ზაფხული ახალი გამოცდილებებისა და აღმოჩენების დროა. სწორედ, ასეთი დღე ჰქონდათ 15-17 წლის ახალგაზრდებს გურიიდან და ქვემო ქართლიდან, რომლებიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებული საზაფხულო აკადემიის - "ახალგაზრდები და მდგრადი, ციფრული მომავალი" ფარგლებში თიბისის ესტუმრნენ.
UNFPA-სა და თიბისის შორის პარტნიორობის მემორანდუმი გასულ წელს ოფიციალურად გაფორმდა. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მიზანი კი, ახალგაზრდებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნაა, რომლებიც მათ განვითარებაში, ცოდნის მიღებასა და მომავლის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება. სწორედ, ამ პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა შეხვედრაც, რომელმაც ახალგაზრდებს საშუალება მისცა, თიბისის პროფესიონალებისგან მოესმინათ, როგორ იქმნება საერთაშორისოდ აღიარებული ტექნოლოგიური პროდუქტები, როგორ მუშაობენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთ გუნდად და რა შესაძლებლობებს სთავაზობს თიბისი ახალ თაობას.
ვიზიტი თიბისის ისტორიული შენობის დათვალიერებით დაიწყო. შემდეგ კი, ახალგაზრდები შეხვდნენ იმ გუნდების ლიდერებს, რომლებიც თიბისიში ყოველდღიურად ქმნიან ახალ შესაძლებლობებს განათლების, ტექნოლოგიებისა და AI-ს მიმართულებით.
ალექსანდრე მაყაშვილმა (თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი) ახალგაზრდებს თიბისის საგანმანათლებლო პროექტებზე უამბო; კოტე ხოფერიამ (AI და მონაცემთა მართვის დირექტორი) - იმაზე, თუ როგორ იყენებს თიბისი ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურ საქმიანობაში. ნია გვარამიამ (მარკეტერი) სტუმრებს ის შესაძლებლობები გააცნო, რომლებსაც თიბისი ახალ თაობას სთავაზობს. თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორმა, ბიძინა მაცაბერიძემ კი, თიბისი ტექსა და იმ საერთაშორისოდ აღიარებულ ინოვაციებზე ისაუბრა, რომლებსაც ტექ ტალანტები თიბისიში ქმნიან.
საბოლოოდ, შეხვედრა დისკუსიად გადაიქცა - კითხვები არ წყდებოდა და ცნობისმოყვარეობაც უფრო და უფრო იზრდებოდა.
სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი, სწორედ, განათლებისა და ტექნოლოგიების მიმართულებებმა გამოიწვია. მათთვის ეს იყო პირველი შესაძლებლობა, ენახათ, როგორ მუშაობს დიდი ტექნოლოგიური კომპანია შიგნიდან და რამდენად მრავალფეროვანია ის პროფესიული გზა, რომელიც ამ სფეროში შეიძლება აირჩიო.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ის აღმოჩნდა, რომ ეს შეხვედრა მხოლოდ ინფორმაციის გაზიარებით არ დასრულებულა. ბევრმა მონაწილემ საკუთარი მომავლის გეგმებიც უფრო ნათლად დაინახა.
ლიზი ქამადაძე (16 წლის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლესა)
„ყველაზე მეტად მომხიბლა იმან, რომ თიბისიმ ბავშვები ჩინეთში, ოლიმპიადაზე გაგზავნა. მეც მინდა, წავიდე საზღვარგარეთ და თიბისი მაძლევს საშუალებას, ვიყო ასეთ ახალგაზრდებს შორის, მივიღო საჭირო ინფორმაცია და ჩავერთო მსგავს პროექტებში. იმის მიუხედავად, რომ თიბისის საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება ჩემს სამომავლო პროფესიას, ის პირდაპირ კავშირშია იმ ტექნოლოგიებთან, რაზეც თიბისი მუშაობს. შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ ტექნოლოგიების ათვისება აუცილებელია. ვაპირებ, გავიარო თიბისის კურსები, რომ მეც ვისწავლო და სხვებსაც დავეხმარო კარიერის ამ მიმართულებით გაგრძელებაში.“
რომა ბოლქვაძე (17 წლის, მარნეული, სოფელი მარადისი)
„რადგან თავად ვგეგმავ მუშაობას software development-ის მიმართულებით, ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ჩემი კარიერული განვითარებისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო. მივიღე ინფორმაცია თიბისის ტექსკოლის შესახებ, სადაც აუცილებლად დავრეგისტრირდები. მისი დახმარებით შევძლებ, პირველი ნაბიჯები გადავდგა ჩემი სამომავლო პროფესიისკენ. დღეს თიბისისგან ვისწავლე, რომ მთავარია გჯეროდეს და ყოველთვის უნდა მიჰყვე შენს ოცნებებს.“
მთავარია გჯეროდეს - ეს ფრაზა შეხვედრის დასრულების შემდეგაც დარჩა ახალგაზრდებთან. მათთვის ეს მხოლოდ ბრენდის მესიჯი არ ყოფილა; უფრო შეხსენება იყო, რომ დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ცნობისმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა და საკუთარი თავის რწმენა ყველაზე მნიშვნელოვანი ძალაა. სწორედ, ამ რწმენით დაბრუნდნენ ისინი სახლში - ახალი ცოდნით, ახალი იდეებითა და სურვილით, მიღებული გამოცდილება თანატოლებსაც გაუზიარონ.