globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

აშშ-ის კონგრესში კრიპტოაქტივების კანონპროექტი განიხილება – რა უნდა იცოდე?

14 მაი. 2026
blog-size

დღეს, აშშ-ის კონგრესის საბანკო და ფინანსური კომიტეტის სხდომაზე ისტორიული მნიშვნელობის კანონპროექტი განიხილება, რომელიც კრიტპოინდუსტრიის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას და მკაფიო წესების განსაზღვრას ისახავს მიზნად.

Digital Asset Market CLARITY Act-ის სახელით ცნობილი კანონპროექტი ციფრული აქტივების ბაზრისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის დოკუმენტია, რომელმაც სექტორში წლების განმავლობაში არსებული სამართლებრივი გაურკვევლობა უნდა დაასრულოს.

ვინ იქნება მარეგულირებელი?

საკანონმდებლო ცვლილების უმთავრესი მიღწევა ფასიანი ქაღალდების კომისიასა (SEC) და სასაქონლო ფიუჩერსების კომისიას (CFTC) შორის იურისდიქციული დავის დასრულება იქნება. ახალი რეგულაციით, დეცენტრალიზაციის ტესტი დამკვიდრდება, რომელიც კრიპოაქტივის სტატუსს სამართლებრივად განსაზღვრავს.

იმ შემთხვევაში, თუ პროექტი საკმარისად დეცენტრალიზებულია და მას კონკრეტული ჯგუფი პირადი სარგებლისთვის არ მართავს, ის ციფრულ საქონლად მიიჩნევა და CFTC-ის იურისდიქციაში გადადის. თუ აქტივი ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, მაშინ მას გაცილებით უფრო მკაცრი რეგულაციების დაცვა და SEC-ის ზედამხედველობაში გადასვლა მოუწევს.

რაც მთავარია, აღნიშნული გადაწყვეტილებით ბიტკოინი და ეთერიუმი SEC-ის მკაცრი რეგულაციებისგან საბოლოოდ გათავისუფლდება, რადგან ორივე აქტივი ციფრულ საქონლად განიხილება.

რა იცვლება სტეიბლკოინებისთვის?

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კანონპროექტი სტეიბლკოინების სამართლებრივ ბუნებას ფუნდამენტურად ცვლის. ახალი წესების მიხედვით, სტეიბლკოინი მხოლოდ საგადამხდელო საშუალებად განიხილება, რის გამოც მათზე პირდაპირი პროცენტული სარგებლის გაცემა შეიზღუდება. თავად ეს ცვლილება საბანკო სისტემიდან დეპოზიტების შესაძლო გადინების პრევენციას ისახავს მიზნად. საპირწონედ ამისა, სტეიბლკოინები რეგულირებულ საგადახდო ინსტრუმენტებად გამოცხადდება, რაც მათ მასობრივ გამოყენებას შეუწყობს ხელს.

შეღავათები სტარტაპებისთვის

CLARITY Act-ის ფარგლებში აშშ-ში სპეციალური საგამონაკლისო რეჟიმი ამოქმედდება, რომელიც კრიპტოპროექტებს კაპიტალის მოზიდვის პროცედურას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს. ახალი რეგულაციის მიხედვით, ციფრულ პროექტებს ეძლევათ უფლება, 12 თვის განმავლობაში $75 მილიონამდე მოცულობის ინვესტიცია ფასიანი ქაღალდების კომისიის სტანდარტული, რთული რეგისტრაციის პროცედურის გარეშე მოიზიდონ. აღნიშნული მექანიზმი ინდუსტრიისთვის ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებასა და ინოვაციების წახალისებას ისახავს მიზნად. ცნობისთვის, აქამდე კრიპტოსტარტაპებს ტრადიციული სააქციო საზოგადოებებისთვის დადგენილი რთული სარეგისტრაციო მოთხოვნების შესრულება უწევდათ, რაც ხშირად სამართლებრივ დავებსა და ჯარიმებს წარმოშობდა.

როგორი შედეგი ექნება CLARITY Act-ის ამოქმედებას?

რაც შეეხება ინდუსტრიის გრძელვადიან პერსპექტივას, CLARITY Act-ი ინსტიტუციური კაპიტალისთვის ერთგვარ მწვანე შუქს ანთებს. მკაფიო წესების არსებობა მსხვილ საპენსიო ფონდებსა და ბანკებს კრიპტობაზარზე შესვლის შესაძლებლობას აძლევს, რაც ინდუსტრიისთვის პოზიტიურ მოვლენას წარმოადგენს. გარდა ამისა, გაიზრდება ინვესტორთა დაცვის, გამჭვირვალობისა და თაღლითობის კონტროლის სტანდარტები, რაც ასევე მისასალმებელია.

მიუხედავად იმისა, რომ სექტორის ნაწილისთვის რეგულაციები შეიძლება ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდეს, ექსპერტების შეფასებით, ეს სწორედ ის სამართლებრივი სიცხადეა, რომელიც კრიპტოინდუსტრიას სტაბილური განვითარებისთვის სჭირდება, რათა ის ფინანსური და საინვესტიციო სამყაროს განუყოფელი ნაწილი გახდეს.

როგორ შეიძლება აისახოს ეს ფასებზე?

ბაზრის მონაწილეების ნაწილი მიიჩნევს, რომ უფრო მკაფიო რეგულაციების ჩამოყალიბებამ შესაძლოა კრიპტობაზარზე პოზიტიური გავლენა იქონიოს. რეგულაციური სიცხადე ხშირად განიხილება ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად, რომელიც ინსტიტუციური კაპიტალის ჩართულობას ზრდის და ბაზრის გრძელვადიან სტაბილურობას უწყობს ხელს.

მოკლევადიან პერიოდში, ბაზრის რეაქცია მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად განვითარდება კანონპროექტის განხილვის პროცესი და რა ფორმით დამტკიცდება საბოლოო რეგულაციები. თუმცა, ანალიტიკოსების ნაწილი CLARITY Act-ს კრიპტოინდუსტრიის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს.

გაითვალისწინე: კრიპტოს ღირებულება ცვალებადია და დაკავშირებულია რისკებთან. კრიპტოს შეძენამდე, დეტალურად გაეცანი რისკებს, წესებს და პირობებს.

ამ გვერდზე მოცემული სასაქონლო ნიშანი/ლოგო გამოიყენება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის, ეკუთვნის შესაბამის მფლობელს და არ გულისხმობს მათთან პარტნიორობას.

14 მაი. 2026