AI ჩემპიონების პროგრამა AI Literacy ინიციატივის ნაწილია და მისი მიზანია, თიბისიში AI-ის შესახებ ცოდნის გაზიარება, პრაქტიკული გამოცდილების შექმნა და ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენების ხელშეწყობა.
უკვე ხუთი თვეა, რაც დაახლოებით სამოცამდე AI ჩემპიონი საკუთარ გუნდებში AI-ის გამოყენების პოპულარიზაციასა და ცოდნის გაზიარებაზე მუშაობს. ისინი თიბისელებს უზიარებენ პრაქტიკულ მაგალითებს, ახალ ინსტრუმენტებსა და საკუთარ გამოცდილებას. Ამასთანავე, თავადაც აგრძელებენ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.
AI ჩემპიონების გაცნობის სერიის მეორე ბლოგში თინათინ ცირეკიძე, თორნიკე მათიაშვილი და ნინო ანტონაშვილი გვიყვებიან, როგორ შეიცვალა მათი მუშაობა AI-ის დახმარებით, რა შესაძლებლობები აღმოაჩინეს და რისი გამოცდა სურთ შემდეგ.
თინათინ ცირეკიძე სისტემის ანალიტიკოსია. მისთვის AI-ის ყველაზე საინტერესო შესაძლებლობა მხოლოდ სწრაფი პასუხების მიღება არ აღმოჩნდა.
თინათინისთვის AI განსაკუთრებით ღირებული მაშინ ხდება, როცა ის უბრალოდ პასუხის გამცემ ინსტრუმენტად არ რჩება და აზროვნების პროცესში ერთვება.
სისტემურ ანალიზზე მუშაობისას ის AI-ს საკუთარ ჰიპოთეზებს უზიარებს და სთხოვს, შეამოწმოს, სად შეიძლება იყოს შეცდომა, რა შეიძლება გამორჩენოდა ან კიდევ რა კითხვების დასმა იქნებოდა საჭირო.
„საბოლოოდ გადაწყვეტილებას მაინც მე ვიღებ, მაგრამ აზროვნების პროცესს ბევრად უფრო სწრაფად მივყავარ სწორ მიმართულებამდე“, - ამბობს თინათინი.
AI-ის გამოყენებამ მის ყოველდღიურ საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები ცვლილება ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მოიტანა. თუ ადრე ასეთი სამუშაო ზოგჯერ ერთ კვირასაც საჭიროებდა, ახლა, AI-ის დახმარებით, მისი დასრულება ზოგჯერ ერთ დღეშიც შესაძლებელია.
დიდი მოცულობის ინფორმაციის სტრუქტურირება, ლოგიკისა და დამოკიდებულებების გამოკვეთა, ეს ის პროცესებია, რომლებშიც AI თინათინს ეხმარება და შედეგად, მეტი დრო რჩება თავად ანალიზისთვის.
მისთვის კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება AI აგენტებია. თინათინის ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია იმ შესაძლებლობამ, რომ აგენტი მხოლოდ პასუხის გენერირებით არ შემოიფარგლება - მას შეუძლია მიზნის მიხედვით დაგეგმოს მოქმედებების ჯაჭვი, სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენოს და მიღებული შედეგების საფუძველზე შემდეგი ნაბიჯიც განსაზღვროს.
თორნიკე მათიაშვილი, დეველოპერი და ასოცირებული პარტნიორი, AI-ს პირველ რიგში ექსპერიმენტების შესაძლებლობად უყურებს.
თორნიკეს გუნდში AI-ის გამოყენება მხოლოდ არსებული პროცესების გამარტივებით არ შემოიფარგლება. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილება მათთვის ნულიდან, აგენტური ნაკადების გამოყენებით, პროდუქტების შექმნა აღმოჩნდა.
განსაკუთრებით საინტერესო რეაქცია კი მაშინ მიიღეს, როცა კოლეგებმა AI-ის პოტენციალი პრაქტიკაში დაინახეს, მათ შორის, რამდენიმე ამოცანის პარალელურად შესრულების შესაძლებლობა.
თორნიკესთვის სწორედ ასეთი ექსპერიმენტები არის AI-სთან მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი აზრით, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა მუდმივ ცდას მოითხოვს და ამ პროცესში შეცდომებიც გარდაუვალია.
