Etsy საქართველოს ბაზარზე დაბრუნდა — რა უნდა იცოდეთ?

4 თებ. 2025
gogo

საქართველოს ბაზარზე Etsy, გლობალური ონლაინ პლატფორმა დაბრუნდა, რომელიც სპეციალიზებულია ხელნაკეთი, ვინტაჟური და უნიკალური პროდუქციის გაყიდვაში. ეს კი მნიშვნელოვანი სიახლეა ადგილობრივი მეწარმეებისა თუ ბრენდებისთვის, ვინაიდან გლობალურად Etsy ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და სანდო პლატფორმაა, რომელიც ფართო აუდიტორიაზე წვდომის საშუალებას იძლევა.

Etsy 2005 წელს დაარსდა და მას შემდეგ ერთ-ერთ წამყვან ელექტრონულ ბაზრად ჩამოყალიბდა. თანაც, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისი პოპულარობა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინდივიდუალური და უნიკალური პროდუქტებისადმი მოთხოვნა სულ უფრო იმატებს. შესაბამისად, პლატფორმას ყოველთვიურად მილიონობით მომხმარებელი ჰყავს და მას აქტიურად იყენებენ, როგორც მცირე მეწარმეები, ისე დიდი ბრენდებიც.

ამ სიახლესთან დაკავშირებით უფრო დეტალურად კატო რამიშვილი, ბრენდ „ქისას“ დამფუძნებელი გვესაუბრება. მან სწორედ Etsy-ის მეშვეობით დაიწყო საკუთარი პროდუქციის გლობალურ ბაზარზე გაყიდვა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაო გამოცდილებაც დააგროვა.

კატო, დავიწყოთ პლატფორმის განხილვით — რას წარმოადგენს და რა უპირატესობები აქვს სხვა, მსგავს პლატფორმებთან მიმართებით?

მოგეხსენებათ, Etsy საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ ბაზარია, სადაც ნებისმიერ ადამიანს/მეწარმეს შეუძლია, ატვირთოს თავისი პროდუქცია და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაუკავშირდეს მსგავსი პროდუქციის „მაძებარ” მომხმარებელს. ასე ვთქვათ, მილიონი ადამიანის ყურადღების არეალში აქცევს ამა თუ იმ ნივთს.

სხვა, მსგავს პლატფორმებს რაც შეეხება, ყველაზე დიდი მარკეტფლეისია Amazon… თუმცა ის უფრო მეტად ორიენტირებულია მასობრივი წარმოების ნივთებზე, ტექნიკაზე და ა. შ. ასე ვთქვათ, სულ სხვა მასშტაბისაა და განსხვავებული კონცეფცია აქვს. ხოლო Etsy ხელნაკეთ, უნიკალურობაზე დაფუძნებულ პროდუქციაზეა ორიენტირებული… თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან დიდი ასორტიმენტია განთავსებული — დაწყებული ავეჯით, დასრულებული სათამაშოებით, ვინტაჟური ნივთებითა და ციფრული პროდუქტებით.

მთლიანობაში, Etsy მეტად ორიენტირებულია შემოქმედ ადამიანებზე და მისი მთავარი მიზანია, ხელოვანებს, მეწარმეებს, მცირე ბიზნესების მფლობელებსა და, ზოგადად, საინტერესო პროდუქციის შემქმნელებს მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციაში დაეხმაროს.

მეწარმეებისა და ბრენდების მხრიდან რომ შევხედოთ, ახლა, როცა Etsy საქართველოს ბაზარზე დაბრუნდა, რა ახალი შესაძლებლობები მიეცემათ მათ?

ზოგადად, ამაზონთან ერთად, კიდევ ერთ პლატფორმაზე ვასწავლით ქართველებს ექსპორტზე გასვლას. ესაა Shopify, სადაც დამოუკიდებელ, პროფესიონალურ ვებგვერდს ქმნიან, შემდეგ კი გუგლსა და სხვა საძიებო სისტემებში ახორციელებენ გაყიდვებს. ამიტომაც მოდით, განვიხილოთ ამ სამ პლატფორმას შორის განსხვავება.

მაგალითად: Etsy-სა და Amazon-ს შორის განსხვავება არის ის, რომ მეორე უფრო დიდი ზომის წარმოებაზეა გათვლილი და სასურველია პროდუქციის დასაწყობება. შესაბამისად, მეწარმეს, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს, ყოველთვის წინასწარ ვერ ექნება წარმოებისა თუ დასაწყობების ხარჯი; ასევე, ამაზონს უფრო რთული ინტერფეისი აქვს — შედარებით ძნელად სანავიგაციოა უშუალოდ მეწარმეებისთვის.

Etsy კი ყველაზე მარტივი პლატფორმაა მეწარმისთვის გაყიდვების დასაწყებად. ზოგადად, ვისაც მარტივად სურს საკუთარი პროდუქციის გაყიდვა და არ აინტერესებს ელექტრონული კომერცია, სწორედ ამ პლატფორმით უნდა დაიწყოს.

რაც შეეხება გაყიდვების კიდევ ერთ წყაროს — Shopify-ს — აქ აქვთ საშუალება, რომ ააწყონ უცხოური და საერთაშორისო ონლაინ მაღაზია და იქიდან დაიწყონ გაყიდვა. მარტივად რომ ვთქვათ, ეთსიზე გაცილებით სწრაფად იმართება გაყიდვის პროცესები, რადგან ის ონლაინ ბაზარს წარმოადგენს, ჰყავს მომხმარებელთა მუდმივი ნაკადი და შედარებით ადვილია სასურველ სეგმენტზე გასვლა. კიდევ ერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ეთსიზე არ ხსნი პირად ვებგვერდს, არამედ მხოლოდ ონლაინ მაღაზიას — ერთ გვერდს და იწყებ პროდუქციის განთავსებას.

მარტივად რომ შევაჯამოთ, Etsy არის სპეციალურად მეწარმეებისთვის შექმნილი პლატფორმა — მათ არ მოეთხოვებათ ტექნიკური ცოდნა ან გამოცდილება… ამიტომაც, მაქსიმალურად გამარტივებულია ყველაფერი შიდა რეკლამის მიმართულებითაც.

თუ არის რამე კონკრეტული მახასიათებლები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ მეწარმეებმა მეტი სარგებლის მისაღებად როცა Etsy-ზე ათავსებენ პროდუქციას?

Etsy-ს, ისევე როგორც ყველა სხვა პლატფორმას და ონლაინ ბაზარს, აქვს თავისი ალგორითმი და იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია საძიებო სისტემაში გამოჩნდეს, ე. წ. ლისთინგების ოპტიმიზაცია გვჭირდება. ეს ცალკე მიმართულებაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პლატფორმაზე ხილვადობის მოსაპოვებლად — კერძოდ, მომხმარებელს უნდა შეეძლოს, კონკრეტული სიტყვის ჩაწერით მოძებნოს სასურველი პროდუქცია.

ამავდროულად, ეთსის ალგორითმი პერიოდულად ახლდება და თვალყური უნდა ადევნოთ, რომ შესაბამისად გაუკეთოთ ოპტიმიზაცია თქვენს პროდუქციას. ასევე მნიშვნელოვანია პროდუქციის ვიზუალური მხარე, ფოტო და ვიდეო კონტენტი.

4 თებ. 2025