globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

მარიამ ბეროძე - სიჯიუტე ჩემი საუკეთესო მეგობარია

11 მარ. 2026
მთავარია გჯეროდეს

მე თუ მკითხავთ, სიჯიუტე თანდაყოლილი თვისებაა და მემკვიდრეობით - დედაჩემისგან, დედაჩემს კი ბებიაჩემისგან გადმოეცა. ალბათ, ჩემი თავქარიანი მიზანდასახულობის საიდუმლოც ეგაა, რომ სწორედ ჯიუტი ქალების გარემოცვაში გავიზარდე - ქალების, რომლებსაც, ჩემი აზრით, არაფერი აშინებდათ.

პირველად რომ თვითმფრინავის ბილეთები ვიყიდე, წარმოდგენა არ მქონდა, სასტუმრო როგორ უნდა დამეჯავშნა, რა უნდა მექნა, თუკი ინტერნეტის გარეშე დავრჩებოდი, თუ გასაღებს დავკარგავდი, თუ ქუჩებისა და სანაპიროების თვალიერებაში შემომაღამდებოდა, თუ ავად გავხდებოდი და გვერდით არავინ მეყოლებოდა… თუმცა შესაძლო და ჯერ არ მომხდარ პრობლემებზე წინასწარ დარდი ძალიან დიდი ხნის წინ შევწყვიტე და მას მერე, ამაზე ფიქრით თავი აღარც დამიღლია.

დროთა განმავლობაში, წვრილმანი პრობლემების გადაწყვეტა ჩემი საყვარელი საქმიანობა გახდა. ვგრძნობდი, რომ შემთხვევები, რომლებიც ადრე დანებების სურვილს მიჩენდა, ახლა მაძლიერებდა. ასე მოხდა, როცა ჯერ კიდევ უნივერსიტეტის სტუდენტმა, პირველივე ცდაზე, კაიროს განათლების ცენტრის სტიპენდია ვერ მოვიპოვე. თავიდან მეგონა, რომ მთელი შრომა წყალში ჩამეყარა, თუმცა მეორე დღეს ძალები მოვიკრიბე და წელი ისეთი ჯიუტი მონდომებით ჩავხურე, რომ საშუალო ქულების მაჩვენებელი საგრძობლად ავწიე და მომდევნო ცდაზე ეგ სტიპენდია დამიმტკიცეს, არაბულის სწავლა კი კაიროში განვაგრძე.

სიჯიუტე რომ ჩემი საუკეთესო მეგობარია, ეს ნეპალში, ანაპურნის საბაზო ბანაკისკენ მიმავალ გზაზე გავიაზრე. როცა მესამე დღეს ტკივილმა და გადაღლილობამ ლამის უკან მომაბრუნა, თაფლიანი ჯინჯერის ჩაი მოვიმზადე, მწვანე მთებს ავხედე და ჩემს თავს ვუთხარი: “მარიამ, თუ გზის გაგრძელება არ შეგიძლია, დაბრუნდი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ შეძლებ!”.

რაც უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, როცა ჰიმალაის პატარა სოფელში მარტო ხარ და ინტერნეტი ნაწყვეტ-ნაწყვეტ იჭერს, საკუთარი თავის გამხნევება საუკეთესოდ მუშაობს. ჰოდა, მერვე დღეს ანაპურნის საბაზო ბანაკში, 4130 მეტრის სიმაღლეზე, ხისგან გამოთლილ სკამზე ვიჯექი და გამარჯვებით ვტკბებოდი.

სიჯიუტე დამეხმარა, რომ ნეპალში მარტორქა მენახა, რომელსაც მზისგან გახურებულ მინდვრებში 5 საათი ვეძებდი; სიჯიუტე დამეხმარა, რომ გამთენიისას ავმდგარიყავი, თბილად ჩამეცვა და ვიეტნამის ნისლიანი მთები ან ჩინეთის საზღვართან მდებარე ჩანჩქერი მენახა; სიჯიუტე დამეხმარა, რომ კამბოჯაში ანგკორ-ვატის გასაოცარი ტაძარი მზის ამოსვლისას დამეთვალიერებინა; სიჯიუტე დამეხმარა, რომ სიცოცხლისთვის საშიში ინციდენტის შემდეგ კვლავ ოკეანეში შემეცურა და ნავში მშვიდად ჩაჯდომა ახლიდან მეცადა…

არსებობს სტერეოტიპი, რომ სიჯიუტე უარყოფითი თვისებაა და თუ გოგო ხარ, მაშინ დამყოლი და დამთმობი უნდა იყო. თუმცა, სინამდვილეში, სწორედ სიჯიუტეა ის, რაც მთებს გადაგადგმევინებს და შეუძლებელს შეგაძლებინებს.

11 მარ. 2026