„ყოველდღიურობის ინტეგრაცია AI-სთან, ბევრი ექსპერიმენტი და ბევრი შეცდომის დაშვება, რადგან შეცდომების გარეშე საუკეთესო გზების დანახვა ძნელია“, - ასეთია ის AI ჩვევა, რომლის გუნდში დატოვებაც თორნიკეს პროგრამის დასრულების შემდეგაც სურს.
მისი გამოცდილება აჩვენებს, რომ AI-ის გამოყენება ყოველთვის მზა გადაწყვეტის პოვნას არ ნიშნავს. ზოგჯერ ყველაზე საინტერესო შედეგი სწორედ მაშინ ჩნდება, როცა ახალი შესაძლებლობის გამოცდას იწყებ და გზად იმასაც აღმოაჩენ, რა მუშაობს და რა არა.
ნინო ანტონაშვილი უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსია. მის შემთხვევაში AI-ის გავლენა განსაკუთრებით კარგად ჩანს იმაში, თუ როგორ შეიცვალა დროის განაწილება და ყოველდღიური სამუშაოს პრიორიტეტები.
ნინოს ყოველდღიური საქმიანობის დიდი ნაწილი მონაცემების დამუშავებას, SQL-ისა და DAX-ის წერას, ანალიზსა და განმეორებად პროცესებს უკავშირდება. AI ამ სამუშაოს რამდენიმე ეტაპზე ეხმარება - რთული ლოგიკის აგებიდან და არსებული კოდის გაუმჯობესებიდან შეცდომების აღმოჩენასა და სხვადასხვა მიდგომის შედარებამდე.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კი მისთვის იმ დროის შემცირებაა, რომელსაც ადრე მონოტონურ და განმეორებად დავალებებზე ხარჯავდა.
როცა ტექნიკურად მარტივი ან განმეორებადი პროცესები ნაკლებ დროს მოითხოვს, მეტი რესურსი რჩება იმ საქმეებისთვის, სადაც ანალიტიკოსის გამოცდილება და კრიტიკული აზროვნებაა საჭირო - მონაცემებიდან ბიზნესინსაითების აღმოჩენისთვის, რთული პრობლემების გადასაჭრელად, ახალი მიდგომების შესასწავლად და პროფესიული განვითარებისთვის.
„AI-მ ჩემი სამუშაო უბრალოდ არ გაამარტივა, მან შეცვალა ის, თუ როგორ ვუდგები ჩემს როლს“, - ამბობს ნინო.
AI Champion-ის როლში ნინო თავადაც აქტიურად აგრძელებს სწავლას. ის ეცნობა არა მხოლოდ AI-ის პრაქტიკულ გამოყენებას, არამედ მისი მუშაობის პრინციპებს, შესაძლებლობებსა და შეზღუდვებს. სწორედ ამიტომ, მისი შემდეგი მიზანი AI Agents-ის უფრო სიღრმისეულად შესწავლაა.
მას აინტერესებს, როგორ შეიძლება აგენტმა რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი ანალიტიკური პროცესი დამოუკიდებლად შეასრულოს. მონაცემების მოძიებიდან და გაწმენდიდან მათ ანალიზსა და საბოლოო შეჯამებამდე.
ნინოს ხედვით, ეს ცვლილება საბოლოოდ ანალიტიკოსის როლსაც ცვლის: თუ დღეს ბევრი ტექნიკური ნაბიჯის შესრულება თავად უწევს, მომავალში შესაძლებელია აგენტს პროცესის ნაწილი გადააბაროს, თავად კი შედეგების ზედამხედველობასა და გადაწყვეტილების მიღებაზე უფრო მეტად კონცენტრირდეს.
თინათინის, თორნიკესა და ნინოს გამოცდილება განსხვავებულია, თუმცა სამივე ისტორია ერთ რამეს აჩვენებს. AI-ის გამოყენების ღირებულება მხოლოდ იმაში არ არის, რამდენად სწრაფად ასრულებს ის კონკრეტულ დავალებას.
ზოგისთვის ის აზროვნების პარტნიორია, ზოგისთვის ექსპერიმენტებისა და ახალი პროდუქტების შექმნის შესაძლებლობა, სხვებისთვის კი დროის გათავისუფლების საშუალება, რათა უფრო მნიშვნელოვან ამოცანებზე კონცენტრირდეს.
AI Champions-ის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაც სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებაა, როდესაც AI-ის შესაძლებლობებს ადამიანები საკუთარ სამუშაოში ცდიან, აღმოჩენილ გზებს კი გუნდებს უზიარებენ, ახალი ტექნოლოგიის გაცნობა პრაქტიკულ გამოცდილებად იქცევა.