„ხუთშაბათის შეხვედრების“ მორიგი სესიის მონაწილეები მოულოდნელად ათობით ბიზნესის მკვლელობის აღიარების მოწმეები გახდნენ.
თანამედროვე ბიზნესფორუმებზე, ტედ თოქებსა და პანელურ დისკუსიებზე ხშირად შეხვდებით გმირებს, რომლებიც საკუთარი წარმატებული ბიზნესის გამოცდილებას სიამოვნებით გაგიზიარებენ. თუმცა, ძნელად მოიძებნება ადამიანები, რომლებიც იმ მძიმე გადაწყვეტილების შესახებ ღიად ისაუბრებენ თუ როგორ მოუწიათ საკუთარი ბიზნესის „მოკვლა“, იმ საქმის მიტოვება, რაშიც სული და გული, მსუყე ინვესტიცია და ძალისხმევა ჩადეს.
ასეთი გამბედავები განახლებული ფორმატის „ხუთშაბათის შეხვედრების“ მთავარი სპიკერები“ ელენე ზამთარაძე (ჰოსტელ შავი პომიდვრის დამფუძნებელი) და გაბრიელ მელივა - ტექ ანტერპრენერი აღმოჩდნენ.
ელენემ, იმ სირთულეებზე ისაუბრა, როდესაც ქუთაისის ისტორიულ უბანში ჰოსტელის გახსნის დროს გადააწყდა. თავგადასავლების მოყვარული სოლო ტურისტებისთვის გათვლილი სოციალური სივრცის მართვა დედაქალაქიდან წარმატებული, მაგრამ არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ბიზნესი ჯერ კოვიდმა მოკლა, სამწლიანი პაუზის შემდეგ კი ბრუტალური გადაწყვეტილება პარტნიორთან ერთად თავად მიიღო.
“იმ ინვესტიციის ამოღებას, რომელიც საქმეში ჩავდეთ ხანგრძლივი დრო სჭირდება. უნდა გაგვეაზრებინა: გვინდოდა მოცდა და ძირითადი სამსახურის პარალელურად ამ საქმის მართვა თუ არა. ჩვენ მოკვლის გადაწყვეტილება მივიღეთ”- “აღიარა” ელენემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია სანდო პარტნიორი, რომელიც ამ პასუხისმგებლბოას შენთან ერთად გაიზიარებს. მთავარი სირთულე კი მაინც ადგილმდებარეობა და ის ნიუანსები აღმოჩნდა, რომელიც ამას ახლავს თან.
სიკვდილის პროცესის ერთ-ერთი სიმპტომი, რაზეც “შავი პომიდვრის” დამფუძნებელმა ისაუბრა ისაა, როცა ღირებულება, რომელსაც ქმნი, აღარ შეესაბამება მომხმარებლის მოლოდინს და საჭიროებებს.
ელენესგან განსხვავებით ბიზნესების მოკვლის გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს გაბრიელ მელივას. წარმატებული ბანკირის პირველი საქმე, ჰოთდოგები ბიზნესი აღმოჩნდა, რომელიც სადგურის მოედნისა და მეორადი ტანსაცმლის სიახლოვეს გახსნა...... გახსნა და მალევე ინანა. მას შემდეგ, ბევრი სხვა ბიზნესი ააწყო და ძალიან წარმატებულიც, თუმცა ყველა გადაწყვეტილება, როდესაც „მოკვლას“ ეხებოდა, გააზრებული და ნაფიქრი იყო.
„ჩვენთან ძნელად ეგუებიან მარცხს. მარცხი ისაა, როცა მიხვდები, რომ რაღაც არ მუშაობს და მაინც აგრძელებ.როცა ხვდები, საქმე ისე არ მიდის როგორც ჩაფიქრებული გაქვს, უკან უნდა დაიხიო “- ამბობს მელივა.
ხუთშაბათის შეხვედრებზე ჩეთჰემ ჰაუსის წესები მოქმედებს, სესიის მონაწილეები ლაივებს არ იღებენ და არც განხილული თემების დეტალებს პოსტავენ საჯარო სივრცეში. სპიკერების გულწრფელობამ აუდიტორიაში სხვასაც მოანდომა საკუთარი მკვლელობების აღიარება, ამიტომ მრგვალ მაგიდას დამატებით სამი სკამი დაემატა.
ცოტნე ყალუჩავამ, რომელმაც ველოსიპედზე მოძრავი საყავე ცოტა ხნის წინ „დაამუხრუჭა“, საკუთარ მაგალითზე ახსნა ის სირთულეები რაც ბიზნესის მართვის პროცესს ახლავს.
„ჩემს ყავის აპარატს წინა მხრიდან რომ შეხედოთ ისეთ პრიალა ზედაპირს, ლამაზ ბრენდინგს დაინახავთ, ყავის დალევის სურვილს რომ გაგიჩენთ. საკმარისია, მეორე მხრიდან მოუაროთ და დაინახავთ ალაგ-ალაგ ამომწვარ ხის დეტალებს. ასეა ბიზნესიც, გარედან მიმზიდველია, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა უამრავი შრომა დევს.თუმცა დროულად უნდა მიხვდე, რომ ყავა არ გადმოვიდეს და ყველაფერი არ გაფუჭდეს“-ამბობს ის.
გური სიჭინავამ, რომელმაც ახლახან საკუთარი პრინტინგ ბიზნესი მოკლა ( როგორც ამბობს დროებით)პროცესის ემოციურ მხარეზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქმის შეჩერება, ხანდახან ნიშნავს იმის აღიარებას, რომ იდეას აღარ აქვს ზრდის პოტენციალი და შენს ძალასა და რესურსს უმჯობესია თუ სხვა მიმართულებით მოიხმარ.
„ჩემი ლექტორისგან მუდამ მახსოვს ფრაზა, რომ ბიზნესში ორი დიდი და 4 მცირე გასასვლელია.“-აღნიშნა ტანსაცმლის ბრენდის „რუმორის“ დამფუძნებელმა მარიამ ( მაკუნა) გოგიბედაშვილმა, რომელმაც ბიზნესმოდელი სრულიად შეცვალა და უნიფორმების წარმოებაზე გადავიდა.
მიუხედავად განსხვავებული ისტორიებისა, არც ერთ სპიკერს არ უნანია საქმის წამოწყება და ყველა მათგანმა ამ პროცესით ბევრი რამ ისწავლა და დიდი გამოცდილებაც მიიღო.
სტატისტიკურად, წარმატებული მეწარმეები პირველივე სტარტაპით იშვიათად აღწევენ წარმატებას — მაგრამ იმით იგებენ, რომ შეცდომებს აფასებენ და რეაგირებენ.
მართლაც, თუ იცი როდის გაჩერდე, იცი როდის დაიწყო თავიდან. ამის მაგალითი სესიის მონაწილეები არიან.