globe-outlined
ქარ
Dark Mode

“ჩიკატაის ამბავი” - ბრენდის ახალი პერსონაჟი და ზღაპრული თავგადასავალი

May 22, 2026
1110x400 (10)

“ცოტამ თუ იცის, რომ ყოველი ას მეთერთმეტე ღამე დედამიწაზე ჯადოსნურია და სურვილი, რასაც ჩაიფიქრებ, აუცილებლად აგისრულდება...”  

ასე იწყება ამბავი, რომელიც თაკო ბუიღლიშვილმა დედასთან - თეასთან ერთად, ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ეს ამბავი, ზღაპრად დაიწერებოდა. 

30 წლის წინ, თეამ ძველი ხელთათმანებისგან ჟირაფი გააკეთა. შემდეგ - მაიმუნი… შემდეგ - თეატრი… მთელი ცხოვრება რაღაცას ქმნიდა. ერთ დღესაც თაკომ გადაწყვიტა - დედას შექმნილი სათამაშოები, მეტ ადამიანს - და რაც მთავარია, ბავშვებს გაეცნოთ. 

ასე შეიქმნა პირველი სათამაშოები, რომლებსაც გია ყანჩელის მელოდია დაემატა და “ჩიკატაის” ბრენდიც დაიბადა. 

“ჩიკატაი” მალევე გახდა ბევრი ბავშვის საუკეთესო მეგობარი. განვითარების გზაზე, ბრენდს ახალი თანამგზავრები და მხარდამჭერები უერთდებოდნენ. დაბრკოლებებით სავსე, მაგრამ საინტერესო მოგზაურობაში, დედა-შვილმა უამრავი გამოწვევა დაძლია. თუმცა, მთავარი სირთულე თურმე წინ იყო. როდესაც 4 წლის წინ, თეა გარდაიცვალა, თაკოს სახელოსნოსკენ გახედვაც კი უჭირდა. მაგრამ შვილმა - ნიკალაიმ არ მისცა დანებების უფლება:

“მივხვდი, რომ არ მინდოდა ჩემი შვილისთვის დანებების მაგალითის მიცემა, მაგრამ არც ხატვა ვიცოდი, არც კერვა…” 

თაკომ ნელ-ნელა საკუთარი შესაძლებლობების დაიჯერა, ყველაფერი ისწავლა, რასაც დედა აკეთებდა და დიდი ხნის ჩანაფიქრი ახლა უკვე რეალობად აქცია: “ჩიკატაის” ლოგო - წერო, სათამაშოდ გააცოცხლა. 

“მეგობარი წერო, ჩემს წარმოსახვაში უკვე იმდენჯერ მყავდა ყურსასმენებით წარმოდგენილი, რომ მარტივად, მესამე ცდაზევე გამომივიდა.” 

თუ აქამდე “ჩიკატაის” სათამაშოებს გია ყანჩელის მელოდები მიჰქონდათ პატარებამდე, ახალი გმირი - წერო, გნასხვავებული ჰანგებით ამღერდა.  

ერთხელ თაკო KORDZ-ის წარმოდგენას ესწრებოდა, სადაც მუსიკოსმა თავისი ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიცია - Lover’s Funk შეასრულა. თაკომ მაშინვე გაიფიქრა, რომ სწორედ ეს კომპოზიცია უნდა ყოფილიყო “ჩიკატაის” ახალი სათამაშოს მელოდია. კორძიც სიხარულით დათანხმდა იდეას. 

“ბავშვების სამყარო სავსე უნდა იყოს ჯადოსნური ბგერებით, რადგან მუსიკას ყველაზე დიდი ძალა აქვს.”

პროექტმა რამდენიმე ხელოვანი და ხელოვნების სფერო გააერთიანა: წეროს, როგორც პირველივე დღიდან იყო ჩაფიქრებული, თავისი ზღაპარიც უნდა მოეყოლა.  ზღაპარი ბევრი წელი იწერებოდა. წერისას, თაკო გამუდმებით ფიქრობდა იმ ბავშვებზე, რომლებიც “ჩიკატაის” სათამაშოებთან ერთად გაიზარდნენ. ასე აღმოჩნდნენ არტისტი - თეკლა კიღურაძე და სათამაშოების კოლექციონერი, წიგნის დიზაინერი და თეკლას პარტნიორი - ნოდო უგულავა, ამ თავგადასავალში. ნოდომ და თეკლამ ზღაპრის პერსონაჟები ილუსტრაციებად  გააცოცხლეს და ერთ ზღაპრულ წიგნად შეკრეს. 

“ზღაპრის გმირების გაცოცხლებისას, ჩვენს გულწრფელ თავებს და ბავშვობას დავუბრუნდით.”

წერო მზად არის წიგნთან ერთად გასაფრენად  და თავის თავგადასავლში იწვევს ყველას, ვისაც სიკეთის და მეგობრობის ძალის სჯერა. 

“ჩიკატაის” და მის მეგობრებს სჯერათ, რომ იმ ბავშვებს შორის, ვისთვისაც ისინი სათამაშოებს მთელი გულით ამზადებენ, აუცილებლად აღმოჩნდებიან ისინი, ვისაც არ დაავიწყდებათ, რომ ეს სამყარო ყველასია და უნდა გავუფრთხილდეთ მას. და იქნებ მართლაც ასე იწყება სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაც, როცა ვიღაც გულწრფელად დაიჯერებს თავის კეთილ მიზნებს…”

May 22, 2026