globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

ცოტნე ტაბიძე - განათლება, როგორც გზა დამოუკიდებლობისკენ

24 ივნ. 2026
tsotne tabidze blog

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა და ტექ ოლიმპიადების ჰაბთან ერთად ცდილობს, ახალ თაობას უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობის კარი გაუღოს. დამოუკიდებლობაც ხომ სწორედ აქ იწყება, როდესაც ადამიანი საკუთარი თავის რწმენას განათლებით სწავლობს - როგორც თითქოს პირველ გააზრებულ ნაბიჯს დამოუკიდებლობისკენ.

ამბის დასაწყისი

ტექ ოლიმპიადების ჰაბის მონაწილის, ცოტნე ტაბიძის, ამბავიც სწორედ ასე იწყება.

„პატარაობიდან ძალიან მიყვარდა მათემატიკა. მშობლებმა ეს შეამჩნიეს და მეხუთე კლასიდან ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გადამიყვანეს. პროგრამირება, როგორც საგანი, სკოლაში არ ისწავლებოდა, თუმცა არსებობდა ინფორმატიკის წრე, სადაც გაკვეთილების შემდეგ საოლიმპიადო ტიპის პროგრამირებას ასწავლიდნენ.“

სულ მალე ეს ინტერესი ინფორმატიკისა და მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადებში მონაწილეობით გაგრძელდა, სადაც საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი არაერთხელ მოიპოვა. 

გზა ეროვნულიდან საერთაშორისო ოლიმპიადებამდე

მეცხრე კლასში ცოტნე პირველად მოხვდა საქართველოს ნაკრებში, რამაც შესაძლებლობა მისცა, საკუთარი ცოდნა ქვეყნის სახელით საერთაშორისო ასპარეზზე გამოეცადა - რის შემდეგაც ოთხი ბრინჯაოს, ერთი ვერცხლისა და ოქროს მედლებით დაბრუნდა. 

„ოქროს მედალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოს ისტორიაში ეს პირველი დამოუკიდებელი ოქრო იყო ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე.“

სწორედ ოლიმპიადებში მონაწილეობამ მისცა საკუთარი შესაძლებლობების მუდმივი რწმენის უნარი. 

„ოლიმპიადებმა ძალიან ძლიერი თვითრწმენა მომცა. როცა წლების განმავლობაში რთულ ამოცანებზე მუშაობ, მარცხდები, თავიდან ცდილობ, ნელ-ნელა უმჯობესდები და ბოლოს შედეგს აღწევ, გიყალიბდება რწმენა, რომ საკმარისი მონდომებით და დისციპლინით ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია.“

ოლიმპიადებიდან MIT-მდე

საერთაშორისო ოლიმპიადებზე მიღწეულმა წარმატებებმა გზა გაუხსნა, რომ სწავლა გაეგრძელებინა ამერიკის შეერთებულ შტატებში, MIT-ში - უნივერსიტეტში, რომელიც STEM მიმართულებებით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო სივრცედ ითვლება.

„ასეთ უნივერსიტეტში მოსახვედრად, განსაკუთრებით საერთაშორისო სტუდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაიმე განსაკუთრებული მიღწევა აჩვენო. მსოფლიო ოლიმპიადებზე მიღწეული წარმატებები სწორედ ისეთი რამ არის, რასაც უნივერსიტეტები ძალიან დადებითად უყურებენ.“

ცოტნეს სწორედ ოლიმპიადებმა მისცა ამერიკაში დარჩენის, პროფესიულად განვითარების და ისეთ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა, სადაც ყოველდღიურად რთულ და საინტერესო პრობლემებზე უწევს მუშაობს. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ განათლება დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველია. 

გზავნილი მომავალ ოლიმპიელებს

„არ შეეშინდეთ და არ იფიქრონ, თითქოს ეს მხოლოდ ვიღაც ‘განსაკუთრებულად ჭკვიანი’ ბავშვებისთვისაა.“

რადგან, გვჯერა, რომ თავიდან ყველაფერი რთული ჩანს და დამოუკიდებლობაც თავისთავად არ არის მარტივი. ამიტომ, ამ ამბავში მთავარია გჯეროდეს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია და განათლებით შენს ამბავს ქმნი. 

24 ივნ. 2026