<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
ქარ
Dark Mode
  • Home chevron-right-outlined
  • Blogs chevron-right-outlined
  • ინტერვიუ მირო ხომერიკთან – თიბისის DevEx-გუნდის ახალ ლიდერთანchevron-right-outlined

ინტერვიუ მირო ხომერიკთან – თიბისის DevEx-გუნდის ახალ ლიდერთან

Nov 19, 2026
74A2881-1 cropped 1110x400

თიბისის ტექნოლოგიური გუნდი კიდევ ერთი მიმართულებით ძლიერდება. გუნდს მირო ხომერიკი შეუერთდა, რომელიც დეველოპერების გამოცდილების (Developer Experience – DevEx) ლიდერის პოზიციას დაიკავებს. მისი მთავარი ამოცანაა, თიბისის ტექნოლოგიურ სერვისებზე მუშაობა უფრო მარტივი და ეფექტური გახდეს როგორც თავად კომპანიის დეველოპერებისთვის, ისე პარტნიორი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის.

მირო ხომერიკს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ბევრი იცნობს, რადგან მას ამ სფეროში მუშაობის მრავალფეროვანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პროექტთან და გლობალურ ბრენდთან თანამშრომლობის შემდეგ ის თიბისის DevEx-გუნდს ჩაუდგება სათავეში და, როგორც მისი საუბრიდან შევიტყვეთ, საკმაოდ ბევრ გეგმასაც განახორციელებს. მისი მთავარი მიზანი დეველოპერებისთვის ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც პროცესებთან გამკლავებაზე ნაკლები დრო დაიხარჯება, ახალი თანამშრომლები სწრაფად ჩაერთვებიან სამუშაოში, გუნდებს კი ღირებული პროდუქტების შესაქმენლად მეტი დრო დარჩებათ.

რატომ გახდა დეველოპერების გამოცდილება ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი, რა გამოწვევებს ხედავს ამ მიმართულებით თიბისიში და როგორ აფასებს საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების შესაძლებლობებს – მიროს ინტერვიუდან შეიტყობთ.

რას გულისხმობს დეველოპერების გამოცდილების (DevEx) მიმართულება პრაქტიკაში და რატომ გახდა მასზე ზრუნვა თანამედროვე ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი?

DevEx (Developer Experience) გულისხმობს იმ გარემოს, პროცესებისა და ინსტრუმენტების გაუმჯობესებას, რომლებთან ურთიერთობაც დეველოპერებს ყოველდღიურად უწევთ. მთავარი მიზანია, მათ ნაკლები დრო დახარჯონ ტექნიკური და პროცესული დაბრკოლებების გადალახვაზე და მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ უშუალოდ პროდუქტის შექმნაზე ფოკუსირებისთვის.

თანამედროვე ტექნოლოგიურ კომპანიებში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დეველოპერების ეფექტურობა პირდაპირ აისახება კომპანიის განვითარების სისწრაფესა და საბოლოო პროდუქტის ხარისხზე. ჩემთვის DevEx მუდმივი პროცესია, რომელიც დეველოპერების მოსმენას, მათი გამოცდილების გაზომვასა და გაუმჯობესებებზე მუშაობას გულისხმობს.

დღეს რა მთავარი გამოწვევებია ამ მიმართულებით და რა ცვლილებებზე იმუშავებთ პირველ რიგში?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის იდენტიფიცირება, სად კარგავენ დეველოპერები ყველაზე მეტ დროს: რთული ინტეგრაციის პროცესის, არასაკმარისი დოკუმენტაციის, ზედმეტი ნაბიჯებისა თუ ინფორმაციის მოძიების სირთულის გამო.

ჩემი საწყისი პრიორიტეტი იქნება ამ პროცესების შესწავლა და დეველოპერების უკუკავშირის მოსმენა. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ დოკუმენტაციის გაუმჯობესებას, ინტეგრაციის გამარტივებას და იმას, თუ რამდენად სწრაფად ახერხებს დეველოპერი პირველი წარმატებული API-მოთხოვნის განხორციელებას.

რა გახდა თიბისიში გადმოსვლის მთავარი მოტივაცია და რას ხედავთ მასში, როგორც ტექნოლოგიურ ბრენდში?

