chevron-right-outlined
globe-outlined
EN
Dark Mode

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

Dec 29, 2025
ქავერიeski

“ციყვი ზის”, “ანგელოზი კატო ჩანთებით”, “მორბენალი კუ”- ესკის მაღაზიაში, ხელნაკეთი ნივთების სახელებიც კი მიგანიშნებს, რომ თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს.

მაღაზიის შექმნის იდეა ერთ ადამიანს არ ეკუთვნის და ის საჭიროებიდან გამომდინარე დაიბადა. სოციალური საწარმოების ალიანსის გუნდმა დაინახა, რომ აუცილებელი იყო ფიზიკური სივრცის არსებობა, რომელიც მსგავს პროდუქტებს გააერთიანებდა, მისცემდა ხილვადობას და რაც მთავარია მომხმარებლის უკუკავშირს.

სოციალურ საწარმოებს მათი საქმიანობის მცირე მასშტაბიდან გამომდინარე ხშირად არც საკუთარი მაღაზია აქვთ და არც ადგილი, სადაც მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტი შედგება. განსაკუთრებით რთულია ეს რეგიონებში მოქმედი საწარმოებისთვის, სადაც პროდუქტის თბილისამდე ჩატანა და რეალიზაცია დამატებით ბარიერებს ქმნის. „ესკიმ“ ეს პრობლემა გადაჭრა. ამ სივრცეში მოსული მომხმარებელი მხოლოდ ნივთს არ ყიდულობს. ის ერთვება პროცესში, სადაც გააზრებულ არჩევანს დიდი მნიშვნელობა აქვს. თითოეული შენაძენით შენ შეგიძლია წაახალისო მწვანე ინიციატივები, გააძლიერო ქალები და შშმ პირები, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასაც კი შეუწყო ხელი. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მისია, გადაჭარბებული სულაც არაა, რადგან “ესკი” თავს უყრის 30-მდე სოციალური საწარმოს 650-ზე მეტი დასახელების ნივთს.

„გულწრფელად მჯერა, რომ სამყაროში ინდივიდუალურ ქცევას დიდი გავლენა აქვს და დადებით ცვლილებამდე მივყავართ. ჩვენს გარემოში არსებობენ ადამიანები, რომელთაც მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. სულ მახსოვს ერთი ქალბატონის პასუხი, როდესაც სოციალური საწარმოს სიკეთესა და გავლენაზე ვკითხე: ამ საქმიანობამ, ლაპარაკი ხელახლა მასწავლაო“- გვიყვება „ესკის“ ხელმძღვანელი სალომე კუსიანი.

სოციალური საწარმოებისთვის პროდუქტის შექმნის პროცესი ხშირად უფრო რთულია, ვიდრე ტრადიციული ბიზნესისთვის. მაგალითად, როდესაც საწარმო შშმ პირებს ასაქმებს, წარმოების პროცესს სხვა დრო, სხვა მიდგომა და მეტი რესურსი სჭირდება. შეიძლება თანამშრომელს მეხსიერების პრობლემა ჰქონდეს და ერთი და იმავე დავალების ახსნა რამდენჯერმე გახდეს საჭირო. ბიზნესის ლოგიკით ეს ნელი პროცესია, მაგრამ სოციალური მეწარმეობის მიზანი სხვაა: ადამიანმა იგრძნოს, რომ ის საზოგადოების ღირსეული წევრია და თავადაც შეუძლია რაღაც შექმნას.

“ამას ემატება ხელით დამზადებული პროდუქტის სპეციფიკაც: დრო, შრომა და ხარისხი ავტომატურად აისახება ფასზე. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება კერამიკასთან ან თავად შეუქმნია ნივთი საკუთარი ხელით, მარტივად ხვდება, რატომ ვერ იქნება ასეთი პროდუქტი მასწარმოებაზე იაფი. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ გააზრებული შენაძენის მნიშვნელობაზე”- გვიხსნის სალომე და აღნიშნავს, რომ ხშირად ადამიანებს იზიდავთ არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ის ამბავიც, რაც მის უკან დგას.

მიუხედავად ამისა, ბალანსის დაცვა შესაძლებელია სოციალურად პასუხისმგებლიანი ინდივიდებისა და კომპანიების წყალობით. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან არჩევანი გააკეთონ არა მხოლოდ ფასის, არამედ ღირებულების მიხედვით. სწორედ ამ არჩევანზე დგას სოციალური საწარმოების სიცოცხლისუნარიანობა.

თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტობაც ამ გზის გაგრძელებაა.

„განაცხადის შევსებისას ვფიქრობდი, რომ თუ ფინალისტები გავხდებოდით, ეს ნიშნავდა რომ სწორ გზაზე ვდგავართ და წარმატების უნდა გვჯეროდეს. ზუსტად ეს იყო ჩანაფიქრო, როდესაც აპლიკაციის გაგზავნას დავაჭირე ხელი. ჩვენთვის ისიც აღიარებაა, რომ პირველი ადგილი სოციალურმა კაფე მზიურიმ დაიკავა. როდესაც შენს მცირე საქმიანობას, ასეთი დიდი დაჯილდოება აფასებს, ნამდვილად არის მოტივაცია, საქმიანობა გააგრძელო“-ამბობს სალომე.

„ესკის“ გამოცდილებამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ აჩვენა. საქართველოში წარმოებულ პროდუქტთან დაკავშირებული სტერეოტიპები ნელ-ნელა იმსხვრევა. მომხმარებლებს ხშირად უკვირთ, რომ მაღალი ხარისხის ხის სათამაშოები თუ კერამიკული ნივთები ნამდვილად აქ, საქართველოშია შექმნილი. ეს გაოცება სიამაყედ იქცევა, როცა ადამიანები ბრუნდებიან, კოლექციებს აგროვებენ, უცხოელ მეგობრებს ჩუქნიან ქართულ სოციალურ პროდუქტებს. ეს ნიშნავს, რომ სივრცეს აქვს მიზიდულობის ძალა არა მხოლოდ როგორც მაღაზიას, არამედ როგორც იდეას. ამ პროცესში ჩართვა და ნივთების შეძენა კი ონლაინაც შეგიძლიათ https://eski.ge/

Dec 29, 2025