chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

“როგორ გავყიდოთ აგრო პროდუქტები”- ხუთშაბათის შეხვედრების სესია გორში გაიმართა

21 ივლ. 2025
Artboard 46 copy 4@2x-100

10 ივლისს „ხუთშაბათების შეხვედრების“ მორიგ სესიას ამჯერად გორმა უმასპინძლა მთავარი თემით „როგორ გავყიდოთ აგრო პროდუქტები“?. ღონისძიებას, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა, აგროსექტორის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აგროპროდუქტის გაყიდვას თავისი სპეციფიკა აქვს – ის მალფუჭებადია, სეზონური და ხშირად რთულად პროგნოზირებადი. ეს პროცესი ფერმერისგან დიდ ყურადღებას მოითხოვს: რა ჯიშს ზრდი, როგორ შხამ-ქიმიკატებს იყენებ, როგორ შეინახავ და რამდენ ხანში მიიღებ მოგებას. ამიტომაც, წარმატებული გაყიდვა იწყება ბევრად ადრე – მიწის დამუშავებამდე მიღებული სწორი გადაწყვეტილებით და მთავრდება მომხმარებლისთვის არასაზიანო პროდუქტის მიწოდებით.

„ორი ნაბიჯის“ კომერციულმა მენეჯერმა სანდრო საკანდელიძემ ფერმერებს მათ კომპანიაში დანერგილი შესყიდვების პროცესი გააცნო. კომპანიას, რომელიც ქვეყანაში 560-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი, აქვს WhatsApp-პლატფორმაზე დაფუძნებული ციფრული საკომუნიკაციო სისტემა, სადაც მომწოდებლები ყოველ დილით აწვდიან ინფორმაციას პროდუქტზე, რაოდენობაზე და ფასზე. კომპანია მხოლოდ იმ პროდუქტს ყიდულობს, რომელიც აკმაყოფილებს წინასწარ შემუშავებულ სტანდარტს.

„დაახლოებით 32 კულტურას ვყიდით, საიდანაც 13 სახეობა ბოსტნეულია, დანარჩენი კი ხილი. დღიურად 150 ტონაზე მეტი ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას ვახდენთ, რაც საქართველოში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. სანამ შეხვედრა დაიწყებოდა დღეს უკვე 5-6 ბაღი მოვინახულეთ. ვაკვირდებით ზრდის ციკლს, რომ ვიცოდეთ რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს“- განმარტა საკანდელიძემ.

თიბისი პირველი იყო ვინც წლების წინ აგროსფეროს დაკრედიტებას სტანდარტულის ნაცვლად ინოვაციურად მიუდგა.

„იქამდე არსებული პრაქტიკით, პირობითად თუ ფერმერს ერთი ჰექტარი მიწა ჰქონდა და განვითარება სურდა, ბანკი დამატებით ასევე ერთი ჰექტრის ათვისებაში ეხმარებოდა. ჩვენ სხვაგვარად მივუდექით საკითხს. ლოგიკა ასეთი იყო, ფერმერს თუ აქვს ამ სფეროში გამოცდილება და მიწა. გაგვეცა სესხი და მისი გადახდა მას შემდეგ დაეწყო, როდესაც ბაღი მსხმოიარობაში შევიდოდა. ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად განვიხილავდით. ერთის მხრივ ფერმერი სახელმწიფო პროგრამით სარგებლობდა, მეორე მხრივ ჩვენი შეღავათით. შედეგად გადახდას 5 წლის შემდეგ იწყებდა“-გაიხსენა საკუთარი გამოცდილება შოთა გონგლაძემ, რომელსაც აგროსფეროში დიდი გამოცდილება აქვს და თიბისის სახელმწიფო პროექტების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

ინოვაციურმა მიდგომამ გაამართლა და თიბისიმ იგივე პრაქტიკა ჯერ მრავალწლიან კულტურებზე შემდგომ კი მეცხოველეობაზეც გაავრცელა.

ცოცხალი დისკუსიის დროს ფერმერებმა მთავარ გამოწვევად სურსათის უვნებლობა და ჭარბი მოსავლის დროს რეალიზაციის პრობლემა დაასახელეს. კითხვების უმეტესობაც ამ თემებს მიემართებოდა.

სურსათის უვნებლობის ექსპერტმა თამარ ნოზაძემ თითოეული რგოლის: ფერმერის, გადამამუშავებლის, დისტრიბუციის, მარეგულირებელის და მომხმარებლის სათანადო ცოდნით აღჭურვაზე და მათი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით არსებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი ზოგადია და საჭიროებს მიკროზონების დონეზე არსებული რესურსების შესწავლას და შემდგომ პრიორიტეტული დარგების განსაზღვრას. აღნიშნულ პროცესში კი უმნიშვნელოვანესია საჯარო და კერძო სექტორს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა.

აუდიტორიის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ექსპერტმა ასევე ისაუბრა აგროქიმიკატების გამოყენების მართებულ პრაქტიკებზე და იმ საფრთხეებზე, რაც მათ არასწორ გამოყენებას ახლავს თან.

ექსპერტმა დამსწრე ფერმერებისთვის საინფორმაციო ფურცელიც მოამზადა, სადაც ყველა ის მხარდაჭერის პროგრამა შეაჯამა, რომელსაც სახელმწიფო თუ დონორი ორგანიზაციები ამჟამად ახორციელებენ.

მათი გამოწვევების საპასუხოდ, ნოზაძემ ფერმერებს გაერთიანება, ასოციაციების ფორმირება და საჯარო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია ურჩია.

„მიმართეთ საჯარო უწყებებს, გამოიყენეთ თქვენი უფლება. აქტიური კომუნიკაცია არამარტო თქვენი, არამედ საჯარო სექტორის განვითარებისთვის და გამოწვევებზე ორიენტირებისთვისაა აუცილებელი“.

„ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანია სხვადასხვა ინდუსტრიის პროცესების, სპეციფიკისა და სტრატეგიების წარმოჩენა. დისკუსიებისთვის კი ეს ფორმატი გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა.

21 ივლ. 2025