ქუთაისი ქალაქია.
“ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის სახურავზე თეთრ, დაუმთავრებელ კოსტუმში გამოწყობილი ანგელოზი იჯდა, წინ თეთრი გვირილებით სავსე ალუმინის უფეხო ვაზა ედგა. გვირილებს გამვლელებს აყრიდა თავზე.”
გვირილები ისტორიას ინახავენ. ისტორიამ კი გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა (საშა) ჩიქოვანის სახელი შემოგვინახა. პირველი გვირილის გაწოდება ალექსანდრას ინიციატივას უკავშირდება. 1911 წლის 2 მაისს, გიმნაზიელ გოგონებთან ერთად მან საქველმოქმედო აქცია წამოიწყო მათთვის, ვისაც იმ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდებოდათ თანადგომა - ჩვენებურად ჭლექით, საერთაშორისო ენაზე კი ტუბერკულიოზით დაავადებულთათვის.
გოგონები კრეფდნენ გვირილებს, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა მიეცა. როდესაც რიგითი ქუთაისელი გვირილას იყიდდა , ახალგაზრდა გიმნაზიელი გოგონა გულზე დაუბნევდა მას. ქველმოქმედს გვირილა სამი დღე უნდა ეტარებინა, ნიშნად იმისა, რომ უკვე გაწეული ჰქონდა ქველმოქმედება და სხვებისთვისაც ინსპირაცია გამხდარიყო.
ნელ-ნელა „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა. ჯერ ქალაქის დღესასწაულად, შემდეგ კი თავად ქალაქობად იქცა. უფრო სწორად - “ქუთაისქალაქობად.”
დღესასწაული ჩანასახშივე ქველმოქმედებასთან და თანადგომასთან დაკავშირდა. ქალაქში სახალხო სეირნობები, თეატრალიზებული წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები და სხვა გასართობი სანახაობები იმართებოდა.
მოულოდნელად, 1919 წელს ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკების მოსვლისთანავე "გვირილობის" დღესასწაული შეწყდა.
60 წლის განმავლობაში ქუთაისის ანგელოზი მაინც იჯდა ეთნოგრაფიული სახურავის თავზე, ისევ თავის დაუმთავრებელ თეთრ კოსტუმში გამოწყობილი, თუმცა ამჯერად თეთრი გვირილების მაგივრად, წითელი ბლის კურკებს აყრიდა თავზე საბჭოთა პარადების დემონსტრანტებს.
ჯიუტად, 60 წელის განმავლობაში, დამიზნებით თავზე კურკების განუწყვეტელმა ყრამ თავის შედეგი გამოიღო. 80-იან წლებში ორმაისობის ტრადიცია ქალაქის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ აღადგინა. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ის უკვე ყოველწლიურად აღინიშნება.
ბოლო წლებში "გვირილობის" საყოველთაო აღნიშვნისა და სეირნობის ეპიცენტრმა ‘’ბაღის კიდეში’ გადაინაცვლა და აღნიშვნის მუსრველებს წელსაც სწორედ აქ შეხვდებით.
გილოცავთ! დღეს გვირლობაა.. ამბავი იმერეთის მინდვრებიდან - იმედზე, თანადგომაზე, საერთო გამარჯვებაზე და თუ როგორ უძლებს სიკეთე დროს.