3 ივლისს თიბისი ბიზნეს დაჯილდოებამ ერთ სივრცეში თავი მოუყარა გამოცდილ და დამწყებ ბიზნესმენებს, ანტერპრენერებს და იმ ენთუზიასტებსაც, რომლებიც ღონისძიებაზე წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად მივიდნენ.
ქართულ რეალობაში თიბისის პროექტები დიდი ხანია იქცა „წლის მთავარ მოვლენად“, ამიტომ გასაკვირიც არაა რომ ღონისძიება დაარსებიდან მეცხრე წელს განსხვავებული ფორმატითა და მრავალფეროვანი სპიკერებით შეხვდა.
ერთ-ერთი მათგანი იყო თეგეტა ჰოლდინგის დამფუძნებელი თემურ კოხოძე. მთავარი ღირებულება, რომლის შექმნასაც კოხოძე 1995 წლიდან ცდილობს მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნესია. ერთი ადამიანის მიერ სამგზავრო ავტობუსების სათადარიგო ნაწილებით დაწყებული საქმე, დღეს უკვე რეგიონში უმსხვილესი ბრენდი და სანდო პარტნიორია. იმდენად სანდო, რომ პორშეს წარმომადგენლობამ თავად შესთავაზა თანამშრომლობა. თუმცა, წარმატების სართულამდე ასვლა არც ისე სწრაფი აღმოჩნდა.
„როდესაც ბიზნესი გავაფართოეთ, ოფისისთვის შენობის მეორე სართულიც შევიძინეთ. შიდა ლიფტიც ჩვენივე ხელით დავამონტაჟეთ. კონსტრუქცია მყარი, თუმცა ძალიან ნელი იყო და მეორე სართულამდე ასვლას დიდი დრო სჭირდებოდა. წარმოიდგინეთ, სტუმრად მყოფი იაპონელი პარტნიორების გაკვირვება, როდესაც ლიფტში 5 წუთიანი მგზავრობის შემდეგ მხოლოდ ერთი სართულით მაღლა გადაინაცვლეს“- გაიხსენა კოხოძემ.
გუნდურობასა და საერთო ხედვის მნიშვნელობაზე ისაუბრა ნიკა ქურდიანმაც. სარისკო, მაგრამ ამბიციური გეგმით თიბისიმ საზღვრებს გარეთაც გადაწყვიტა განვითარება და 2018 წელს უზბეკეთის უმსხვილესი ციფრული გადახდის პლატფორმა შეიძინა. 5 წლის თავზე 38 მილიონიან ქვეყანაში თიბისი უზბეკეთს 20 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, რომელთა რიცხვი მუდმივად იზრდება.
“არ უნდა გეგონოს რომ პროდუქტი მხოლოდ მარკეტინგული შეფუთვით გაიყიდება, ის მომხმარებელს კონკრეტულ პრობლემას უნდა უგვარებდეს. თიბისის სჯერა, რომ წარმატების გაზიარება ერთმანეთის მოტივაციისთვის საუკეთესო ინსტრუმენტია”- აღნიშნა თიბისი უზბეკეთის გენერალურმა დირექტორმა.
1998 წელს ევროპიდან დაბრუნებული გაგა მარგველაშვილისთვის მთავარი მოტივაცია ყურძნის ხარისხის კონტროლი იყო. ძმასთან ერთად ევროპული პრაქტიკა დანერგა და 1962 წელს დაარსებულ “თბილღვინოს” ახალი სიცოცხლე შთაბერა. თავდაუზოგავი შრომის, გამოცდილების გაზიარების შედეგად კი დღეს მათი ღვინის გზა ევროპულ დახლებამდე მივიდა.
“არავის დაუჯეროთ, ვინც ამბობს რომ ევროპა ცუდია.”- უთხრა აუდიტორიას თბილღვინოს დამფუძნებელმა.
ევროპისა და ამერიკის ბაზრების მიმოხილვას ცალკე დისკუსიაც დაეთმო, რომელიც გიორგი ისაკაძეს მიჰყავდა. პანელზე კარგად გამოჩნდა, რომ უტოპიურმა იდეამაც შეიძლება გაამართლოს თუ საქმეს ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვები.
ერთ-ერთი ასეთი გაბედული Georgian Product- ის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე აღმოჩნდა. ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ მან ოთხფეხა ცხოველების ავეჯის წარმოება დაიწყო. დღეს კომპანიას 14 მლნ მომხმარებელი ჰყავს.
