დღეს, როცა მსოფლიო აქტიურად ეძებს გარემოსდაცვითად უსაფრთხო და ეკონომიურად გამართულ ენერგეტიკულ გადაწყვეტილებებს, მზის პანელები არა მხოლოდ ალტერნატიულ რესურსს წარმოადგენს, არამედ გარდაუვალი აუცილებლობაც კია.
ასე ვთქვათ, მზის ენერგია აღარ განიხილება, როგორც „შორეული მომავლის“ კონცეფცია; ის უკვე ჩვენი დღევანდელი რეალობაა. სწორედ ამ მიზნის გარშემო გაერთიანდა დარგის ხუთი სპეციალისტი და საფუძველი ჩაეყარა კომპანიას — შპს ჯგუფი 2805, რომელიც პირდაპირ მზის ელექტროსადგურისთვის შექმნილ SPV ერთეულს წარმოადგენს.
შპს ჯგუფი 2805-ის დაარსების მთავარი მოტივაცია იყო თანამედროვე, ტექნოლოგიურად გამართული და მდგრადი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნა. კომპანიამ მიზნად დაისახა იმგვარი სადგურის განვითარება, რომელიც მაღალი ხარისხის კომპონენტებზე, გამართულ საინჟინრო გადაწყვეტილებებსა და, რაც მთავარია, ეთიკურ მიდგომაზე იქნებოდა დაფუძნებული. ხუთივე მეწილე პროფესიონალია საკუთარი სფეროში, რაც საფუძველს ქმნის ტექნიკურად გამართული, ხარისხზე ორიენტირებული პროცესისთვის.
„ჩვენს მზის სადგურს გამოარჩევს უნიკალური ადგილმდებარეობა, მარტივად მისასვლელი გზა, სიახლოვე ელექტრო ქსელთან. ასევე, ძლიერი ტექნიკური გადაწყვეტილებები, ვინაიდან ხუთივე მეპატრონე დარგის სპეციალისტი ვართ; უმაღლესი ხარისხის მონტაჟი, საუკეთესო მოწყობილობები. როგორც პანელები, აგრეთვე ინვერტორები, მსოფლიო ტოპ ბრენდებია, მიუხედავად იმისა, რომ ჩინურია. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ჩვენს სადგურს ჩაუტარდა ტესტირება ექსპლუატაციაში გაშვებამდე, რასაც, სამწუხაროდ, საქართველოში არავინ აკეთებს“, — აღნიშნავს ილია რაზმაძე, შპს ჯგუფი 2805-ის თანადამფუძნებელი.
რა თქმა უნდა, დაარსების დღიდან ბევრმა გამოწვევამ იჩინა თავი. თუმცა შპს ჯგუფი 2805 არ შეჩერდა და ყოველი ნაბიჯი სტრატეგიულად გადადგა — მათ შორის მიწის შერჩევა: სპეციალურად შეიძინეს ტერიტორია, რომელიც ქვიანია, სახნავ-სათესად უვარგისი, და ამჟამადაც გამოიყენება ცხვრის საძოვრად. ეს ეკოლოგიურად გონივრული მიდგომაა, რომელსაც სამწუხაროდ სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა მსგავსი პრაქტიკა სავარაუდოდ მალე დაინერგება.
პროექტის ფინანსური მხარე ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ასპექტია. შპს ჯგუფი 2805-ის შემთხვევაში, სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა თიბისისთან, რომელმაც გამოიჩინა მოქნილობა, ოპერატიულობა და პროფესიონალიზმი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს — ისინი დიდწილად ქვეყნის ენერგოპოლიტიკაზეა დამოკიდებული, შპს ჯგუფი 2805 კი მზადაა, თავისი გამოცდილება კიდევ უფრო მეტად განავითაროს.