chevron-right-outlined
globe-outlined
EN
Dark Mode

„ლუმიერსი“ — ქართული საკონდიტრო, რომელსაც უკვე ესპანეთშიც შეხვდებით

Mar 18, 2025
Artboard 46 copy 8-100

ალბათ, ქართველი მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — ტრდელნიკი. ეს უკანასკნელი ჩეხურ და უნგრულ ტრადიციულ დესერტს წარმოადგენს, ხოლო ემილ კურბანოვს სწორედ ჩეხეთში მოგზაურობისას გაუჩნდა იდეა, საქართველოში საკუთარი საკონდიტრო გაეხსნა.

რა თქმა უნდა, იდეის განხორციელება მარტივი პროცესი არ ყოფილა. როგორც ემილი აღნიშნავს, პირველ რიგში, უნიკალური გემოების შემუშავებაზე დაიწყო ფიქრი. დიდი ხნის განმავლობაში ცომის რეცეპტის დატესტვასა და სხვადასხვა არომატის შექმნაზე მუშაობდა. საბოლოოდ „ლუმიერსის“ პირველი ფილიალი პუშკინის ქუჩაზე გაიხსნა, დღეისათვის კი რამდენიმე ლოკაციებზე მასპინძლობს მომხმარებლებს: ლისის ტბაზე, ჭავჭავაძეზე, კოტე აფხაზის ქუჩასა და ისთ ფოინთში.

„თითოეულ ფილიალში ადგილზე, ყოველდღიურად ახალ ტრდელნიკს ვამზადებთ. ასე ვთქვათ, ყოველი მომხმარებლისთვის, შეკვეთის მიხედვით ინდივიდუალურად ცხვება ტრდელნიკის სასურველი ვარიაცია. თანაც მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთი დღით არ შეგვიწყვეტია გემოების განვითარებაზე მუშაობა… ამიტომაც მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ ვისაც ჩეხეთში ან უნგრეთში მოგზაურობისას დაუგემოვნებია ტრდელნიკი და შემდეგ ჩვენთან გაუსინჯავს, ბევრს „ლუმიერსის“ ვერსია უფრო მოსწონებია“, — ამბობს ემილ კურბანოვი, „ლუმიერსის“ დამფუძნებელი. მომხმარებლების მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება არცაა გასაკვირი, ვინაიდან, ემილის თქმით, ტრდელნიკის თითოეული ინგრედიენტის ცალკეულ დახვეწაზე მუდმივად მუშაობენ, რათა ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტად განვითარდეს პროდუქტი.

ერთია იდეა და უნიკალური რეცეპტებისა თუ ტექნოლოგიების დახვეწა, მაგრამ მეორეა ამ ყველაფრის რეალობად ქცევის შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით, ემილი თიბისის როლზე საუბრობს: „თავდაპირველად საკუთარი სახსრებით დავიწყეთ ბიზნესი, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მასშტაბები გაიზარდა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება იყო საჭირო, თიბისის მივაკითხეთ. სწორედ აქ მოგვცეს სესხი, რომლის მეშვეობითაც საწარმო სივრცე განვავითარეთ. ამასთანავე, დავიწყეთ ფილიალების დამატება“.

აღსანიშნავია, რომ „ლუმიერსის“ გაფართოება ლოკალურ ბაზარს გასცდა და სულ რამდენიმე თვის წინ მისი ფილიალი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიხსნა. „ამაში უდიდესი როლი ითამაშა თიბისიმ, რადგან სწორედ მისი დახმარებით მოვახერხეთ საქართველოს გარეთ გასვლა. ეს არის ნაბიჯი, რომელმაც ფართოდ გაგვიხსნა გზები და სხვა მასშტაბებით დავიწყეთ ზრდა. თანაც მადრიდში არ არსებობს მსგავსი საკონდიტრო — მხოლოდ ჩვენთან შეუძლიათ ტრდელნიკის დაგემოვნება და გახსნის პირველივე დღეებიდანვე დიდი პოპულარობით ვსარგებლობთ. თითქოს, ყველა ელოდებოდა სივრცეს, სადაც ტრდელნიკის მირთმევას შეძლებდნენ… შესაბამისად, ამჯერადაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ გაფართოებაზე როგორც ესპანეთში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებშიც“.

როგორც ხვდებით, „ლუმიერსს“ დიდი გეგმებითა და მიზნებით ავითარებენ, მის განსაკუთრებულ არომატს კი მალე სხვადასხვა ქვეყნის ქუჩებშიც წავაწყდებით.

Mar 18, 2025