“ქართველ მეწარმეებს ნამდვილად აქვთ შანსი შესიტყვება Made in Georgia მაღალ ხარისხთან ასოცირდებოდეს“- აღნიშნა მან.
ექსპორტი, რომ მხოლოდ პროდუქტს არ ეხება აუდიტორია ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თამარ სულუხიამ დაარწმუნა.
„როცა ქვეყანაში უცხოელი სტუდენტი შემოგყავს ეს უკვე განათლების ექსპორტია. დღეს შრომითი ბაზარი გლობალურია. ჩვენი მიზანიც ის უნდა იყოს ორმ კურსდამთავრებული მოთხოვნადი კადრი იყოს დასავლეთის ბაზარზე“ აღნიშნა მან.
ევროპული ბაზარი კარგად შეისწავლა 8000 მოსავლის დამფუძნებელმა ირაკლი ჩხაიძემ, რომელმაც საქართველოში წარმატებული ბრენდის შექმნის შემდეგ ახალ ლოკაციად ბერლინი აირჩია. აღმოჩნდა რომ ამ ქალაქში ღვინის, მათ შორის ქართული ღვინის ბევრი დამფასებელია.
„ჩვენი მისიაა მათ ქართული ღვინო შევაყვაროთ, ბრენდი კი ქართულ პროდუქტად დარჩეს“- განმარტა მან.
Pulsar AI-ის დამფუძნებელმა დაჩი ჭოლაძემ ყურადღება გამბედაობაზე გაამახვილა.
„უნდა გაბედო და პირველი ნაბიჯი გადადგა. იმ წლებში ხელოვნური ინტელექტის ძალის ბევრს არ სჯეროდა, თიბისი კი სწორედ ამ დროს გვენდო“- თქვა ჭოლაძემ.
განსხვავებული იყო „ხუთშაბათების შეხვედრებიც“. Chatham House-ის პრინციპი ამჯერად დაირღვა, დამსწრეეებს თავისუფლად შეეძლოთ დისკუსიის გადაღება, სასაუბრო თემა კი აზარტული აღმოჩნდა „სპორტი და ბიზნესი “. თუმცა, მონაწილეებმა ამ ორ სფეროს შორის „და“ კავშირი ზედმეტად მიიჩნიეს.
თუმცა, იმისთვის რომ სპორტი წარმატებულ ბიზნესად იქცეს Setanta Sport-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაჩა მალაზონიამ რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება
„დღევანდელი სპორტული ინდუსტრია სამ ფუნტამენტზდა აგებული: ღონისძიება, მაუწყებელი და ბიზნესი, რომელსაც რეკლამა მოაქვს. ვერ გეტყვით, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან თუ რომელიმე რგოლი ვარდება საქმე ფუჭდება.“-განმარტა მან.
სპორტულ კომენტატორს ტატო ბაციკაძეს ბავშვობაში ყოველთვის უნდოდა საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ ემოციები სხვებისთვისაც გაეზიარებინა. თამაშების განხილვის იდეაც სპონტანურად გაჩნდა. ფაქტია, რომ ინტერესი დიდია. ბოლო ლაივ ეთერი მათ იუთუბ არხზე 9 საათიც კი გაგრძელდა.
„შეიძლება მიამიტი ვარ, მაგრამ არ მჯერა, რომ ამ ქვეყანაში საფეხბურთო კლუბები თავს ვერ ინახავდეს. მთავარია გრძელვადიანი ხედვა, სწორი ბიზნეს მოდელი და გეგმაზომიერი ნაბიჯები“- განმარტა ტატო ბაციკაძემ.
წარმატების მთავარ გზას მომავალი თაობის განათლებაში ხედავს JBS Academy-ს დამფუძნებელი, ლევან ახვლედიანი. აკადემიას ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს:
„სპორტი ძალიან კომპლექსური ინდუსტრიააა. გვინდა ფინანსური მდგრადობა განათლებასთან ინტეგრირდეს. მომავალი წლიდან ვნერგავთ სამაგისტრო პროგრამას. ვაფუძნებთ სკოლას, რომელსაც ორმაგი პროგრამა ექნება. გვინდა დავარღვიოთ ყველა სტერეოტიპი რომელიც სპორტსმენსა და განათლებასთან არსებობს“- აღნიშნა ახვლედიანმა.
თიბისის ბიზნესდაჯილდოების ღონისძიებამ ყველა დამსწრეს კარგად დაანახა, რომ ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც შეიძლება ბიზნესმა განახორციელოს, ესაა ნდობა იდეის, გუნდისა და მომავლისადმი.