აპრილში, მოცვის ყვავილობის სეზონზე გიორგი ზაქარაიას დილა ადრიანად იწყება. ფერმერი პირველ რიგში წყლის წვეთოვან სისტემას ამოწმებს. სამეგრელოში, სოფელ ჩხორიაში გაშენებულ ლურჯი მოცვის პლანტაციას დაუპატიჟებელი სტუმრებიც ხშირად ჰყავს. წყლის მილებს გარეული კურდღლებიც აზიანებენ და ტურებიც კი გაკრავენ კბილს წყლის მილებს წყურვილის მოსაკლავად.
„რვა კაცი დავდივართ და თითოეულ მილს ვამოწმებთ სად გაჟონვაა, სად დაზიანება. წითელი ან მწვანე ძაფით ვნიშნავთ პრობლემურ ადგილებს, 480 ტონიანი ავზიც უნდა გაირეცხოს და ფილტრებიც გაიწმინდოს. ინტენსიურ სამუშაოებს სამ დღეში მოვრჩებით და მალე სასუქის შეტანასაც დავიწყებთ”- გვიყვება გიორგი და საქმესთან დაკავშირებულ ნიუანსებს დეტალურად გვიხსნის.
“წყლის ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია. მინერალებით გადატვირთულმა წყალმა შეიძლება სისტემაც და მცენარეც დააზიანოს. კალიუმი, ფოსფორი თუ ზედმეტია, წვეთოვანი შეიძლება საერთოდ გაგიჭედოს,“ - განმარტავს ფერმერი.
არადა, 2016 წელს როცა ბაღის გაშენება გადაწყვიტა და ამისთვის 8.5 ჰა მიწა შეიძინა, მოცვი გასინჯულიც კი არ ჰქონდა.
იმ პერიოდში ლურჯი მოცვი პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილი იყო საქართველოში. შესაბამისი ცოდნაც არ არსებობდა, რამდენად ადაპტირდებოდა სამეგრელოს ნიადაგთან. თავიდან არ გაუმართლა, შეძენილი 22 000 ნერგიდან 7 000 გაუხმა, მოსავალიც არ იყო სახარბიელო. თუმცა, არ დანებდა.
“მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ეს საქმე გამოვიდოდა. თითქოს თვითმფრინავს მართავ, რომელმაც მართვა დაკარგა და მაინც უნდა დასვა უსაფრთხოდ. მამაჩემმა სრულად დამიჭირა მხარი. მოტივაციას მაძლევს საქმის სიყვარული და პასუხისმგებლობა. როცა ერთხელ აიღებ ვალდებულებას ოჯახთან, თანამშრომლებთან, შემდეგ უკან აღარ იხევ,“ - ამბობს გიორგი.
2022 წელს მან 350 კვადრატულ მეტრზე სამაცივრე მეურნეობა ააშენა, რომელიც 50 ტონამდე პროდუქტის შენახვას უზრუნველყოფს. „როცა შეგიძლია კენკრა ორი კვირით მაინც შეინახო, ფასის კონტროლიც შეგიძლია. თორემ უმაცივრო ფერმერი იძულებულია იაფად გაყიდოს.“ მოსავლის 90 % ექსპორტზე გააქვს, ახლა მთავარი მიზანი, ჰექტარზე 5 ტონა მოსავლის მიღებაა.
თანამედროვე ტექნოლოგიებიც უკვე ყოველდღიურობის ნაწილია. სპეციალური პროგრამა პლანშეტზე წვეთოვანი სისტემის მუშაობას აკონტროლებს, სენსორები კი ნიადაგის მდგომარეობას აჩვენებს.
„დამწყებ ფერმერებს ვურჩევდი, დეტალებს ყურადღება თავიდანვე მიაქციონ. ხშირად ფიქრობენ, რომ მთავარი ნერგია ან მოსავალი, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ინფრასტრუქტურიდან იწყება. გზაც კი იდეალური უნდა იყოს. თუ ტრანსპორტირებისას პროდუქცია ზიანდება, მთელი შრომა იკარგება. ბაღიდან გასატანი გზა, ლოგისტიკა და სამაცივრე მეურნეობა ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომ ტემპერატურული ჯაჭვი არ გაწყდეს. თუ ეს სისტემა სწორად არ ააწყვე, კარგ პროდუქტსაც ვერ გაყიდი.“ - ამბობს გიორგი.
ფერმერისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი მისთვის თიბისი აღმოჩნდა, რომელთანაც 16 წელია რაც თანამშრომლობს. ბუნებრივიცაა, რადგან აგრომეურნეობის განვითარებისთვის მომხმარებელს ის ყველა საჭირო პროდუქტს სთავაზობს. ამ პროცესში ერთ-ერთი მხარდამჭერი VISA არის.
“თიბისი თავიდანვე დამიდგა გვერდით. ზუგდიდის ფილიალში ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. მნიშვნელოვანია, რომ ბანკი მხოლოდ ფინანსურ რესურსს კიარ გაძლევდეს, პროცესშიც იყოს ჩართული. სწორედ ეს არის ჩემთვის პარტნიორობა, პასუხისმგებლობასაც იზიარებს და შენს წარმატებაში თავადაცაა დაინტერესებული”- ამბობს ფერმერი.