chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

„ფემილი ფარმი“ - განახლებული საწარმო და ბიზნესის გაფართოების გეგმები

8 ივლ. 2025
1110x400 copy 3

„ფემილი ფარმი“ ნედლი რძის მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ფერმაა საქართველოში. კომპანია ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტს ამკვიდრებს, რომელიც მოიცავს სრულ ციკლს ცხოველების მოვლიდან - რძის წარმოებამდე. თიბისის მხარდაჭერით, „ფემილი ფარმი“ პროდუქტს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უახლესი მიდგომების გამოყენებით აწარმოებს; მთლიანობაში კი ერთ ეკოსისტემას ქმნის, სადაც თითოეული დეტალი საბოლოო პროდუქტის ხარისხს უზრუნველყოფს.

ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფერმის აშენების იდეას 2020 წელს ჩაეყარა საფუძველი. ამბიციური გეგმების განხორციელებას სანდო პარტნიორი სჭირდებოდა - კომპანიამ თიბისი აირჩია და სწორედ ამ თანამშრომლობის საფუძველზე აშენდა 18 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ფერმა კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში, რომელიც დღეს 2 000-მდე მსხვილფეხა საქონელს აერთიანებს. კომპანიის წლიური წარმადობა 5 მლნ. ლიტრ რძეს აჭარბებს; მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, პროდუქციის რეალიზაცია სრულად ადგილობრივ ბაზარზე ხდება. თიბისისთან ერთად განხორციელებული პროექტის ღირებულება 70 მილიონ ლარს აღემატებოდა, სადაც ბანკის დაფინანსება ₾10 მილიონი იყო. თანხა მსხვილფეხა პირუტყვის ფერმის მშენებლობასა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობას მოხმარდა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დღეს უკვე ყველა პროცესი ავტომატიზებულია - კომპანია რძის საწველი უახლესი დანადგარებით არის აღჭურვილი, რომლებიდანაც პროდუქტი სპეციალურ დისპენსერებში ნაწილდება და ტემპერატურულად მუშავდება, სწორედ ამის შემდეგ ხდება მომხმარებლებისთვის რძის მიწოდება. თანამედროვე სისტემის მეშვეობით, წარმოების ყველა ეტაპი მკაცრად კონტროლდება: საქონლის საკვებიდან და ჯანმრთელობიდან დაწყებული, დასრულებული - წარმოებაში სანიტარული ნორმების დაცვითა და რძის ხარისხის კონტროლით.

განვითარების მომდევნო ეტაპზე ინვესტიციები, დამატებით 6 მილიონი ლარი, გაფართოებასა და ახალ ტექნოლოგიებში ჩაიდო, რამაც „ფემილი ფარმს“ საშუალება მისცა, სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდეს - გაზარდოს რძის წარმოება და ბიზნესი ახალი მიმართულებით გააფართოოს.

სწორედ თიბისის დაფინანსებით, 2024 წელს ფერმამ დამატებით შეიძინა საქონელი, ტექნოლოგიები და მოაწესრიგა ინფრასტრუქტურა: ინვესტიციის შედეგად, „ფემილი ფარმი“ რძის წარმოების გაორმაგებასა და წარმადობის 10 მილიონ ლიტრამდე გაზრდას აპირებს.

რძესთან ერთად კომპანია მალე ახალ მიმართულებაში შესვლასა და ხორცის წარმოების დაწყებასაც გეგმავს, რომლის რეალიზაციაც მსხვილ ქსელებში მოხდება. „ფემილი ფარმისა“ და თიბისის პარტნიორობა განვითარების ამ ეტაპზე მხარდაჭერასაც ითვალისწინებს: ერთიანი ძალისხმევა კი არამხოლოდ კომპანიის წარმატებისკენ, არამედ მთლიანად, სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ, არის მიმართული.

აგროსექტორი თიბისისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგია, სადაც დაფინანსების ყველა მიმართულებით ბანკს ლიდერის პოზიცია უჭირავს. ფინანსური პროდუქტების მიღმა თიბისი საკუთარ მომხმარებლებს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობასა და გაყიდვების გაფართოებაში ეხმარება, ასევე, უხსნის წვდომას გამოცდილი პროფესიონალების ექსპერტიზაზე; ყველაფერთან ერთად, თიბისი მხარს უჭერს სფეროს წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებას და სექტორში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.

8 ივლ. 2025