არსებობს ამბები, რომლებიც ჩუმად, მაგრამ საოცარი შეუპოვრობით იქმნება. სწორედ ასეთია საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების გზაც, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იწყება. იწყება მაშინ, როცა რამდენიმე ენთუზიასტი მასწავლებელი და მოსწავლე ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროს სრულიად დამოუკიდებლად ეუფლებოდა.
მას შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა. ამ დროის განმავლობაში კი საქართველომ ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე 11 ოქროს, 21 ვერცხლისა და 66 ბრინჯაოს ჯილდო დაიტანა. თუმცა, მიუხედავად ამ დიდი მემკვიდრეობისა, ოლიმპიადებისთვის მზადების, ნაკრების ფორმირებისა თუ გამგზავრების პროცესი ხშირად არასისტემური იყო, წარმატების ისტორიები კი ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი.
“იმ წლებში, როდესაც საქართველოში შესაძლებლობები და პირობები ფაქტიურად არ არსებობდა, მაინც მჯეროდა, რომ საქართველო თავის სათქმელს იტყოდა საერთაშორისო ასპარეზზე.” - გიორგი მანდარია
ამ ამბებმა შექმნა მრავალწლიანი მემკვიდრეობა, რომელიც იმ დროს დაიბადა, როცა ტექნოლოგიური პროგრესი საქართველოში ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად ჩანდა. ეს მემკვიდრეობა არის იმის დასტური, რომ არ არსებობს არასწორი დრო ან შეზღუდული რესურსი, როცა საქმეში ცოდნის წყურვილი და სწორი გზამკვლევი ერთვება. სწორედ ენთუზიასტი მასწავლებლებისა და გიორგი მანდარიას მსგავსი ადამიანების დაუღალავი შრომის დამსახურებაა ის შედეგები, რომლითაც დღეს ასე ვამაყობთ.
- გიორგი მანდარია
ამ მრავალწლიანი გამოცდილებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვის მიზნით, 2025 წელს BTU-ს და თიბისის პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი დაარსდა. ჰაბის შექმნამ ეს საქმე ახლა უკვე მასშტაბურ, ეროვნულ საგანმანათლებლო პლატფორმად აქცია და უფრო მეტ სკოლის მოსწავლეს მისცა შანსი თავისი შესაძლებლობები ტექნოლოგიებში აღმოეჩინა.
მით უფრო მაშინ, როდესაც ჰაბი აერთიანებს როგორც ადგილობრივ (OLYINFO), ისე საერთაშორისო მნიშვნელობის ოლიმპიადებს, მათ შორის ევროპის გოგოების (EGOI), ახალგაზრდულ (EJOI), ხელოვნური ინტელექტისა (IOAI) და ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადებსაც (IOI).
შესაბამისად, ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ, განათლებით საკუთარი ამბავი შექმნან, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი აძლევს შესაძლებლობას, აღმოჩნდნენ მსოფლიო ასპარეზზე და საკუთარი ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინონ.
ამიტომ, თუ გაინტერესებს ტექნოლოგიების სამყარო და გსურს იყო მრავალწლიანი ისტორიის ნაწილი, გახდი საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის მონაწილე, აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები და დარწმუნდი, რომ ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს.