ქართული ბიზნესსექტორის ყურადღება 8-9 ოქტომბერს, ტაშკენტში გასამართი მასშტაბური გამოფენისკენაა მიპყრობილი, რომელიც მონაწილეებს ახალ ბაზარსა და შესაძლებლობებს უჩენს.
ორდღიანი კონფერენცია “ საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა” სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებს აერთიანებს და 4000-მდე სტუმარს ელის.
პროექტისთვის მზადება 6 თვე მიმდინარეობდა, ის თიბისის მხარდაჭერით ტარდება და ორგანიზატორი გაყიდვების ასოციაციაა.
ბოლო წლებში უზბეკეთის ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივები უცხოელი ინვესტორების მოზიდვას ისახავს მიზნად. მთავარი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებია, რომელიც ამცირებს საწყის ფინანსურ ტვირთს და ახალ გარემოში ბიზნესის წამოწყებას ამარტივებს.
ქართული კომპანიებისადმი რომ ინტერესი მაღალია ეს გამოჩნდა “სოფტგენის” მიერ ჩატარებულ კვლევაში. ბაზრის შესწავლის შემდეგ კომპანიამ ფილიალი უზბეკეთში გახსნა. საქართველოში “სოფტგენი” 2008 წლიდან ოპერირებს და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია. 17 წლიანი გამოცდილების მქონე ბრენდი გამოფენის მონაწილეა და მისი მთავარი მოტივაცია ახალი კონტაქტების დამყარებაა.
“ადრე უზბეკეთის ბაზარი არ იყო ხელმისაწვდომი და ის უცხოელი ინვესტორებისთვის ახლახან გაიხსნა. ჩვენი ბიზნესმოდელი B2B-ია.
გამოცდილებაზე მოთხოვნა ნამდვილად არსებობს, აინტერესებთ სიახლეების დანერგვა. მსგავსი ფორმატის კონფერენციები ყოველთვის ძალიან ეფექტური და წარმატებულია. გამოფენა საუკეთესო საშუალებაა ჩვენი კომპანია წარვადგინოთ და უფრო მეტი ბიზნესის წარმომადგენელი გავიცნოთ”- ამბობს იასონ არქუა “სოფტგენ ჯგუფის” დამფუძნებელი.
უზბეკეთში თანამედროვე, მომხმარებელზე მორგებულ ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. ამ პროცესს კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საჭიროებაც ახლავს თან როგორც საბანკო და ფინტექ სფეროში, ასევე ჯანდაცვაში.
“დოქტორიუმი გამოფენაზე წარდგენილი იქნება სტენდით, სადაც წარმოვაჩენთ, თუ როგორ შეიძლება AI-ზე დაფუძნებული ანალიტიკა და ციფრული პლატფორმა გახდეს სანდო მხარდამჭერი როგორც ექიმებისთვის, ისე პაციენტებისთვის. შევისწავლით, თუ რა საჭიროებები და ტენდენციებია უზბეკეთში ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით.“- აღნიშნავს მულტიპროფილური კლინიკა “კანის” დამფუძნებელი დირექტორი მაია წურწუმია.
მისი თქმით, მთავარი მოლოდინია პარტნიორობა ადგილობრივ კლინიკებთან და სამედიცინო ცენტრებთან, ასევე ციფრული ჯანდაცვით დაინტერესებულ სადისტრიბუციო კომპანიებთან კოლაბორაცია.
რადგან ინტერესი და ნდობა ქართული კომპანიებისადმი მზარდია, გამოფენაში მონაწილე ბრენდებს ექნებათ საშუალება მომავალ პარტნიორებს პირისპირ შეხვდნენ და წარმატებული თანამშრომლობა დაგეგმონ.