chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

Youtube ბიზნესი ბიზნესებისთვის- როგორ ჩაიარა ხუთშაბათის შეხვედრებმა?

30 სექ. 2025
coer

10 წლის წინ წინ ძნელად წარმოიდგენდა ვინმე, რომ youtube-ზე სამოყვარულოდ ატვირთული ვიდეოები შესაძლოა შემოსავლის ძირითადი წყარო გამხდარიყო.

დღეს ქართველი იუთუბერები მოგზაურობენ ქართულ მთებშიც და ბრაზილიურ ჯუნგლებშიც, მყუდროებას ურღვევენ მდინარე ამაზონის ბინადრებს, გვიზიარებენ კულინარიულ რეცეპტებსა და ემოციებს. რაც მთავარია, ამით შემოსავლის გენერირებასაც ახერხებენ.

სფერო მზარდია, საქმე კი- მიმზიდველი. ამიტომ თიბისი ბიზნეს პანელური დისკუსიების სერია “ხუთშაბათის შეხვედრები” 25 სექტემბერს ამ აქტუალური თემით გაგრძელდა.

მრგვალი მაგიდის გარშემო ამჯერად იუთუბერები გიორგი კალატოზი,ნინუცა ორჯონიკიძე და სეტანტას community impact head სალომე ყალიჩავა შეიკრიბნენ.

უტრავმო ფეხბურთის თამაშის შემდეგ გიორგი კალატოზს ძალიან უნდოდა, ამ სფეროში დარჩენილიყო. 19 წლის ასაკში საფეხბურთო კომენტატორი გახდა და 9 წელი იმუშავა. 2015 წელს გადაწყვიტა, იუთუბ არხი გაეხსნა. ძირითადად საყვარელი კომპიუტერული თამაშების მომოხილვას დებდა. პირველ ვიდეოს 1 კვირა ამონტაჟებდა. ბუნებრივია, რომ იმ პერიოდში წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი იუთუბერი გახდებოდა.

„მახსოვს ის შეგრძნება როდესაც პირველად წავიყვანე საფეხბურთო მატჩი ტელევიზიაში. გამოვედი კომენტატორის ჯიხურიდან და გულუბრყვილოდ მეგონა, რომ მალე ხმაზე მიცნობდნენ. განსხვავებული გამოცდილება იყო იუთუბზე: ქუჩაში მამხნევებდნენ და ბავშვები ფოტოებს იღებდნენ. როდესაც პირველი სპონსორი გამოჩნდა, მივხვდით, რომ ამ საქმეს სერიოზულად უნდა მივყოლოდით. ცოტა ხნის წინ, ახალი არხის შექმნა დავაანონსე და სამმა კომპანიამ უკვე გამოთქვა სპონსორობის სურვილი. თავიდანვე ვიცოდი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იყო წმინდა, რომელსაც არავინ უნდა შეხებოდა“- გაიხსენა გიორგიმ.

ყოფილი ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძესთვის Youtube კარგი საშუალებაა ამბავი იმ ფორმით მოყვეს, რომელიც მისთვისაა მისაღები. ამბების მოყოლა და მთა კი მისი სტიქიაა. არხი შექმნა, მეგობრები შემოიკრიბა და მთაში ხეტიალიც დაიწყო, თუმცა მაყურებელი მის ენთუზიაზმს თავიდან არ გაჰყვა, არც მისი ინსტაგრამის გამომწერებს წასცდენიათ ხელი youtube-ის ზარზე. ნინუცას მცდელობას, არხს რეკლამით მიშველებოდა და დაებუსტა 1000 დოლარი ემსხვერპლა. შედეგი ვერ მოიტანა, თუმცა ძვირიანი გაკვეთილი მიიღო. შემდეგ სტრატეგია შეცვალა, უკვე ცნობილ იუთუბერებთან კოლაბორაციული ვიდეოები შექმნა და ნახვებმაც იმატა. ახლა არხს 60 000 გამომწერი ჰყავს.

„ჩემთვის საინტერესო რესპონდენტები სხვებისთვის გაცნობა უმთავრესი მოტივაციაა. მიყვარს ამბების მოყოლა, ამიტომ იყო რომ სატელევიზიო სტუდიიდან გარეთ გასვლა მინდოდა. როცა არხი გავაკეთეთ სპონსორებთან ურთიერთობა გვერიდებოდა., ჯერ მარკეტერ მეგობრებს შევეხმიანეთ. ვთხოვდით ბენზინის ფულის გამოყოფას. ორი წლის წინ მეგობარსაც კი ვერ დაარწმუნებდი რომ Youtube channel-ში ფული ჩაედო, დღეს სიტუაცია შეცვლილია.“- ამბობს ნინუცა.

სალომე ყალიჩავა მიიჩნევს, რომ ბრენდმა არა ამბასადორები, არამედ მეგობრები უნდა შემოიკრიბოს. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართულ სეტანტას ორგანული ვიდეოები ჰქონოდა. ( მერე რა, რომ საერთაშორისო ბრენდს ჯამში 1 მილიონი გამომწერი ჰყავს?)

“ცუდია, როცა კომპანია ამ პლატფორმას ფოტო-ვიდეოების ასატვირთ გალერეად იყენებს. ხშირად ვხედავთ დამფუძნებლის ვიდეოს ათასობით ნახვით და 0 კომენტარით. ასეთ დროს უნდა მიხვდე რომ შენს ბრენდს კომუნა არ ჰყავს. ამას კი მხოლოდ ვიდეოს დაბუსტვა არ შველის.“- ამბობს სალომე.

სპორტის არხს თავისი არსიდან გამომდინარე სპეციფიკაც თავისი აქვს.

„სპორტში ზიზღისა და სიყვარულის ალგორითმი არსებობს, ან გძულს ან გიყვარს.ჩვენი კომენტატორები ამ სფეროს აზრის ლიდერები არიან, ამიტომ ვცდილობთ წესები დავიცვათ“.-ამბობს ის.

დარბაზიდან ლევან ლაბარტყავას კითხვა ეთიკურ სტანდარტს ეხებოდა. დამსწრე დაინტერესდა, როგორ მიჯნავენ იუთუბერები ორი კონკურენტი კომპანიის პროდუქტის რეკლამირებას და ხომ არ ქმნის ეს უხერხულობას ბაზრის სიმცირის გამო? გიორგი კალატოზიშვილს მიაჩნია, რომ უნდა არსებობდეს გონივრული ვადა, როდესაც უნდა გაჩერდე, სანამ ერთი პროდუქტის შემდეგ მისი კონკურენტის რეკლამირებას გააგრძელებ. აღმოჩნდა, რომ კომპანიები სასპონსორო ხელშეკრულების დადებისას ამ ფაქტს ითვალისწინებენ და უკვე პირობად დებენ.

2025 წელს Youtube-ზე რეგისტრირებული არხების რაოდენობა 50-70 მილიონამდე მერყეობს. ყველაზე პოპულარული კი Mrbeast-ია 380 მილიონი გამომწერით, რომელმაც 473 მილიონი დოლარის დაგროვება შეძლო.

მილიონებს ვერა, მაგრამ დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ youtube-ზე მონეტიზაციის თანხამ ჩვენს ქვეყანაში მოიმატა. ასევე ყველა ამბობს, რომ თემატური არხები ჯერ კიდევ დეფიციტია. ასე რომ, მთავარია დაიწყო და წარმატებაც გზაში წამოგეწევა.

30 სექ. 2025