობლემოდ გვიკმაყოფილებენ ფინანსურად. თან საკმაოდ კომფორტული სერვისები და მომსახურება აქვთ, რაც აუცილებელია სწრაფი, უწყვეტი პროგრესისთვის“, — ამბობს მარიამ უჩანეიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მარიამის თქმით, ჯეჯელატოს სამომავლო გეგმები არა მარტო ობიექტების გაფართოებას, არამედ წარმოების გაზრდას უკავშირდება. ამ ახალ გზაზე კი მთავარ დასაყრდენად კომპანია კვლავ თიბისის განიხილავს.