7 ივლისს თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, სადაც დარეგისტრირებული 443 კომპანიიდან გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა პროექტი ქართული ბიზნეს ეკოსისტემისთვის.
თიბისის ბიზნესდაჯილდოება უკვე მეცხრედ იმართება და პარტნიორებს შორისაა „აჭარა ჯგუფი“- ბრენდი, რომლის გამოცდილება და ღირებულებები მჭიდროდ უკავშირდება ამ პროექტის მისიას.
„მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ქვეყანაში წარმატებული ინიციატივების წარმოჩენას და დამატებით შესაძლებლობებს ქმნის მონაწილეებისთვის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თიბისი აჭარა ჯგუფის დიდი ხნის პარტნიორია, და გვიხარია, რომ კიდევ ერთი მიმართულებით გვქონდა თანამშრომლობის შესაძლებლობა.“- განმარტავს ანი გვათუა, „აჭარა ჯგუფის“ კომერციული დირექტორი.
კომპანიამ 2021 წელს ბიზნესდაჯილდოების გრან-პრი მიიღო ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის. დღეს უკვე მხარდამჭერის როლი, “აჭარა ჯგუფისთვის” სიმბოლურიცაა და სტრატეგიულიც. მათი ხედვა ეფუძნება ისეთი ეკოსისტემის შექმნას, სადაც შესაძლებელია კოლაბორაცია, ადგილობრივი ინიციატივების გაზრდა და ახალი იდეების მხარდაჭერა.
“ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ორიენტირებულია უნიკალური ქართული ბრენდების შექმნაზე და ამ კონტექსტში, ვაყალიბებთ ისეთი სივრცეებს, სადაც იკვეთებიან წარმატებული ბიზნესები, შემოქმედებითი ინდუსტრიები და ახალგაზრდა ინოვატორები. გვჯერა, რომ სწორად დანახული, მხარდაჭერილი და განვითარებული ადგილობრივი იდეები ის ძალაა, რომელიც ქვეყნის თანამედროვე იდენტობას აყალიბებს.”-აღნიშნავს ანი გვათუა.
“აჭარა ჯგუფისთვის” ამ პლატფორმის ღირებულება მხოლოდ საზეიმო აღიარება არ არის — ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ რეალურ, პრაქტიკულ სარგებელზე, რომელსაც თიბისის დაჯილდოება კომპანიებს სთავაზობს.
“პლატფორმა არა მხოლოდ სიმბოლურ მხარდაჭერას, არამედ ძალიან პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ პრიზებსაც სთავაზობს გამარჯვებულებს. დახმარება ვებ-გვერდის შექმნაში, ბრენდინგში ან საკომუნიკაციო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ზუსტად ის საწყისი ნაბიჯებია, რაც სტარტაპებს სჭირდებათ იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და თავიანთი პროდუქტი ან სერვისი სრულყოფილად და პროფესიონალურად წარმოაჩინონ.-ამბობს ანი გვათუა.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აჭარა ჯგუფისთვის ბიზნესდაჯილდოება ღირებული სივრცეა, გახლავთ მათი წარმატებული გამოცდილება კონკურსის ფინალისტებთან. მათ შორის არიან: ბაბალე, Plastic Watcher, ქარი, ველი და სტოკტონი — სრულიად განსხვავებული პროფილის კომპანიები ერთი საერთო ნიშნით: ისინი ქმნიან ღირებულ პროდუქტს და იჩენენ სოციალურ პასუხისმგებლობას.
თიბისის ბიზნესდაჯილდოება და მისი პარტნიორები ქმნიან რეალურ სივრცეს, სადაც ადგილობრივი ბიზნესები მხოლოდ აღიარებას კი არა, განვითარებისთვის აუცილებელ მხარდაჭერასაც იღებენ