გაივლის წლები და ზღვის დონიდან 3014 მეტრზე მყოფი ნიკოლოზ ალავიძე იმ შორეულ დღეს გაიხსენებს, როდესაც 15 წლის შვილი პირველად წაიყვანა ჭაუხებზე. უსმინა მოზარდმა, მამისა და მისი მეგობრების რიტორიკულ ( მაგრამ სამართლიან) წუწუნს ულამაზეს ბუნებაში გამეფებულ ანტისანიტარიაზე და იქვე დაარცხვინა: სადღეგრძელოების ნაცვლად, იქნებ თავად შეცვალოთ რამეო?!
ცივი წყლის ეფექტი საქმეში გარდაიქმნა. „მამებმა“ მეტეოსადგურის ტერიტორია ათობით წლის განმავლობაში დაგროვებული ნაგვისგან გაათავისუფლეს, ბიოტუალეტები ჩადგეს, შემდეგ კი ბევრისთვის არარეალისტური იდეა განახორციელეს. ასე გაჩნდა ალპური ქოხი „ალტიჰატი“. 2025 წელს ნიკოლოზ ალავიძე თიბისი ბიზნესდაჯილდოების აპლიკაციაში სწორედ გაბრიელ გარსია მარკესის შედევრის ციტირებას მოახდენს და რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის„ალტიჰატს“ მეორე ადგილიც ერგება.
თუმცა, მოდი ქრონოლოგიურად და “მარტოობის ასი წელიწადისგან” ნაკლებად ბუნდოვანებით მივყვეთ მოვლენებს.
“ალტიჰატი” სამთო თავშესაფარი და ალპური სასტუმროა, რომელიც ზღვის დონიდან 3 014 მეტრზე მდებარეობს. 1940-იანი წლებში აშენებული მეტეოსადგურის შემდეგ, რომელსაც ლავრენტი ბერია ზედამხედველობდა, ალტიჰატი მეორე პროექტია კავკასიონის ქედზე. ( თან ისე, რომ მშენებლობისას და არც მის შემდეგ გულაგის გზაზე არავინ გაუმწესებიათ). მასალები შვეიცარიაში საუკეთესო პროფესიონალებმა დაამზადეს, ადგილზე კი ვერტმფრენმა აიტანა.
ალპურ ზონაში არ იყო დაცული უსაფრთხოების არც ერთი ნორმა. “ექსცენტრულმა დედამიწელებმა” ( ასე უწოდებენ საკუთარ თავს) დაამონტაჟეს მდინარე ჩხერზე გადასასვლელი ხიდი და ვერტმფრენის დასაჯდომი ბაქანი, რაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა სამაშველო ოპერაციებისთვის. ანტენები საკუთარი ხარჯით დაამონტაჟეს და ფიჭური სიგნალით მთელი ალპური ტერიტორია დაფარეს.
გასაკვირიც არაა, რომ ბიზნესგეგმით კომპანია მოგებას 80.. კი, 80 წლის შემდეგ მოიტანს.
“პირველივე დღიდან გვჯეროდა, რომ ალტიჰატი გავლენაზე ორიენტირებული უნდა ყოფილიყო და ისეთი პრობლემები მოეგვარებინა, რომელიც ქვეყნის განვითარებას უშლიდა ხელს. ამიტომ დივიდენდების მიღებას, პორშეთი სეირმობას ან საშაურმის გახსნას, ამ გზით წასვლა ვარჩიეთ. თავიდან, შეგვძრა ნაგვის იმ რაოდენობამ რაც აქ დაგვხვდა. ტონობით ნარჩენი ათეულობით წლები გროვდებოდა და ბუნებრივია, ეს ნაგავი თავისით არ აღმოცენებულა. ეტაპობრივად მივყევით. დავამონტაჟეთ ბიოტუალეტებიც. სასტუმრო სრულად ენერგოეფექტურია და მზის აკუმულატორებითაა აღჭურვილი”- გვიყვება ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ ალავიძე და იქვე ილიას ციტატას იშველიებს. “მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი”.
ლიტერატურა 3014 სიმაღლეზეც ძალიან უყვართ, ამიტომ ალტიჰატში სამკითხველო ბიბლიოთეკაც მოაწყვეს. თუ კავკასიონის ხედებით მოხიბლულს შტაბეჭდილების გაზიარება მოგინდებათ და წერა აგიტანთ, აქვეა ევროპის ყველაზე მაღალ წერტილში მოქმედი ფოსტაც. ღია ბარათების გაგზავნას ყველგან შეძლებთ.
ალტიჰატმა სეზონის გახანგრძლივებითა და მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვით ადგილობრივ თემსაც შეუწყო ხელი. კერძები მხოლოდ ნატურალური და ადგილობრივი ფერმერების მიერ მოყვანილი პროდუქტებით მზადდება. ნოყიერი საუზმის შემდეგ მადლობა შეფის გარდა შეგიძლიათ სუ-შეფებსაც გადაუხადოთ: ნისლას და ალუმინას. ინგრედიენტები ალტიჰატამდე სწორედ ამ ორ ცხენს ამოაქვს. ;)
“ერთი ხელი თეთრეულის გარეცხვა 36 ლარი გვიჯდება, მაგრამ ამას შეგნებულად ვაკეთებთ. ინდუსტრიული თეთრეული ცხენებს გერგეტში ყოველდღიურად მიაქვთ, სადაც მცირე საოჯახო სამრეცხაო ფუნქციონირებს USAID-ის დაფინანსებით. ჩვენ მასთან ხელშეკრულება გავაფორმეთ, ტრანსპორტირებაშიც ბუნებრივია ადგილობრივებს ვუხდით თანხას.“- ამბობს ნიკოლოზი.
თუ მიუხედავად დიდი სურვილისა, არასპორტული ცხოვრების წესიდან გამომდინარე მწვერვალების დაპყრობა და ალტიჰატში დარჩენა შორეული პერსპექტივააა- მაშინ უბრალოდ მათ ვებ-გვერდს ესტუმრეთ. https://altihut.ge/ka
ყოველდღიური რუტინის ფონზე, აქ ნამდვილად იპოვით ინსპირაციას. ნახავთ, რომ ჩვენ გვერდით არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საქმის კეთება და თან ამბების მოყოლა ერთმანეთზე კარგად გამოსდით.
პრინციპში გასაკვირიც არაა. თიბისის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებშიც ხომ ასეთები იყრიან თავს, რომლებსაც სჯერათ, რომ წარმატება გზაშია.