თიბისი ჩემთვის თავისი მასშტაბითა და შესაძლებლობებით არის საინტერესო. განსაკუთრებით მომწონს, რომ ტექნოლოგიურ გუნდებს რეალური გავლენა აქვთ ბიზნესზე და ახალი იდეების მაღალი სტანდარტის პროდუქტებად გარდაქმნა საკმაოდ სწრაფად შეუძლიათ. თიბისი დღეს მხოლოდ ფინანსური სერვისების კომპანია არ არის – ის ძლიერ ტექნოლოგიურ პლატფორმადაც პოზიციონირებს.

ჩემთვის საინტერესო გამოწვევაა ამ მასშტაბის ორგანიზაციაში ტექნოლოგიას, ადამიანებსა და პარტნიორებს შორის კავშირის გაძლიერება. ვფიქრობ, ჩემი საერთაშორისო გამოცდილება და Engineering Leadership-ის მიმართულებით დაგროვილი ცოდნა საშუალებას მომცემს, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო ამ ეკოსისტემის განვითარებაში.

თქვენი კარიერული გზა საერთაშორისო პროექტებსა და გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობას მოიცავს. რა იყო ამ გზაზე მნიშვნელოვანი პროფესიული ეტაპები?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი Leavingstone-ში მუშაობა იყო, სადაც მობილური აპლიკაციის გუნდთან ერთად მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის გამოცდილება მივიღე. მოგვიანებით ვითანამშრომლე ამერიკულ, კანადურ და ბრიტანულ კომპანიებთან, მათ შორის, ლონდონში Marie Curie-სთან დაკავშირებულ პროექტებზე.

ჩემი კარიერის ყველაზე ხანგრძლივი ეტაპი კი Clientela-ში Head of Engineering-ის პოზიციაზე მუშაობა იყო. იქ ტექნოლოგიური გუნდების, პროცესებისა და საინჟინრო მიმართულების განვითარებაზე ვმუშაობდი ისეთი გლობალური ბრენდებისთვის, როგორებიცაა Dyson, Canada Goose, Chloé, Cartier და Selfridges.

ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ტექნოლოგიური წარმატების საფუძველი მხოლოდ კარგი ტექნოლოგიები არ არის – არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი პროცესები და გარემო, სადაც ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა შეუძლიათ.

როგორია თქვენი, როგორც ლიდერის, მიდგომა საინჟინრო გუნდების მართვისას? რა არის აუცილებელი გარემოს შესაქმნელად, სადაც დეველოპერებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა შეუძლიათ?

ჩემთვის კარგი საინჟინრო გარემოს სამი მთავარი საფუძველია: სიცხადე, სწორი ინსტრუმენტები და ნდობა. დეველოპერს უნდა ესმოდეს, რატომ აკეთებს კონკრეტულ საქმეს, რა მიზანს ემსახურება და რა გავლენა ექნება მის სამუშაოს საბოლოო პროდუქტზე. როდესაც ადამიანს საკუთარი საქმის მნიშვნელობა ესმის და შედეგს ხედავს, მოტივაცია და პასუხისმგებლობა ბუნებრივად იზრდება.

ლიდერის მთავარი როლი კი მიმართულების განსაზღვრა და დაბრკოლებების მოხსნაა. მან გუნდს უნდა შეუქმნას გარემო, სადაც არის საჭირო რესურსები, მკაფიო პრიორიტეტები და გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება. Agile და სხვა მეთოდოლოგიები შედეგის მისაღწევი ინსტრუმენტებია – საბოლოო მიზანი ხარისხიანი პროდუქტის ეფექტურად შექმნაა.

როგორ შეაფასებდით დღეს საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას და განვითარების რა პოტენციალს ხედავთ?

ვფიქრობ, საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. გვყავს ნიჭიერი ტექნიკური კადრები, სულ უფრო მეტი კომპანია მუშაობს საერთაშორისო ბაზრებზე და ქვეყანაში თანდათან ძლიერდება ტექნოლოგიური საზოგადოება.

განსაკუთრებულ შესაძლებლობას ვხედავ ღია API-ების განვითარებასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესში. ვფიქრობ, ბანკები მხოლოდ ფინანსური სერვისების მიმწოდებლებად აღარ უნდა აღიქმებოდნენ – ისინი ტექნოლოგიურ პლატფორმებად ყალიბდებიან, რომელთა გარშემოც ახალი პროდუქტები და ბიზნესები იქმნება.

მჯერა, რომ სწორი თანამშრომლობით საქართველოს შეუძლია რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება, სადაც თიბისი მოწინავე პოზიციაზე იქნება.

Nov 19, 2026