29 მაისს „ხუთშაბათის შეხვედრების“ ახალი სესიის სტუმრები სწორედ იმაზე მსჯელობდნენ, როგორ შეიძლება იქცეს აგრობიზნესი წარმატებულ საქმიანობად და რა არის საჭირო ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. საკუთარ გამოცდილებას, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს აუდიტორიას ნინო ზამბახიძე, ირაკლი ჩიქავა და ბექა გონაშვილი უზიარებდნენ.
რომ არა მეგობრის ზარი, “ტელაგრის“ დამფუძნებელს, ირაკლი ჩიქავას საქმიანობა აგრარულ სფეროში ვერც კი წარმოედგინა. ახლა, მისი კომპანია სესხების რისკების მინიმალიზაციას ახდენს. სატელიტის მეშვეობით, აკვირდებიან მიწის ნაკვეთს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და შეუძლიათ, ზუსტად განსაზღვრონ, რამდენად მომგებიანი ან ხარჯიანია ის. ეს ინფორმაცია თანაბრად ღირებულია, როგორც ბანკებისთვის, ისე - ინვესტორებისთვის.
,,აგროქიზიყის“ დამფუძნებელს, ბექა გონაშვილს, სოფლის მეურნეობასთან შეხება ბავშვობიდანვე ჰქონდა. ჯერ ოჯახის წევრებს მიჰყვებოდა ცხვარში, შემდეგ საკუთარი ბიზნესიც ცხვრის გაყიდვით დაიწყო. 2011 წელს, სასუქების მაღაზიაც გახსნა და მას შემდეგ აგრძელებს საქმიანობას.
აგროსექტორის გამოწვევა არასაკმარისი კადრები და პროფესიული განათლების დეფიციტია. თანამედროვე აგრობიზნესი ტექნოლოგიებზე, ინოვაციებზე, მონაცემებსა და ეფექტიან მართვაზე დაფუძნებული ინდუსტრიაა, რომელსაც ერთდროულად უწევს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გარემოზე ზრუნვა და ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება. აგროსფერო 24-საათიან ჩართულობას და ადგილზე ყოფნას მოითხოვს. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებ სასურველ შედეგს.
ფერმერთა ასოციაცია უკვე 14 წელზე მეტია ფუნქციონირებს და 5000 ფერმერს აერთიანებს. პროფესიული განათლების გასაზიარებლად, ასოციაციამ თავის პლატფორმაზე ონლაინ კურსებიც ჩაუშვა, რომლის გავლა და სერტიფიკატის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მოდერატორის კითხვაზე: ,,თქვენ რომ რჩევა გკითხონ, 100 000 ლარად კაფე გახსნან თუ აგრობიზნესი დაიწყონ - ნინო ზამბახიძე პასუხობს:
“ვურჩევდი, 50 000 ლარად კაფე გახსნან, დანარჩენით კი - თუ ამის სურვილი აქვთ, აგრობიზნესში ჩადონ”. მისი თქმით, ქვეყანაში ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა მაღალია და მთავარია, რომ ფერმერებმა შეძლონ ხარისხის შენარჩუნება, ლოგისტიკის აწყობა და მდგრადობა.