22 ოქტომბერს სტამბაში, Breakfast with Deskmates -ის დამსწრეები ამჯერად ხელოვნურმა ინტელექტმა გაართიანა. D Block-ის დილის შეხვედრების სერია თიბისი ბიზნესისა და Visa-ს მხარდაჭერით, ყოველ მეორე ოთხშაბათს ტარდება. მისი მიზანია საერთო სივრცეში მომუშავე ადამიანების დაკავშირება ინტერესებისა და თემების გარშემო .
ამჯერად, დისკუსია შეეხებოდა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას — Agentic AI-ს და მის გავლენას თანამედროვე ბიზნეს მოდელებზე.
ტექსფეროს გარდა, დამსწრეთა შორის ისეთებიც იყვნენ, ვისთვისაც ეს ეთემა ახალი იყო. Agentic AI ხელოვნური ინტელექტის სისტემაა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ პასუხის გაცემა, არამედ დამოუკიდებლად მოქმედება, გადაწყვეტილებების მიღება და მიზნის მიღწევა ადამიანის ჩაურევლად.
თუ “ჩვეულებრივი” AI მხოლოდ ინსტრუქციებს ასრულებს, Agentic AI-ს შეუძლია დაგეგმოს, შეაფასოს შედეგები და თვითონ შეცვალოს მოქმედების სტრატეგია. ასეთმა სისტემებმა შეიძლება გარდაქმნას მომხმარებელთა მომსახურება, ფინანსური ოპერაციები, ლოგისტიკა თუ მარკეტინგიც კი.
დისკუსიის მოდერატორის, ანტერპრენერის დავით ციცქიშვილის თქმით, Agentic AI-ს დანერგვის მაჩვენებელი გლობალურად 6 %-ია, თუმცა მომდევნო 5 წელიწადში 40 %-მდე გაიზრდება. ეს კი 50 მილიარდიან ბაზარს ქმნის და იმ კომპანიებს, რომლებიც ადრეულად ჩაერთვებიან, აშკარა უპირატესობას მისცემს.
„ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა მუშაობდეთ, თუ არ დაიწყებთ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, უბრალოდ დაგაგვიანდებათ და თქვენი პროდუქტი არარელევანტური გახდება. თუ აშშ-ში 1920-იან წლებში “დიდი დეპრესია” იდგა, ჩვენ ამ მდგომარეობას შეგვიძლია “დიდი დაბნეულობა” ვუწოდოთ.-აღნიშნა ციცქიშვილმა.
მართლაც, Agentic AI აღარ არის მომავლის თემა და ის უკვე ცვლის ბიზნესის კომუნიკაციის, მომსახურების წესებს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მთავარი არა შიში, არამედ გააზრებული მოქმედებაა:
“ის, რაც არ იცვლება, არის მომხმარებლის მოთხოვნა, მაღალი ხარისხი და ეფექტურობა. -უთხრა დამსწრეებს ირაკლი მირზიკაშვილმა , BRIANO-ს დამფუძნებელმა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
Briano ქმნის პლატფორმას, რომელიც კომპანიებს ეხმარება მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესის ავტომატიზაციაში ხმოვანი და ტექსტური კომუნიკაციით, მაღალი ხარისხის ე.წ. production-grade აგენტების გამოყენებით.
„სამი წლის წინ, როცა ხელოვნური ინტელექტი საცალო ბაზრისთვის გახდა ხელმისაწვდომი მივხვდით რომ არსებული მიდგომები ძალიან მალე აღარ იარსებებდა. ე.წ. touch და click გასული საუკუნის 70-იანი წლების მონაპოვარია და ბოლო 50 წელი ამ ტექნოლოგიაზე იდგა. მას შემდეგ რაც Agentic AI არსებობს, ადვილი მისახვედრია რომ არსებული ყველა ტექნოლოგია უბრალოდ თეთრი გვერდი გახდება და ასეთ პროდუქტს, როგორც მეგობრებს ისე დაველაპარაკებით ჩვეულებრივი ენით“-აღნიშნა მან.
დისკუსიაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ გამოწვევასაც, რომ საქართველოში შემუშავებული პროდუქტი ხშირად ვერ პოულობს შესაბამისობას გლობალურ ბაზარზე. ამის მიზეზი კი ის არის, რომ პროდუქტს ჯერ საქართველოში ტესტავენ და შემდეგ გააქვთ აშშ-ში, იქ კი ბაზრების სხვაობის გამო არარელევანტურია.
აღმოჩნდა, რომ მსგავსი შეცდომა დისკუსიის მონაწილეებსაც დაუშვიათ.
“ ან თავიდან ისეთ პროდუქტზე იმუშავეთ რომელიც ამერიკული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ან დაანებეთ თავი და რეგიონზე იფიქრეთ, რაც ასევე საინტერესოა”-ურჩიეს სპიკერებმა დამსწრეებს
დავით ციცქიშვილმა იმ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება რაც ინვესტორისთვის ე.წ. Green Flag-ია.
„პირველი და მნიშვნელოვანი მაინც გუნდია, ვინ ქმნის ამ პროდუქტს და რა გამოცდილება აქვთ ამ ადამიანებს. ნაკლები შანსია, ერთმა დამფუძნებელმა დიდი კომპანია გააკეთოს. მეორე თვითონ პროდუქტია-ამაში მოიაზრება რამდენად ინოვაციურია ის და სწრაფად გაიზრდება თუ არა. მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, დამფუძნებლების მიმღებლობა და ლავირების უნარია. როგორ ხვდებიან დიდ გამოწვევებს და აქვთ თუ არა მოქნილობა წინაღობების მიმართ. ეს სამი პირობაა, რასაც ინვესტორები უყურებენ“- აღნიშნა ციცქიშვილმა.